41
16 ივლისი 2024, 22:47
ყველასათვის ცხადია, რომ ომში ჩართვის შემთხვევაში, საქართველო უკრაინაზე მძიმე შედეგსაც კი მიიღებს. ამ შედეგის თავიდან აცილება არის უპირველესი ამოცანა, რომელიც 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მორიგი გამარჯვებით საბოლოოდ გადაიჭრება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, “გლობალური ომის პარტია” ძველ და ახალ „ნაციონალურ მოძრაობას“ იმიტომ ლობირებს, რომ ისინი ნებისმიერი დავალების შესრულებაზე, მათ შორის, ქვეყნის ომში ჩართვაზე მოაწერენ ხელს.
„გლობალური ომის პარტიის სურვილი ცხადია. რადგან დარწმუნდნენ, რომ ომში არ ჩავერთვებით და საქართველოს უკრაინის ბედის გაზიარებისთვის ვერ გავწირავთ, მათ აქვთ ბოლო მცდელობა, ხელისუფლებაში დააბრუნონ აგენტურა, უსამშობლო ადამიანების ერთობა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამ ნაბიჯს დავალების მიღებისთანავე გადადგამს. სწორედ ამიტომ ლობირებენ ისინი ძველ და ახალ „ნაციონალურ მოძრაობას“ - სააკაშვილს, გვარამიას, ზურაბიშვილს, ხაზარაძეს, გახარიას, ბოკერიას და სხვა უსამშობლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ნებისმიერი დავალების შესრულებაზე მოაწერენ ხელს. „ან იომებთ ან წახვალთ“ - ეს არის ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს სათანადო პასუხს გასცემს.“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ განმარტა, ქვეყანას მაქსიმუმ ერთი წელიწადი რჩება გადასატანი, რის შედეგადაც ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე კონკრეტულად საქართველოს მიმართ ინტერესი.
„გადასატანი გვრჩება მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. შესაბამისად, მთავარია, ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა დაუყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება და საქართველო გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |