66
02 ივლისი 2024, 21:17
იქ [გერმანიაში] გვეუბნებოდნენ და ვერ აღვიქვამდით, თუ რა ხდებოდა საქართველოში, როგორი ბედნიერი იყო ხალხი. რომ ჩამოვედით და ვნახეთ ხალხის რეაქციები და ბებოები და ბაბუები როგორ იდგნენ და გულზე ხელს ირტყამდნენ, მადლობას გვიხდიდნენ და ბედნიერები იყვნენ, ძალიან დიდი სიხარული იყო ჩვენთვის, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქვილითაიამ მიხეილ მესხის სტადიონთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მადლობა პირველ რიგში. ბედნიერები ვართ. იქ [გერმანიაში] გვეუბნებოდნენ და ვერ აღვიქვამდით, თუ რა ხდებოდა საქართველოში, როგორი ბედნიერი იყო ხალხი. რომ ჩამოვედით და ვნახეთ ხალხის რეაქციები და ბებოები და ბაბუები როგორ იდგნენ და გულზე ხელს ირტყამდნენ, მადლობას გვიხდიდნენ და ბედნიერები იყვნენ, ძალიან დიდი სიხარული იყო ჩვენთვის. ამის მოლოდინი არ გვქონდა და იქ ვერ აღვიქვამდით სათანადოდ. მგონია, რომ ეს წარმატება [ევროპის ჩემპიონატზე] ბევრად მეტ შედეგებს მოიტანს მომავალში და არ მგონია, რომ ამ წარმატებაზე გაჩერება სწორი იყოს. აუცილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მსოფლიოზე გავიდეთ, მაგრამ ჯერ ეს წარმატება უნდა შევირგოთ, უნდა ვიყოთ ბედნიერები და ხვალიდან, ზეგიდან დავიწყებთ მაგაზე ფიქრს. გვქონდა განცდა, რომ არ იცნობდნენ ქართველ ფეხბურთელებს და კარგია, რომ ამ ტურნირზე გავედით, დააფასეს და გაიცნეს და გაიგეს, რომ თურმე ქართველებს ფეხბურთის თამაში შეგვიძლია და საკმაოდ კარგად“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ელოდნენ თუ არა ამ წარმატებას, ქვილითაიამ პოზიტიურად უპასუხა.
„მართლა საუკეთესო მეკარე გვყავს, საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს და რა თქმა უნდა ველოდით“, - აღნიშნა ქვილითაიამ.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები საქართველოში დღეს დილას დაბრუნდნენ. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე „ჯვაროსნების“ დახვედრის ღონისძიება გაიმართება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |