„მაკკეინის ინსტიტუტის” ანგარიშის მიხედვით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს, რაც მათი მტკიცებით, ამომრჩევლებს რეალურად აჩვენებს „ქართული ოცნების” მთავრობის ქმედებების შედეგს. ამის შესახებ საუბარია „მაკკეინის ინსტიტუტის” გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებულ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, ეს დოკუმენტი ეფუძნება „საქართველოს მეგობრების“ მისიას თბილისში, რომელიც 2-8 სექტემბერს შედგა.
ანგარიშში ჩამოთვლილია შვიდი ქმედება, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა განახორციელონ საქართველოს არჩევნების წინ; მათ შორისაა: ევროკავშირის მიერ „ქართული ოცნების” ლიდერებისთვის სამოგზაურო სანქციების შემოღება, აშშ-ის კონგრესში „ქართული ოცნების” მთავრობის ანგარიშვალდებულების დემონსტრირებისთვის კანონმდებლობის წინ წაწევა, აშშ-ის მთავრობის მხრიდან „ქართული ოცნების“ ცალკეული ლიდერებისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, პირადი და ფინანსური სანქციების დაწესების შესაძლებლობის განხილვა, მედიის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდა.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „ევროკავშირმა შეიძლება, განიხილოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება ქართველებისთვის. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი საკამათოა, რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დამაჯერებლად უთხრა მისიას, რომ ეს ქმედება რეალურად აჩვენებდა ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებების შედეგებს.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „აშშ-ისა და ევროკავშირის საერთაშორისო დახმარების სააგენტოებმა უნდა დაუჭირონ მხარი ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და არ შეასრულონ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონი, ხოლო „აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერებმა საჯაროდ უნდა გამოთქვან სერიოზული ეჭვები ნებისმიერი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობის შესახებ, რომელიც ჩატარდება მიუკერძოებელი დაკვირვების შეზღუდვისა და წარუმატებელი საარჩევნო რეფორმის ფონზე.”
ანგარიშში ასევე მოცემულია რეკომენდაციები არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, რომელთა შორისაა არჩევნების სამართლიანობის შესახებ სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიგნებების მხარდაჭერის აუცილებლობა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |