მოსალოდნელია WADA-ს ახალი სანქციები რუსი სპორტსმენების მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
755 01 მაისი 2020, 23:45

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ცნობით, მისმა დაზვერვით-საგამოძიებო ჯგუფმა (I&I) მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მონაცემებისა და ნიმუშების შესწავლის შემდეგ 298 რუსი სპორტსმენის მიმართ დაწყებული გამოძიება დაასრულა.

რუსების საქმეზე დეტალური ინფორმაცია გადაეცა 28 ანტისადოპინგო ორგანიზაციას (ADOs), მათ შორის 27 საერთაშორისო ფედერაციას (IFs) და ერთ მნიშვნელოვან საშეჯიბრო საორგანიზაციო კომიტეტს.

„ანტისადოპინგო ისტორიაში ეს იყო ყველაზე კომპლექსური გამოძიება. WADA-ს საგამოძიებო ჯგუფმა წარმოუდგენელად დიდი სამუშაო შეასრულა, რომელიც შეეხო ათასობით ნიმუშს, 24 ტერაბაიტის მოცულობის მონაცემს, 28 ორგანიზაციის ასეულობით ათლეტს. 5 წლის განმავლობაში WADA-ს საქმიანობაში რუსულ დოპინგ-კრიზისს მთავარი ადგილი ეკავა, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა. მოსკოვის ყოფილი ლაბორატორიიდან აღებული სინჯების განმეორებითი ანალიზი გრძელდება. ამ პროცესმა უკვე 57 შემთხვევა გამოავლინა და დღეს ის დადასტურების სტადიაშია,“ - განაცხადა WADA-ს პრეზიდენტმა ვიტოლდ ბანკამ.

რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს გენერალური დირექტორი იური განუსი არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო ფედერაციები ეჭვმიტანილ 298 ათლეტიდან ბევრს დასჯიან  და მოსალოდნელია მასობრივი დისკვალიფიკაციების ახალი ტალღაა.

2019 წლის იანვარში მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტოდან WADA-ს ექსპერტებისთვის მონაცემების გადაცემას დიდი ხმაური და 298 სპორტსმენისგან შემდგარი ეჭვმიტანილთა ჯგუფის გამოკვეთა მოჰყვა.

შარშან, 9 დეკემბერს WADA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის 2012-2015 წლების მონაცემთა ბაზის შეცვლასთან დაკავშირებული დოპინგ-სკანდალების გამო რუს სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე სახელმწიფო დროშით გამოსვლა 4 წლით აუკრძალა.

რუსეთს ასევე აეკრძალა ოლიმპიური თამაშების და მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლობა ან მათ ჩატარებაზე განაცხადის გაკეთება. გარდა ამისა, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო (RUSADA) მსოფლიო ანტისადოპინგო კოდექსთან შეუსაბამოდ სცნეს.

RUSADA-ს სადამკვირვებლო საბჭომ შარშან დეკემბერში WADA-ს რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის დაუთანხმებლობის შეტყობინება გაუგზავნა. RUSADA-ს შეტყობინების მიღების შემდეგ,  9 იანვარს WADA-მ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა.

 http://geonoc.org.ge/

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი