თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ლადო ბოჟაძემ განცხადება გააკეთა და ოპოზიციის მიერ ბოიკოტის გამოცხადებას გამოეხმაურა.
„მინდა ჩვენს ოპოზიციონერებს, უფრო სწორად, ცარიელ ადგილებს, რომლებსაც ხედავს ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა, გადავცე გლდანელების, ნაძალადეველების, საბურთალოელების და დედაქალაქის სხვა მაცხოვრებლების დანაბარები: იქნება სადმე დაენახოთ დედაქალაქის მოსახლეობას. საკრებულოში თქვენ არ დადიხართ, არ დადიხართ არც კომისიის სხდომებზე. საქმე თქვენ არ გაგიკეთებიათ და საარჩევნო კამპანიის პერიოდში მაინც დაენახეთ საზოგადოებას.
მესმის, რომ მისასვლელი პირი არ გაქვთ და მხოლოდ საზღვარგარეთის გულის მოგება და სხვისი დავალებების შესრულება გაინტერესებთ. რატომ მოატყუეთ ჩვენი მოსახლეობა 2020 წელს, საკრებულოში არჩევის შემთხვევაში რომ რაიმე სასიკეთოს გააკეთებდით?! აღარ აპირებს საქართველოს მოსახლეობა მოტყუვდეს 2024 წლის 26 ოქტომბერს და ისევ ასეთი ცარიელი ადგილები, არაფრის გამკეთებლები აირჩიოს საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
როგორც უმრავლესობის წევრმა ლადო ბოჟაძემ აღნიშნა, არჩევანი ძალიან მარტივი გასაკეთებელია, ყველა ძალიან კარგად ხედავს იმ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას.
„ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ ის გამოწვევები და საფრთხეები, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. მე პირადად ის დავალება, რომელსაც ვისმენ დედაქალაქში და ჩემი კოლეგები ისმენენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირნათლად უნდა შევასრულო. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში. შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა. გავაგრძელოთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება. არავის მივცეთ საშუალება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი. ჩვენ ვემზადებით ქართველ ხალხთან ერთად არჩევნებისთვის, გამარჯვებისთვის, თქვენ კი ემზადებით 27 ოქტომბრისთვის, არეულობისთვის, დესტაბილიზაციისთვის, სისხლიანი რევოლუციისთვის. თუმცა იცოდეთ, რომ არც ქართული სახელმწიფო და არც ქართველი ხალხი ამის საშუალებას არ მოგცემთ. ყველას მოვუწოდებ მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ ის არჩევანი, რომელიც იქნება ერთადერთი ღირსეული, რადგან ღირსეულად გააგრძელოს ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობითა და კეთილდღეობით წინსვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ“, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |