სტატიები
ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, მთავრობა „აკრიტიკოს“, მთავრობის გამოწვევაა მუდმივი რისკის „დანის პირზე“ ან „ბეწვის ხიდზე“ იაროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2585 08 მაისი 2020, 18:16

ვირუსი და ქართული პოლიტიკა, რა გავლენას ახდენს კორონა მთავარ მოთამაშეებზე და მიიყვანს თუ არა შედეგი ოპოზიციას გუბაზ სანიკიძის მიერ დაანონსებულ რევოლუციამდე. და მიიყვანს თუ არა რეფორმები სააკაშვილს ვერტიკალურ წარმატებამდე, ამ საკითხებზე ONGO ისტორიკოსი და ჟურნალისტი დათო გამცემლიძე ესაუბრა. 

_ დავით, შენი აზრით, რისთვის დასჭირდა სააკაშვილი ზელენსკის? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

_ სააკაშვილის გარშემო ატეხილი „უკრაინული დავიდარაბა“ იმის დადასტურება გახდა, რომ ზელენსკის ძალიან სჭირდებოდა მიშა თავის გუნდში. იმდენად, რომ რისკზე წავიდა და კინაღამ ფრაქციის დაშლა მიიღო „მომხრეებად“ დ „მოწინააღმდეგეებად“. ამით დადასტურდა მისი სისუსტე, რაკი საკუთარმა ფრაქციამ, საბოლოოდ არ დაუჭირა მხარი მის იდეას მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნაზე. ეს ხომ ზელენსკის იდეა იყო და არა სააკაშვილის? ამის შემდეგ მიშა ინიშნება რეფორმათა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად ანუ ერთის მხრივ ზელენსკის სურს სააკაშვილი იყოს მასთან და არა მის კრიტიკოსთა რიგებში, თუმცა მეორეს მხრივ საბოლოოდ ისეთი თანამდებიბა შესთავაზა, რაც მისი გათვლით,გამორიცხავს სააკაშვილის ინიციატივებს და მას მხოლოდ სხვის ინიციატივათა „აღმასრულებლად“ აქცევს. უახლოესი 1 წლის განმავლობაში დავრწმუნდებით, რამდენად......„გულუბრყვილო“ იყო ეს გათვლა: თუ რეფორმები იმ მოდელით არ წარიმართბა, რაც სააკაშვილს მიაჩნია მიზანშეწონილად, იგი ამ თანამდებობაზე დიდხანს არ გაჩერდება, ჩაატარებს ხმაურიან პრესკონფერენციას და გადავა ოპოზიციაში, ანუ ზელენსკი ( თუ რადიკალურ რეფორმებს დააგვიანებს) მიიღებს უარეს შედეგს ისევე, როგორც პოროშენკომ.   

_ რამდენად იზიარებ ოპოზიციის განწყობას საგანგებო მდგომარეობასა ან და რეგულაცია/შეზღუდვებთან დაკავშირებით? ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება კოვიდ19 საარჩევნოდ იყენებს. 

_რა თქმა უნდა „გამოიყენებს“ ისევე, როგორც გამოიყენებდა ნებისმიერი ხელისუფლება და იყენებდა წინა ხელისუფლებაც ასეთი მასშტაბის კრიზისებს. 

პირველ რიგში იმას „გამოიყენებს“, თუ კვლავინდებურად მოახერხებს ეპიდემიის „დაჭერას“ ამჟამინდელ დონეზე, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა ჯერ ათასსაც არ აღწევს. 

მაგრამ ოპოზიციის ძალიან ძლიერი არგუმენტია, რაც შესაძლოა ხელისუფლებას მძიმედ „შემოუტრიალდეს“, რომ ხალხი ნამდვილად დაიტანჯა ამ შეზღუდვებით და კარანტინით! 

იგი ამ თანამდებობაზე დიდხანს არ გაჩერდება, ჩაატარებს ხმაურიან პრესკონფერენციას და გადავა ოპოზიციაში, ზელენსკი ( თუ რადიკალურ რეფორმებს დააგვიანებს) მიიღებს უარეს შედეგს
დათო გამცემლიძე
ექსპერტი

ამიტომ მთავრობა იძულებულია შეზღუდვები თანდათან შეამსუბუქოს მაშინ, როდესაც ეპიდემიის პიკი, სპეციალისტთა განცხადებებით, ჯერ სულაც არ არის „გადავლილი“. თეორიულად ამას შესაძლოა მოჰყვეს ეპიდემიური აფეთქება. ანუ ხელისუფლება „ორ ცეცხლ შუა“ აღმოჩნდა: შეზღუდვების შენარჩუნებაც რისკია და მათი გაუქმებაც საშიშია. მაგრამ ეს ხელისუფლების თანამდევი პრობლემაა: ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, მთავრობა  „აკრიტიკოს“, მთავრობის გამოწვევაა მუდმივი რისკის „დანის პირზე“ ან „ბეწვის ხიდზე“ იაროს. 

ჯერ ჯერობით ხელისუფლებას აქვს უპირატესობა. ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მაისის და განსაკუთრებით ივნისის განმავლობაში. 

_ შენ აქტიურად ადევნებ თვალს სხვა ქვეყნების ხელისუფლებების რეაქციებს, როგორ ფიქრობ, რა სახის შეზღუდვა/რეგულაციები შეიძლება ჩავთვალოთ გადამეტებულად, უსარგებლოდ?

_მსოფლიოში დღეს სულ სამი მიდგომა და „პროტოკოლი“ არსებობს, თუ როგორ გაუმკლავდნენ „გვირგვინას“ ეპიდემიას. 

პირველი, პირობითად, „ახალზელანდიური“, მეორე, ასევე პირობითად „შვედური“, მესამე, „იტალიური“.

ყველაზე უარესია მესამე მოდელი, როდესაც აგვიანებენ საკარანტინო ზომების მიღებას, იმავდროულად ატარებენ მასობრივ ტესტირებას, კატასტროფულად ტვირთავენ კლინიკებს, ამით მასობრივად აინფიცირებენ ექიმებს და იღებენ გარდაცვლილთა შემზარავ სტატისტიკას.

ჯერ ჯერობით ხელისუფლებას აქვს უპირატესობა. ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები

რაც შეეხება მეორე მოდელს, რომელიც შვედეთმა აირჩია თავიდანვე და ახლა ბელორუსის ავტორიტარი მმართველი ლუკაშენკოც ახორციელებს, იგი გულისხმობს ე.წ. „ჯოგური იმუნიტეტის“ გამომუშავებას - მოწყვლადი ჯგუფებისადმი რისკის მიუხედავად. თუმცა, როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით არც „ჯოგური იმუნიტეტი“ გამომუშავდა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება. 

ინგლისის მთავრობამ საერთოდ კატასტროფული შეცდომა დაუშვა: პრემიერმა ჯონსონმა სცადა თავის ქვეყანაში (სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე ხუთჯერ მეტია ვიდრე შვედეთში) „ჯოგური იმუნიტეტის“ გამომუშავების გზით წასულიყო, მაგრამ საშინელი შედეგი მიიღო და კინაღამ თავად გადაჰყვა ამ „ჯოგური იმუნიტეტს“.

თუ ობიექტურნი ვიქნებით, ყველაზე მიზანშეწონილი გამოდგა „ახალზელანდიური მოდელი“, რაც ხორციელდება საქართველოში. 

ამ მოდელის თანახმად, სპეციალურად არ ტარდება მასობრივი ტესტირება, ანუ არ ხდება ყველა იმ ავადმყოფის გამოვლენა, ვისაც აქვს Covid-19-ის მსუბუქი ფორმა, რათა არ გადაიტვირთოს კლინიკები და არ შეიქმნას „ექიმთა კლასტერი“, რამაც ლამის დაღუპა იტალია;  ამავდროულად კლინიკებში თავსდებიან მხოლოდ ის პაციენტები, ვისაც აქვთ დაავადების სიმპტომები; ხოლო იმ მიზნით, რათა „მსუბუქმა, უსიმპტომო ავადმყოფებმა“  არ დაასნებოვნონ ჯანმრთელები სოციალური აქტივობისას, ქვეყანაში მყარდება მკაცრი კარანტინი, საგანგებო მდგომარეობა, ქალაქების ჩაკეტვა,  საავტომობილო მოძრაობის აკრძალვა, კაფე-ბარების და მაღაზიების დახურვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება და ა.შ. შედეგი ვიცით, -  არ არის ურიგო.  

თუ ობიექტურნი ვიქნებით, ყველაზე მიზანშეწონილი გამოდგა „ახალზელანდიური მოდელი“, რაც ხორციელდება საქართველოში
 


მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ ხელისუფლებამ დააგვიანა შეზღუდვების მოხსნა, ეს წარმატება „უკან შეუტრიალდება“: საქართველო არ არის ახალი ზელანდია და სასაცილო ზღაპარია, თითქოს ჩვენ, ქართველებმა, რაღაც განსაკუთრებული კანონმორჩილება და „დამჯერობა“ გამოვავლინეთ - საკმარისია კიდევ 2-3 თვე გაგრძელდეს ეს მკაცრი კარანტინი და უმალვე დავრწმუნდებით, რით განსხვავდება საქართველო ახალი ზელანდიისგან, რომელიც ანგლოსაქსურ ეთნო-სოციალურ კულტურას ეფუძნება.

ცალკე „მოდელია“ კიდევ ჩინეთი, მაგრამ ეს სრულიად განსაკუთრებული და ატიპიური მოვლენაა, რაკი სწორედ იქ მოხდა ეპიდემიური აფეთქება, იქ დაიწყო ეს საშინელება  და ჩინეთი აშკარად ცდილობდა „მიეჩქმალა“ მასშტაბები, შედეგ კი დრაკონული ზომები მიიღო.

_ რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, როგორ შეაფასებ მას? რა მთავარ პოზიტიურ აქცენტებს გამოყოფდი და რა ნეგატიურს? 

_ჩემი აზრით, ამ ანტიკრიზისული გემის უმთავრესი ნაკლი ისაა, რომ სოციალური დახმარების პაკეტი ბევრად გასაგებად არის აღწერილი, ანუ მთავრობა გვეუბნება, რამდენს გადაუხდის უმუშევრად დარჩენილებს, მაგრამ ბუნდოვანი და გაუგებარია, როგორ დაეხმარება ბიზნესს, მათ შორის მცირე ბიზნესს.

 „დახმარებაში“ ვგულისხმობ არა იმას, რომ ინდმეწარმენი მიიღებენ სოციალურ დახმარებას 3 თვის განმავლობაში, არამედ ბიზნესის მასშტაბურ მხარდაჭერას, რათა მან შეძლოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება. 

თუკი ლაპარაკია 3 მილიარდი დოლარის „პაკეტზე“ მაშინ ალბათ ბევრად მიზანშეწონილი იქნებოდა ეს თანხა სწორედ სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად დახარჯულიყო, რადგან ადამიანისთვის ყოველთვიური ორასი ლარის მიღებაზე ბევრად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილი შეინარჩუნოს. 

რასაკვირველია ვგულისხმობ არა უშუალოდ კარანტინის პერიოდს, არამედ „პოსტკრიზისულ“ ეპოქას, რომელიც, იმედია, ივნისიდან დაიწყება. მათ შორის საქართველოშიც.

თუკი ლაპარაკია 3 მილიარდი დოლარის „პაკეტზე“ მაშინ ალბათ ბევრად მიზანშეწონილი იქნებოდა ეს თანხა სწორედ სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად დახარჯულიყო

მით უმეტეს, რომ საქართველო, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, ჩამოყალიბდა, ფაქტიურად „მონოინდუსტრიულ“ ქვეყნად, რომელიც მეტისმეტად დამოკიდებულია მხოლოდ ტურიზმზე. 

და მისი „გადაწყობა“ ურთულესი ამოცანაა. შეუძლებელიც კია, თუ მთავრობამ სწორედ ამ ინდუსტრიაში არ „ჩაასხა“ მნიშვნელოვანი სახსრები უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში.

_გუბაზ სანიკიძემ უკვე მეორედ დაუკავშირა ეპიდემია რევოლუციას, ფიქრობ რომ ხელისუფლება დაუშვებს ამის შესაძლებლობას? საერთოდ, რაზეა ეს დამოკიდებული მხოლოდ ხელისუფლებაზე?

_თუ „რევოლუციაში“ გუბაზ სანიკიძე გულისხმობს მომავალ არჩევნებს, ეს კიდევ გასაგებია და ნამდვილად შეიძლება ისე მოხდეს, რომ მკაცრი შეზღუდვებით უკმაყოფილო ელექტორატი ალტერნატივისკენ „გადაიხაროს“ ,თუ მთავრობა ზუსტად ვერ შენიშნავს, როდის სჯობს ამ შეზღუდვების მოხსნა.

 მაგრამ „რევოლუციის“ რესურსი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც გუბაზ სანიკიძე წარმოადგენს, ნამდვილად არა აქვს. „ორჯერ იმავე მდინარეში შესვლა“ შეუძლებელია. სხვა „რევოლუციურ ძალას“ კი მე ვერ ვხედავ

_ შენი დაკვირვებით, ეპიდემიამ სად დააფიქსირა სუსტი რგოლი ხელისუფლებაში და რითი ხსნი ამ სისუსტეს, ცუდი კადრებით თუ სხვა ობიექტური მიზეზია?

_რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ყველაზე სუსტი რგოლი დაფიქსირდა სწორედაც საზოგადოებრივი კომუნკაციის სფეროში. განსაკუთრებით „პროფილური მინისტრის“ აქტივობის თვალსაზრისით, რომელიც ძალიან არადამაჯერებელი იყო. შესაბამისად, პირველ პლანზე წამოსწიეს ექიმები და ეპიდემიოლოგები

_და კიდევ: ოპოზიციის შეთავაზებიდან რომელი უნდა გაეთვალისწინებინა ხელისუფლებას?

_თუკი ოპოზიცია სულ უფრო აქტიურად მოითხოვს საკარანტინო შეზღუდვების მოხსნას იმ ვითარებაში, როდესაც „ეპიდემიური აფეთქების“ საფრთხე ასე თუ ისე შემცირდა, ხელისუფლების მხრიდან „პოლიტტექნოლოგიურადაც“ გონივრული ნაბიჯი იქნებოდა უფრო სწრაფად დაეწყო „ქვეყნის განთავისუფლება“. 

მით უმეტეს, რომ აკრძალვების აღდგენა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში სრულიად შესაძლებელია, ოღონდ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდებოდა ყველა პოლიტიკურ ძალაზე.

რეალურად, უმთავრესი გამოწვევა ამჟამად მაინც ანტიკრიზისული პროგრამაა. მისი დადებითი ან უარყოფითი აღქმა მოსახლეობის მიერ დიდად განსაზღვრავს ოქტომბრის არჩევნების შედეგს. 

ჩემი აზრით მთავრობას აქაც „წინმსწრებად“ უნდა ემოქმედა და მიეღო ოპოზიციური  წინადადება ინტერპარტიული საბჭოს შექმნის შესახებ, რაც ასევე ქმნიდა სოლიდარული პასუხისმგებლობის მექანიზმთა შექმნის საშუალებას.



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი