სტატიები
ის იმსახურებს ტიტულს „რკინის ლედი“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
3748 22 იანვარი 2020, 12:20

უგულავა აქტიური და აგრესიული, ბოკერია ჭკვიანი და სუსტი (გავლენები არა აქვს ელექტორატში), სააკაშვილი ხან ლიდერი და ხან ბელადი, ბურჯანაძე რკინის ლედი, ზურაბ ჯაფარიძე პროვოკაციული და თანამედროვე, გიორგი ვაშაძე ენერგიული და ამბიციური - სულ ეს არის ჯერჯერობით. დანარჩენები ოპოზიციაში მხოლოდ „სასარგებლო იდიოტები“ ან ტროლები არიან. 

ნინო ბურჯანაძე​ ერთადერთი ქალია ჩემს სიაში. როგორ შეიცვლება სურათი თუკი პოლიტიკაში ანი დოლიძე შემოვა ან თამარ ჩუგოშვილი დაბრუნდება, ამას ვნახავთ. რატომ გამოვარჩიე ნინო ბურჯანაძე?  ის ერთადერთია, ვინც ბევრი გამოწვევა მიიღო, გაუძლო, გადაიტანა და პოლიტიკაში გადარჩა. დანარჩენებმა ან პარტია გაყიდეს ან იდეები ან ღირებულებები... მოკლედ, ყველას თავისი პატარა სევდიანი ისტორია აქვს. მაგრამ ახლა ამ პოლიტიკოსების 1001 ისტორია გვერდით გადავდოთ. 

ბურჯანაძეს პოლიტიკაში ვარსკვლავური წუთი ერთხელ კი არა რამდენჯერმე ჰქონდა. პირველად, როცა პარლამენტში რეფორმატორებს გავლენების შენარჩუნებაში დაეხმარა და პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებში ვაჟა ლორთქიფანიძეს მოუგო. მეორედ და მესამედ პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა, აქაც რეფორმატორების გუნდში მათ ინტერესებს ატარებდა. ახლა პროდასავლურ ძალებს ის ისევ დასჭირდათ. მაგრამ როგორი იქნება ახლა მისი როლი და ფუნქცია? 


საინტერესოა, რომ ბურჯანაძე მათთვის ყოველთვის უცხო იყო. პოლიტიკურ თამაშში კარგად იყენებდნენ მაგრამ არ ენდობოდნენ. სხვათა შორის, თავის დროზე, ანგელა მერკელმა სააკაშვილის ხელისუფლებას ბურჯანაძის დიპლომატიაში გააქტიურება შესთავაზა - მისი მოძრაობის ტრაექტორია ბერლინი-თბილისი-მოსკოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ნაცელიტამ გერმანიის კანცლერის ეს ინიციატივა არ გაიზიარა. 

სხვა თემაა ვინ როგორ აფასებს, უყურებს ან ესმის ნინო ბურჯანაძის მოქმედებები პოლიტიკაში. მის მიმართ პრეტენზიებიც მომისმენია, ბრალდებებიც და ქათინაურიც. თუმცა, ჩვენი მიზანი ახლა ამის გაანალიზება არ არის. 

პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გამინუსებამდე მის პოლიტიკურ გზაზე დაცინვაც იყო, ირონიაც, აგრესიაც, სიძულვილიც და ზიზღიც კი

ნინო ბურჯანაძე ახლაც რთული გამოწვევის წინაშე დგას. ის ან მორიგ ჯერზე ითამაშებს სხვის თამაშს ან დამოუკიდებლად იმოქმედებს. თუმცა, პოლიტიკური პოლარიზაცია დამოუკიდებლობისთვის სივრცეს თითქმის არ ტოვებს. ეს არჩევანი მის წინაშე დგას და  

მთავარი ოპოზიციური პარტიები თავის გეგმებზე ღიად საუბრობენ, ეს გეგმა კი ასე ჟღერს: ერთად დავამარცხოთ ივანიშვილი, რომ მერე ერთმანეთი დავამარცხოთ. ეს ქართული პოლიტიკის მეოთხე სეზონია გამსახურდიას, შევარდნაძისა და სააკაშვილის შემდეგ, როცა ყველა ერთის წინააღმდეგ ერთიანდება და მერე ყველაფერი ისევ თავიდან იწყება. 

ახლა ნინო ბურჯანაძემ უნდა აირჩიოს მეხუთე სეზონში „სასარგებლო იდიოტის“ როლში იქნება თუ მაინც შეეცდება პოლიტიკაში დამოუკიდებლად იმოქმედოს. სასარგებლო იდიოტის როლის გარდა, სავარაუდოდ, მას პროდასავლელი პარტიები სხვა როლს არ მისცემენ. ახლა ის ქალბატონი ნინო ბურჯანაძეა, რომელსაც ანგარიშს უწევენ, მაგრამ მერე ის ისევ იქცევა მოღალატე „ბელა ჩაოდ“, რომელიც პრორუსია, პუტინის აგენტია და ასე შემდეგ. 


შემთხვევითი არ არის, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ის კი მიიპატიჟეს, მაგრამ, ნათელაშვილის, ბერძენიშვილების და თუნდაც სანიკიძისგან განსხვავებით, პრორუსის სტატუსი მაინც დაუტოვეს. ამ ტიტულის მიუხედავად ოპოზიცია მზად არის მასთან აქტიურად ითანამშრომლოს. მეტიც, საუბარია ყველა პარტიის ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებაზე. თუმცა, აქ მთავარი ოპოზიციური პარტიები სერიოზულ პრობლემას მიადგნენ. შავი კატის როლს ყოველთვის საარჩევნო სია თამაშობს. მოლაპარაკებების მაგიდასთან 30 პარტია ზის, მათ შორის უმრავლესობა ერთკაციანი პარტიებია, ეს კი სიის დაკომპლექტების წესზე შეთანხმებას ართულებს. ყველა პარტიის პირველ პირს სურს პირველ ათეულში მოხვდეს - ზოგისთვის ეს იმიჯის საქმეა, ზოგისთვის - პრინციპის, ბევრისთვის კი, პარლამენტში მოხვედრის გარანტია. 

მთავარი მოთამაშეების მთავარი გამოწვევაა ჯერ შექმნას ფორმულა, რომელშიც ჭრელ, პრეტენზიულ და ამბიციურ ფიგურებს ჩაატევს და შემდეგ, ისე შეფუთოს ისე, თითქოს მხოლოდ ეს ფორმულაა თითოეული მათგანის ნათელი პერსპექტივა.  

ვერსიები სხვადასხვანაირია. ერთ-ერთი პრაიმერის გულისხმობს. მეორე, უბრალოდ კენჭისყრის მეთოდს - როცა თითოეულს სიაში ექნება ის ნუმერაცია, რომელსაც თავად ამოიღებს. ასე რომ, ფორტუნამ თუ კიდევ ერთხელ გაუღიმა, არ არის გამორიცხული პროდასავლურ გაერთიანების ლიდერ ნინო ბურჯანაძეც გახდეს. 

ნინო ბურჯანაძეს ჩაცმულობით ყოველთვის ადარებდნენ ტეტჩერს, ახლა ის იმსახურებს ეპითეტს -  რკინის ლედი - ძალიან რთულ გამოწვევებს გაუძლო. პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გამინუსებამდე მის პოლიტიკურ გზაზე დაცინვაც იყო, ირონიაც, აგრესიაც, სიძულვილიც და ზიზღიც კი. და ალბათ, განსაკუთრებული სითამამე და ხასიათის სიმტკიცე გჭირდება, რომ ეს ყველაფერი გადალახო და ისევ პოლიტიკური კარიერის კიბეზე აღმოჩნდე. 
  
P.S.პოლიტიკური თამაშების სხვა ძირითად მოთამაშეებზე, სხვა წერილებში.

ქეთი ხატიაშვილი

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი