78
01 ივლისი 2024, 12:38
„ევრო 2024“-ზე საქართველოს ნაკრების მონაწილეობა, განსაკუთრებით კი ესპანეთთან გამართული მატჩი შეაფასა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ყოველი დასასრულით რაღაც ახალი იწყება.
დავით ქართველიშვილმა ტურნირზე საქართველოს მონაწილეობა პოლიტიკურ ჭრილშიც შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო „მტრის ზურგში" გადასროლილ დესანტს ჰგავდა, რომელსაც ჩასაფრებულები „კეთილმოსურნეები“ ესხმოდნენ თავს. კარგი და საიმედო აქ ისაა, რომ როგორც ქართველიშვილი წერს, ყველას პასუხი ტრიბუნებიდან და მოედანზე ერთიანობის დემონსტრირებით გაეცა.
„ყოველი დასასრულით რაღაც ახალი იწყება. ღირსების და თვითმყოფადობის დეფიციტში ჩვენს გუნდს ვერავინ დაადანაშაულებს. თვით ესპანეთიც კი, პირველ ტაიმში აშკარად „სასოწარკვეთილ დიასახლისებს" დავამსგავსეთ და ფსიქოლოგიური წონასწორობიდან გამოვიყვანეთ. რომ არა ჩვენს კარებში წესების დარღვევით გასული ბურთი პირველი ტაიმის მიწურულს, ჩვენი ბიჭებიც უფრო მოტივირებულები გამოჩნდებოდნენ მეორე ტაიმში, სადაც უკვე ჩატარებული უმძიმესი ტურნირის და ურთულესი მოწინააღმდეგეების გამო, ბუნებრივი გადაღლა დაგვეტყო.
ჩემთვის ამ ტურნირის მშვენება გახდებოდა კვარას მიერ თავდაჯერებული მეტოქისთვის მინდვრის ცენტრიდან გატანილი ბურთი - მაგრამ ამის გარეშეც უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გმირ-ბიჭებს.
პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო ფაქტობრივად „მტრის ზურგში" იყო ჩასული, არც არაფერს აკლებდნენ ჩვენს ბიჭებს და მწვრთნელს ადგილობრივი გესლიანი სვავები და ლეშიჭამიები. აი ყველა ესენი ერთად აღებულები კი, ჩვენ ნამდვილად დავამარცხეთ ტრიბუნებიდანაც და საფეხბურთო მოედანზე. და ამ წინსვლას ვეღარავინ შეაჩერებს!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |