სტატიები
რადიკალები, უბედურები და დანა-ჩანგლის მოხმარების ტრადიცია პოლიტიკაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2082 17 მარტი 2021, 22:52

ქეთი ხატიაშვილი

ჯერ ფასილიტატორებს, ახლა კი მედიატორებსაც ალბათ ძალიან უკვირთ ამ, ერთი შეხედვით, დალაგებულად მოსაუბრე და პოლიტიკურ ლექსიკაში გარკვეულ ოპოზიციას რატომ არ ესმის, როგორ მუშაობს დემოკრატია. 2020 წლის არჩევნების შედეგები ყველამ აღიარა, ყველამ დასავლეთში. აი, რადიკალებსა და უბედურებს კი მარცხის აღიარება უჭირთ (უბედურებზე ცოტა ქვემოთ). არადა მოლაპარაკებების მაგიდასთან ჭკვიანური სახეებით სხედან, არც ჩაცმის ეტიკეტი ეშლებათ და არც სუფრის, მაგრამ რა ხდება „მაგიდის ქვეშ“?

დასავლეთს, როგორც ჩანს, არ სურს, დაიჯეროს, რომ საქართველო ჯერ ისევ მესამე სექტორის აქტორია. ამ სივრცეში კი სახლში ტრადიციებს იცავენ, გარეთ - ცივილიზაციას გულშემატკივრობენ. კონკრეტულ მაგალითში ეს ნიშნავს, რომ სახლში ხელით ჭამენ, სტუმრად - დანა-ჩანგლით.

ბოიკოტი, რევოლუცია, წაგების მიუღებლობა დემოკრატიაში სწორედ ხელით ჭამად იკითხება.

ისევ კონკრეტიკა: „ნაციონალური მოძრაობის“ დანა-ჩანგალი ფასილიტატორებთან გრიგოლ ვაშაძე იყო, მედიატორებთან - სალომე სამადაშვილი. ახლა ისიც ყოფილია. პირველივე ერთობლივი შეხვედრიდან ჩახსნეს და აკო მინაშვილი გაუშვეს. ისევე როგორც „ევროპულმა საქართველომ“ ჩახსნა დავით ბაქრაძე გიგა ბოკერიას სასარგებლოდ. როგორც ჩანს, სააკაშვილის პოლიტიკურ კლასტერში უპირატესობას რადიკალები ფლობენ. მენტალური სხვაობის ილუსტრირება რომ მოვახდინოთ, ხელით მჭამელები დანა-ჩანგლის მოხმარების მცოდნეებს არა მხოლოდ სჯობიან, ჯაბნიან კიდეც.

თანაც იმდენად, რომ, მაგალითად, გრიგოლ ვაშაძემ მოლაპარაკებების მაგიდიდან პირდაპირ სახლში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მან პოლიტიკა დატოვა. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო „ევროპული საქართველოს“ სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ. დიალოგის მაგიდასთან ცვლილებას მშვიდად ჯერჯერობით მხოლოდ სალომე სამადაშვილი შეხვდა. თუმცა სატელეფონო საუბრებიდან გვახსოვს, რამდენად უჭირს მას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნა, რადგანაც არ ესმის რადიკალიზმი. 

დანა-ჩანგალი თუ ხელით ჭამა? არადა, ასეთი არჩევანის წინაშე არც უნდა დავმდგარიყავით. ოპოზიციაში ხომ ყოფილი მმართველი ძალა გადავიდა? ისინი ხომ სუფრასთანაც იცავდნენ ეტიკეტს, თითქოს არც პოლიტიკური ფორმის შენარჩუნება უჭირდათ - რეფორმებზეც თამამად საუბრობდნენ და დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობაც ესმოდათ.

მაგრამ როგორც კი ოპოზიციაში გადაინაცვლეს, მაშინვე ქუჩა, კარავი და დესტრუქცია აირჩიეს.

ახლა სიმართლე „ქართული ოცნების“ მხარეზეა. იმიტომ კი არა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სწამთ ან ირაკლი კობახიძე მოსწონთ:

არამედ იმიტომ, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებმა 2020 წლის არჩევნები აღიარეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი;

არამედ იმიტომ, რომ ეჭვების გასაფანტავად „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნა და საარჩევნო პროცესის საფუძვლიანი გამოძიება შესთავაზა - უბნების გახსნისა და ბიულეტენების გადათვლის ჩათვლით. ერთპროცენტიანი ცდომილების შემთხვევაში კი ვადამდელი არჩევნების ჩატარების პირობაც დადო.

არამედ იმიტომ, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმირებისთვის მმართველი ძალა მზად არის იმ ხარვეზების გასასწორებლად, რომლებიც საარჩევნო პროცესში ფიქსირდება ხოლმე.

მაგრამ ოპოზიციაში დანა-ჩანგალი არ სჭირდებათ. საქართველოდან გაქცეული მესამე პრეზიდენტი რევოლუციას ითხოვს. ბოიკოტი ბევრს არ აწყობს, თუმცა არც პოლიტიკის კეთების გამბედაობა ჰყოფნის. სწორედ მათ ვეძახი მე უბედურებს.

რადიკალებთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია: იქ ყველა ერთ ტონალობაში ყვირის, თითქოს კონკურსია გამოცხადებული, ვინ უფრო ხმამაღლა და ვინ უფრო დიდ სისულელეს ან სიგიჟეს იტყვის. უკრაინაში გაქცეულმა ბელადმაც უნდა გაიგოს, შეაფასოს და სითამამის სიგელიც გასცეს. 

აი, უბედურებთან ყველაფერი უფრო რთულადაა. თითოეული „თავისებურად უბედურია“. გიგა ბოკერიას პარტია დაეშალა; „ლელოს“ გუნდი გაეშალა; გიორგი ვაშაძეს პოლიტიკურ ქორწინებაში არ გაუმართლა - ხელში ანჩხლი თაკო ჩარკვიანი შერჩა; აი, ალეკო ელისაშვილის უბედურებად პარლამენტში შესვლა იქცა. ისტორიები განსხვავებულია, თუმცა ერთი რამ მათ მაინც აერთიანებთ - თითოეული ზომიერის ტიტულისთვის იბრძვის. 

უბედურს კი მათ რადიკალები ხდიან, რაკიღა ქუჩისკენ ერეკებიან და თამაშის წესებსაც კარნახობენ. ზომიერებს ქუჩა, უბრალოდ, აქრობს, სამაგიეროდ რადიკალები მოლაპარაკების მაგიდასთან ქრებიან. რა თქმა უნდა, აქ თავისი ინტერესები მმართველ პარტიასაც აქვს. და ის ერთმნიშვნელოვნად ზომიერების მხარეზე დგას - სურს, ამ ბრძოლაში ბელადზე აწყობილი ფიგურები დამარცხდნენ, თავიანთი რევოლუციური გეგმებით, და ზომიერებმა გაიმარჯვონ. მაგრამ ამისთვის მათ კომპრომისი და პოლიტიკურ თამაშებში სითამამე სჭირდებათ. 

რადიკალები კომპრომისს არ ეძებენ. ბელადმა სააკაშვილმა მათ რევოლუციის მოწყობა დაავალა. ჰოდა, არც დანა და არც ჩანგალი. დასავლური ცივილიზაციის ამ ატრიბუტიკას ისინი მხოლოდ ვერტიკალზე გამოიყენებენ და არა ოპოზიციაში.   
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი