სტატიები
მუდმივი ჩხუბი და სკანდალებია - „წვრილმანები“... სხვა მხრივ, მშვენიერო ელექტორატო, ყველაფერი მშვენივრად არის  
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1062 13 ივლისი 2024, 19:30


ქეთი ხატიაშვილი

შიში - ეს ერთადერთი სიტყვაა, რითაც ახლა ოპოზიციას აღვწერდი. ამ კონტექსტში ეს ტერმინი განსაზღვრება აღარ არის, ჩემთვის ის უკვე ქართული ოპოზიციის სინონიმია... 

როგორი სასოწარკვეთილი უნდა იყო, მედიას  თხოვნით მიმართო, ჩვენი - ოპოზიციონერების - ერთმანეთთან ჩხუბი და ერთმანეთთან დაპირისპირება პრობლემაა და არ გააშუქოთო... 

თანაც, საუბარი უბრალო ოპოზიციაზე კი არ არის, არამედ, პროევროპულ ოპოზიციაზე... ამაყად ჟღერს, მაგრამ როგორც კი შეხედავ როგორ კინკლაობენ ერთმანეთში ან როგორ აბულინგებენ ერთმანეთს, ხვდები, საუბარი ყველაფერზე შეიძლება პროევროპელობის გარდა...

თანაც, აქ საუბარი მედიაზე კი არ არის ზოგადად, არამედ, ოპოზიციურ მედიაზე. ვისაც პროპაგანდად ნათლავენ, ისედაც არ დადიან. მაგრამ ახლა, არც პარტნიორების სტუდიაში გრძნობენ თავს კომფორტულად - წარსულის გახსენება არ სურთ, დიდად არც საკუთარი აწმყო მოსწონთ: ამომრჩეველს ერთს პირდებიან, სხვას აკეთებენ...  

და კიდევ ერთი „თანაც“... ოპოზიციურმა მედიამ უნდა შეაყაროს მაყურებელს თვალებში იმედიც, რწმენაც და ბრძოლის სურვილიც... 

ინიციატორის ავტორი ზურაბ ჯაფარიძეა... 

ხომ არიან მხატვრები ერთი ხელის მოსმით რომ აცოცხლებენ პორტრეტს, უყურებ და რამდენიმე ხაზში სახის გამომეტყველებასაც იჭერ, განწყობასაც ამჩნევ, ხასიათსაც ურჩევ და იმასაც, თუ რა სურს რომ გითხრას... 

ჰოდა, მეტმა გირჩმა, თუ მეტმა თავისუფლებამ, თუ როგორც ჰქვია ზურაბს, სწორედ ასე, ამ ერთი ფრაზით დაგვანახა ოპოზიციის სასოწარკვეთილი სახე, შეშინებული თვალები, დაძაბული ნაკვთები და პესიმისტური განწყობა...

დააკვირდით რა გვითხრეს: ჩვენ გვეშინია ერთმანეთის დანახვა, გვეშინია ერთად დგომა, გვეშინია ერთად ბრძოლა, გვეშინია საკუთარი წარსულის, გვეშინია საკუთარი მომავლის.... 

ასეა, ეს ჩვენ გვგონია რომ პოლიტიკოს ვუყურებთ, რომელიც თავდაჯერებულია, ოპტიმიზმს ასხივებს, მაგრამ არა, ხელში პაციენტები შეგვრჩა... ფსიქოთერაპიის კურსს ჟურნალისტებისგან ითხოვენ... მათ უნდა აქონ, ადიდონ, გააკეთილშობილონ... შეცდომებსა და სკანდალებს ხელი დააფარონ, მაყურებელს თვალებზე ხელი ააფარონ... 

რომ ვერ ვიფიქროთ, ესენი თავისთვის აწმყოს ვერ აკეთებენ  და ჩვენთვის მომავალს როგორ ააშენებენო... 

ასეა, აწმყოში ვერაფერი გააკეთეს და შექმნეს, მომავლისკენ მაინც ამაყი სახით იწევენ... 

ჰო გახსოვთ ფრანგული სიმღერა მშვენიერ მარკიზაზე... ჩვენც ასე გვექცევიან... ვეკითხებით ოპოზიციას, აბა, როგორ არის საქმე? ისინი, საკუთარი ცისფერი ან ციფრული, ეკრანებიდან გვეუბნებიან; გამარჯვებისთვის - რამდენიმე წვრილმანს თუ არ ჩავთვლით - ყველაფერი მზად არისო.

და მერე, ამ „წვრილმანების“ ჩამონათვალი იწყება:

დიდი ოპოზიციური ერთობა არ შედგა, თორემ სხვა მხრივ, ძვირფასო ამომრჩეველო ყველაფერი ძვირფასად არის, გვეტყვიან დაღვრემილი თვალებით, მაგრამ გაუტეხელი ხმით ნაციონალები საკუთარ ამომრჩევლებს...

შემდეგ ცისფერ ან ციფრულ ეკრანებზე სხვა ოპოზიციონერები გამოჩნდებიან. ჩვენ ახლა მათ მოვუსმენთ, გვაინტერესებს რატომ მოხდა ასე, რომ მხოლოდ ილაპარაკეს, შედეგი ვერ დადეს.

„ლელო“ და გახარია იტყვიან, რომ ნაციონალების პარტიაში წარსულიდან გადმოყოლილი ტოქსიკური ნივთიერებები ისევ იწვის... ამ ხანძარში კი შესვლა არ უნდათ - ჩვენ, წარსულში მათ მიერ ჩადენილ საშინელებებზე, პასუხს ვერ ავიღებთო... სხვა მხრივ კი, ძვირფასო ამომრჩეველო, ყველაფერი კარგად არის და ჩვენ ძვირფასად გავიმარჯვებთო...


შემდეგ ახალი დეტალები გაირკვევა.

ლელოს ბიჭების პოლიტიკური ისტორია კი მოსწონთ, მაგრამ - გვარამია, ჯაფარიძე, ხოშტარია  და მელია - მათ პოლიტიკურ ამბიციებს ვერ ეგუებიან... ამიტომაც დახურულ კარს მიღმა დასხდნენ, რამდენიმე დღე საათობით ილაპარაკეს და ვერაფერზე შეთანხმდნენ...

ხაზარაძეს პარტიაც და გამარჯვებაც თავისთვის სურს - პრემიერი ის უნდა გახდეს... შესაძლოა, ყოფილი ნაციონალებისთვის ეს პრობლემა არ ყოფილიყო, მაგრამ მათ საკუთარი დამფინანსებელი ჰყავთ. ის პრემიერი ერთხელ უკვე იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა რომ გახდეს. საუბარი ნიკა გილაურზეა... მოკლედ, ერთმანეთს არაფერი დაუთმეს და დაიშალნენ...

„ლელოს“ მთავარ ბიჭს, მამუკა ხაზარაძეს, მხოლოდ პრემიერობა არ სურს... მას პოლიტიკური თამაშების ცენტრში დგომაც უნდა. და სანამ ის, თავის წარმოსახვაში, ხატავდა როგორი ძლევამოსილი, გავლენიანი და ყოვლისშემძლეა, რეალობა შეიცვალა - მარტო დარჩა.

ყველამ ვიღაცას ჩაკიდა ხელი, ყველამ ვიღაცას დაარქვა ბლოკი, ის კი ჯერჯერობით მარტოა. ამიტომაც ახლა, ის იძულებულია ისეთ ფიგურებს ელაპარაკოს, ვის მიმართაც ადრე მხოლოდ აგრესია ჰქონდა ან ცუდი მოგონებები აკავშირებდა. 

მაგრამ ახლა ეს ყველაფერი წვრილმანებია... ჩვენ ტრადიციულად გვითხრეს: სხვა მხრივ, ძვირფასო ამომრჩევლები, ყველაფერი ძვირფასად არისო...

მთელ ამ ისტორიას კიდევ ერთი, მისი აზრით, მთავარი ფიგურანტი ჰყავს.  პოლიტიკურ თამაშებში გიორგი გახარიაც მონაწილეობს. ისიც ყოფილი პრემიერის შლეიფით  თამაშობს... თუმცა, მისთვის გამარჯვება ოპოზიციის რიგების ან ამომრჩევლის, თუნდაც, გაორმაგება კი არ არის, არამედ, „ქართული ოცნების“ - ყოფილი პარტნიორების - გაკოტრება... 

ეკა ბესელიაც თვლის, რომ „ქართული ოცნების“ ხმებზე ნადირობა შეუძლია. სანადირო ფორმას ისიც ჩაიცმევს, მაგრამ ყველას ესმის, ბესელია ორმაგი აგენტივით არის - იმ ხმებს წაიღებს, რომელსაც თავად რომ არა, გახარია ისედაც წაიღებდა... 

ასე რომ, ახლა ისინი მიზანში ერთმანეთს ამოიღებენ, ხმებს ერთმანეთს წაართმევენ და ერთმანეთის წინააღმდეგ იმუშავებენ... 

სხვა მხრივ კი, ძვირფასო ამომრჩეველო, ყველაფერი ძვირფასად არის...




სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი