სეოკ-ის პრეზიდენტმა, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელმა ლერი ხაბელოვმა ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა.
ხაბელოვის თქმით, უფრო მეტი მოლოდინი ჰქონდა ყველას, თუმცა დიდი წარმატებაა, რაც ძიუდოს ნაკრებმა შეძლო.
„დღეს იყო ბოლო გუნდური შეჯიბრი. დასრულდა ძიუდოისტების გამოსვლა. ხელი მოგვეცარა იტალიელებთან. ძალიან კარგად მიდიოდა შეხვედრა, თუმცა, შავდათუაშვილმა ვერ შეძლო იტალიელი სპორტსმენის დამარცხება. უნდა აღინიშნოს, რომ შეჯიბრისგან განსხვავებით, პირადში ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ. სამი მედალი მოვიპოვეთ, სამი ფინალისტი გვყავდა. პირველი, ჩვენი ოქროს მედალოსანი ლაშა ბექაური, რომელიც მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და საქართველოს ძიუდოისტთა ისტორიაში არის პირველი სპორტსმენი, ვინც მიაღწია ამ დიდ წარმატებას. რაც შეეხება გრიგალაშვილის გამოსვლას, მეტს მოველოდით, რადგან გვქონდა განცდა, რომ აუცილებლად ოქროს მედალს მოიპოვებდა. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ოლიმპიური თამაშები განსხვავებული ღონისძიებაა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებისგან. აქ იმარჯვებს ის, ვინც მომზადებულია ფსიქოლოგიურად. წარმატებაა მეორე ადგილიც, მაგრამ სამგზის ჩემპიონისგან მეტი მოლოდინი გვქონდა.
რაც შეეხება ილია სულამანიძეს, მაყურებელმაც და ჩვენ ყველამ ვნახეთ, ლამის მოგებული შეხვედრა როგორ წააგო. საბოლოო ჯამში, ძალიან დიდი წარმატებაა სამი ფინალისტი და ორი ვერცხლის და ერთი ოქროს მედალი. მადლობა მინდა გადავუხადო ძიუდოს ფედერაციას გაწეული სამუშაოსთვის და მივულოცო ყველას ეს წარმატება. ყველაფერი წინ გვაქვს და ჩვენს სპორტსმენებს ვუსურვებთ წარმატებას“, - აღნიშნა ხაბელოვმა.
საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე გამოსვლა სამი მედლით დაასრულა. ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა ლაშა ბექაურმა. ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე კი ვერცხლის მედალოსნები გახდნენ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |