111
03 ივნისი 2024, 10:47
"ყველას გახსოვთ, თუ როგორ დაძაბულად მიმდინარეობდა დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში აშშ-ს კონგრესში პრეზიდენტ ბაიდენის მიერ უკრაინისათვის გამოყოფილი 61 მილიარდი დოლარის დახმარების დამტკიცება. ამ ხნის მანძილზე უკრაინის არმია შეიარაღების დიდ დეფიციტს განიცდიდა და ამ ქვეყნის ლიდერები ხან თხოვნამუდარით, ხან შეგონებებით და ხანაც უხეში ფორმებით მოითხოვდნენ აშშ-დან ამ დახმარების მიღებას," - სოციალურ ქსელში წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
"ბრძოლის წინა ხაზიდან უკრაინელი სამხედროები სინანულით აფიქსირებდნენ იმ სავალალო მდგომარეობას, რომელიც საბრძოლო მასალების „შიმშილმა“ გამოიწვია, აცხადებდნენ, რომ რუსების მიერ მათი მიმართულებით გასროლილ 10 ჭურვს ისინი მხოლოდ ერთი ჭურვის გასროლით პასუხობდნენ. ამის გამო კი უკრაინელთა რიგებში ბრძოლის ველზე გაღებული მსხვერპლის რაოდენობა კატასტროფულად იზრდებოდა.
ბოლოს, 6 თვის თავზე, ამერიკელმა კონგრესმენებმა საშობაო და ყველა სხვა სახის არდადეგები როდესაც დაასრულეს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მოწინააღმდეგე რესპუბლიკელები დემოკრატმა კონგრესმენებმა თავისი არგუმენტებით დაარწმუნეს დახმარების დამტკიცების აუცილებლობაში და მიმდინარე წლის მაისიდან უკრაინელმა მებრძოლებმა დაიწყეს აშშ-დან დაპირებული შეიარაღების მიღება. თუმცა, ჯერჯერობით ამას არ შეუცვლია სიტუაცია ბრძოლის ველზე.
ძალიან საინტერესოა, თუ რა იყო აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენების არგუმენტები, როდესაც ისინი ამ კოლოსალური თანხის უკრაინისთვის გადაცემის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ეს თანხები პირველ რიგში უნდა მოხმარებოდა მექსიკასთან საზღვრის გამაგრების სამუშაოებს ასევე ამერიკელი ხალხის საჭიროებებს და არ უნდა დაეხარჯათ სხვა ქვეყნის დასახმარებლად, რადგან მათი მთავარი ლოზუნგის („ამერიკა უპირველეს ყოვლისა!“) რეალიზაცია სწორედ ამერიკელ ხალხზე ზრუნვას უნდა უნდა გულისხმობდეს.
ამის საპასუხოდ, დემოკრატმა კონგრესმენებმა წამოაყენეს საპირისპირო არგუმენტები, რომლებმაც რესპუბლიკელები დაარწმუნეს იმაში, რომ უკრაინისათვის ასეთი მასშტაბური ხარჯების გაღება სწორედ ამერიკის მოსახლეობაზე ზრუნვის გამომხატველია და არა ვინმეს მიმართ გაწეული ქველმოქმედების აქტი. კერძოდ, როდესაც ამ დახმარების ყველაზე დიდი მოწინააღმდეგემ, კონგრესის სპიკერმა, რესპუბლიკელმა ჯონსონმა ახსნა, თუ რატომ შეიცვალა პოზიცია და რატომ მიემხრო ამ მასშტაბის დახმარების უკრაინისთვის გადაცემას, პირდაპირ განაცხადა: „ამერიკისთვის ჯობია, რომ ტყვიები მისცეს უკრაინელ ბიჭებს და ისინი წავიდნენ საომრად, ვიდრე ამერიკელი ბიჭები იხოცებდნენ ომში“. მოკლედ, საზარბაზნე ხორცი სხვა ქვეყნებში ვეძებოთ და არა ჩვენს ქვეყანაშიო.
გარდა ამისა, განაცხადა ჯონსონმა, ჩვენს მიერ რუსეთის წინააღმდეგ ომში გაღებული ნებისმიერ თანხის 90% ისევ ამერიკაში რჩება, რადგან ჩვენ უკრაინელებს ფულს კი არ ვაძლევთ, არამედ ჩვენს მიერ გამოყოფილი თანხის სამხედრო ტექნიკას და საბრძოლო შეიარაღებას, რომელიც ისევ აშშ-ში მზადდება და ეს თანხები ისევ ამერიკაში რჩება. ამავე დროს, ამ კოლოსალური ღირებულების საბრძოლო მასალისა და ტექნიკის წარმოებას დიდი ოდენობით მუშახელი სჭირდება, რაც ეხმარება ჩვენს სამშობლოს უმუშევრობის დაძლევაშიო.
პრინციპში ამერიკელების ასეთი მიდგომა არც ახალია და არც გასაკვირი. ყვლა ქვეყანა ხომ პირველ რიგში, საკუთარი ინტერესებისთვის ზრუნავს. გავიხსენოთ, რომ როდესაც ქართველი სამხედროები ამერიკელების ეგიდით მონაწილეობდნენ სამშვიდობო მისიებში ავღანეთში, ერაყში და სხვა ქვეყნებში, აშშ-ს პირდაპირი სარგებელი მაშინაც დოლარებში გამოიხატებოდა, რადგან ქართველი (და საქართველოს მსგავსად ნაკლებად განვითარებული სხვა ქვეყნების) ჯარისკაცებისთვის გამოყოფილი თანხა იმის მეათედს შეადგენდა, რასაც იგივე მისიებში მონაწილეობისთვის ამერიკელები თავისი ქვეყნის ჯარისკაცებს უხდიდნენ.
რაც შეეხება უკრაინას, ამ ქვეყნის ხელმძღვანელობას ისევ გადაწყვეტილი აქვს, რომ ბრძოლა გააგრძელოს უკანასკნელ უკრაინელამდე. როგორც ჩანს, უცხო ძალები არ აპირებენ მათთვის ხელის შეშლას ამ განზრახვის რეალიზაციაში. უფრო პირიქით, ომში გასაწვევთა ასაკმა ჯერ 27-დან 25 წლამდე ჩამოიწია, ახლა კი უკვე 18 წლამდე. გამოიცა ბრძანება, რომ 17 წლის ყველა ახალგაზრდა ბიჭი უნდა გამოცხადდეს სამხედრო კომისარიატებში აღრიცხვაზე დასადგომად და გასაწვევად მოსამზადებლად. ომში გაწვევისთვის თავის არიდების მცდელობისას უკვე ათეულობით უკრაინელი ახალგაზრდაა დაღუპული რუმინეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას. ხელისუფლება კი ევროპის ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ იქ მყოფი უკრაინელი მამაკაცები იძულებით დააბრუნონ უკრაინაში. საუბარია ქალების სავალდებულო გაწვევაზეც.
ვიღაცა იტყვის, აბა რა უნდა ქნას უკრაინის ხელისუფლებამ, უნდა იბრძოლოს სამშობლოს დასაცავად, აბა, ოკუპანტს ხომ არ დანებდაო. ხელისუფლების ვალდებულება არის ის, რომ სწორად გათვალოს მოსალოდნელი საფრთხეები და არ მიიყვანოს საფრთხე ერის გენოციდამდე და ტერიტორიების დაკარგვამდე, თორემ მერე, გაღებული ნებისმიერი მსხვერპლის მიუხედავად, შეიძლება სხვა გამოსავალი აღარ დარჩეს და საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი სტატუს კვო აღიაროს.
სწორედ ამ ყველაფრის თავიდან აცილებას ცდილობს და ახერხებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თავისი პოლიტიკით, რაც ბეწვის ხიდზე სიარულის ტოლფასია, ამის დანახვისა და დაფასების ნაცვლად, ხსვა ქვეყნის ინტერესებზე მორგებული, თავგაცხელებული, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისგან და მათი მრევლისგან პასუხად, ის მხოლოდ დაუმსახურებელ ლანძღვას იღებს," - აცხადებს ნანა კაკაბაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |