78
20 ივლისი 2024, 23:17
პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის აგებული ოლიმპიური სოფელი ოფიციალურად გაიხსნა და პირველი სტუმრებიც მიიღო. მათ შორის არიან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი, სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.
პარიზის ჩრდილოეთით აშენებულ ოლიმპიურ სოფელში დაახლოებით 14,5 ათასი ადამიანი შესახლდება, მათ შორის - 9 ათასზე მეტი სპორტსმენი. ოლიმპიური სოფელი შედგება 82 ნაგებობისგან, სულ არის 3 ათასი ბინა, მთლიანობაში 7 200 ოთახით. ოლიმპიურ სოფელში არის სავარჯიშო დარბაზები და მოედნები, სამედიცინო კლინიკა, ფიტნეს კლუბი, გასართობი ცენტრი, სასადილო, რომელსაც შეუძლია დღის განმავლობაში 60 ათასი ულუფით მოემსახუროს სტუმრებს.
პარიზი-2024-ის ხელმძღვანელთა განმარტებით, ოლიმპიური სოფლის მშენებლობისას ბევრი სიახლე გამოიყენეს, რაც თავის მხრივ, მიმართული იყო ეკოლოგიურად სუფთა და სანიმუშო გარემოს შესაქმნელად. ორგანიზატორები სიამაყით აღნიშნავენ, რომ მობინადრეთა სიგრილისთვის ოლიმპიურ სოფელი არ საჭიროებს ჰაერის კონდიცირებას - ისეა მოწყობილი, რომ შიდა ტემპერატურა 6 გრადუსით ნაკლებია გარე ტემპერატურაზე.
სეოკ-ის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს საქმიანი შეხვედრები პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებთან, შესაბამის სამსახურებთან, ადგილზე მიიღეს აუცილებელი პირველადი ინფორმაცია, რათა ოპერატიულად გადაწყვიტონ ჩვენი ოლიმპიელების მიღება-დაბინავების, ვარჯიშის დაგეგმვის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, გაარკვიონ ოლიმპიურ შეჯიბრებებში მონაწილეობის ტექნიკური დეტალები. ამ შეხვედრებზე განიხილეს ყველა მთავარი საკითხი - მათ შორის, საბოლოოდ დაზუსტდა ჩვენი დელეგაციის პერსონალური შემადგენლობა, გახსნისა და დახურვის ცერემონიებში მონაწილეობის, ოლიმპიურ სოფელში შესვლისა და გამგზავრების პირობები. დასკვნითი შეხვედრა კითხვა-პასუხის რჟიმში მიმდინარეობდა და თითქმის სამ საათს გაგრძელდა.
ქართველი ოლიმპიელები იცხოვრებენ მეხუთე კორპუსში, მეორე-მესამე სართულებზე, ოლიმპიური მისიის მთავარი ოფისი და სამეციცინო ცენტრი კი პირველ სართულზეა განთავსებული.
ქართველ ოლიმპიელთა პირველი მცირერიცხოვანი ჯგუფი თბილისიდან 21 ივლისს გაემგზავრება, 25 ივლისს კი, გარდა მოჭიდავეებისა, ყველანი პარიზში იქნებიან. ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 26 ივლისს გაიმართება, 27 ივლისიდან კი ჩვენი სპორტსმენების ნაწილი უკვე ოლიმპიურ შეჯიბრებებში ჩაებმება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |