გაერო-ს შშმ პირთა 17-ე ასამბლეაზე საქართველოს დელეგაცია ყურადღების ცენტრში იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აშშ-ში ვიზიტს აჯამებს.
როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, საქართველოში ახალი ინიციატივებით ბრუნდება.
„დასრულდა სამუშაო ვიზიტი ნიუ იორკში, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი, პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ფაქტია, საქართველოს დელეგაცია გაერო-ს შშმ პირთა 17-ე ასამბლეაზე ყურადღების ცენტრში იყო.
მნიშვნელოვანია, რომ 191 ქვეყანას გავაცანით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები როგორც ქართველი, ასევე აფხაზი და ოსი შშმ პირების მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა. ვიცი, გვისმენდნენ იქაც და აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვფიქრობთ მათზე და გვაწუხებს მათი ბედი. ასევე, გავაღრმავეთ თანამშრომლობა შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკის საერთაშორისო აქტორებთან და დავსახეთ თანამშრომლობის კონკრეტული გზები. საქართველოში ვბრუნდები ახალი ინიციატივებითა და შემართებით.
P.S. ცხადია, არავითარი სანქციები, მხოლოდ საქმე“, – წერს იონათამიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |