მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია. სატიტულო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩემპიონმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის იბრძვის და ქართველი გულშემატკივრების გახარებით ბედნიერია.
„პირველი ემოცია საოცარი იყო, თავს ვერ ვაკონტროლებდი. როდესაც წამოვდექი, მაშინ გავაცნობიერე, რომ ქამარი ჩემი იყო და ჩემპიონი ვიყავი. ახლა ვაანალიზებ, რაც მოხდა. სამი ყოფილი ჩემპიონი დავამარცხე, შონი მეოთხე იყო. ეს ჩვეულებრივი დღეა, უბრალოდ მე ქამარი მაქვს.
ბრძოლის დაწყებისას ო’მალის მწვრთნელი უპატივცემულობას გამოხატავდა. საერთოდ, არ მჩვევია, მეტოქის კუთხესთან კომუნიკაცია, თუმცა ამის შესახებ მსაჯს ვუთხარი, რადგან ის არ ჩერდებოდა. ფეხბურთში ან კალათბურთი იგივე რომ გააკეთო, დისკვალიფიკაციას მიიღებ.
შონ ო’მალისთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ დომინირება და იმის ჩვენება მსურდა, რომ მისი გატეხვა შემეძლო. მეტოქეს პატივს ვცემ, იმის მიუხედავად, რა თქვა ჩემზე. ის ბევრს შრომობს, ვფიქრობ, უფრო ძლიერი დაბრუნდება.
არენა ბრწყინვალე იყო, სრულიად განსხავევებული გამოცდილება იყო ჩემთვის „სფეროში“ ბრძოლა. თუმცა, საკუთარ თავზე კონტროლს არ ვკარგავდი და საქმეზე ვიყავი ორიენტირებული.
ქართველი ვარ, საქართველომ ყველაფერი მომცა, ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და მზად ვარ, მისთვის თავიც გავწირო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველი გულშემატკივრები გავახარე“, – განაცხადა დვალიშვილმა.
პრესკონფერენციის ბოლოს მან ქომაგებს ქართულად მიმართა: „საქართველო, მიყვარხარ, ჩვენ ეს შევძელით, მალე შევხვდებით“.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |