სტატიები
ოპოზიცია პამპერსში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2192 07 იანვარი 2021, 13:22

ქეთი ხატიაშვილი

პირადად ჩემთვის ოპოზიციაში დიდი აღმოჩენა ლევან იოსელიანია. დიდი მოულოდნელობა - ზურაბ ჯაფარიძე. დიდი ინტერესი - ელენე ხოშტარია. სულ ეს არის. ისინი ძალიან განსხვავებულები არიან, საკუთარი ენერგეტიკითაც კი. თუმცა პოლიტიკაში ახალ თაობას წარმოადგენენ, ამიტომაც საინტერესო იქნება მათზე დაკვირვება. 

იოსელიანს ოპოზიციაში ყველაზე პრაგმატული და პროგრესული პოზიცია აქვს. საკუთარი შეხედულებები არ აშინებს. იცის, პოლიტიკური ტროლები, ძველი ტრადიციების მიმდევრები, სიამოვნებით მოუწყობენ პოლიტიკურ ლინჩს, მაგრამ მაინც შეუძლია, მშვიდად თქვას: პარლამენტში შესვლა აუცილებელია. 

ელენე ხოშტარია ახალ პლატფორმას ქმნის. წინასწარ ვერ შევაფასებ. 

ზურაბ ჯაფარიძე ერთადერთი ნათელი თავია ოპოზიციაში. დღეს მისი პოზიცია ჩემთვის გაუგებარია. პარტია გაყო, სახელი - ვერა. რაც შეეხება მის პოზიციას, ახლა სრულიად დამაბნეველია. პარტიის სახელი იგივეა, სლოგანი - მეტი თავისუფლება. თუმცა ძველი პარტიის წევრებს სწორედ ამ თავისუფლებას უზღუდავდა, უფრო ზუსტად, უკრძალავდა. ისე ჩანს, პოლიტიკის დიდ ლაბირინთში მოხვდა. იმედია, ახალი თავისკენ გზას გაიკვლევს და ძველ ტრადიციებში არ ჩარჩება. 

დანარჩენი ოპოზიცია ნამდვილი ყირამალაა. ჭირს კიდეც, გაარკვიო, ვინ უფრო გამაოგნებელი იყო 2020 წლის პოლიტიკურ რუკაზე - „ევროპული საქართველო“, რომელმაც არჩევნების წინ ევროპა დაკარგა, ელენე ხოშტარიას სახით, და არმაზ ახვლედიანი შეიძინა საქართველოს ნაწილში,  თუ „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის თავმჯდომარეც არჩევნების შემდეგ დემონსტრაციული სიჩუმით განუდგა პირს, რომელსაც არჩევნების წინ პრემიერად გვთავაზობდა. რა თქმა უნდა, საუბარია გრიგოლ ვაშაძეზე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი პარტიის სახელით პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. მეტიც, პარტიამ არჩევნების შემდეგ თავმჯდომარედ აირჩია პირი, რომელიც არჩევნების წინ ოცეულშიც კი არ ჩასვა. რა თქმა უნდა, საუბარია ნიკა მელიაზე. და კიდევ, სააკაშვილმა პოლიტიკის ამ სეზონზე გააცოცხლა თითქმის ყველა ის პირი, ვინც თავისი პრეზიდენტობის დროს ჩარეცხა, რუსეთის აგენტად მონათლა ან მარგინალად აქცია. გადანათვლისა და მოქცევის რიტუალი კიევში სისტემატურად იმართებოდა. 

ასე რომ, თუ ნაციონალებმა გამაოგნებელ ნაბიჯებში ყველას გადაუსწრეს, „ევროპულმა საქართველომ“ ხარისხიანი სისულელე ჩაიდინა - არმაზ ახვლედიანი შეიძინა და ელენე ხოშტარია გაუშვა. აბა, ხომ არ დააბამდნენო, იკითხავთ, ალბათ. რა თქმა უნდა, მართალი ბრძანდებით. მაგრამ არამხოლოდ არმაზის პარტიაში გამოჩენა იყო ნიშანი, ელენეს წასვლაც სწორედ იმას მიანიშნებს, რომ პარტიას მომავალი არ აქვს. ნუ, ხოშტარია ალბათ სწორედ ასე ფიქრობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის „ევროპულ საქართველოს“ არ დატოვებდა. 

გასაგებია, რატომ თქვა ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციაზე, სრულ კრიზისშიაო. ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია თქვას, რომ მეფე შიშველია. რაც, პოლიტიკურ ენაზე თუ გადავთარგმნით, ასე იჟღერებს: ოპოზიცია სრულიად დეგრადირებულია და ის სულაც არ არის შემოსილი დემოკრატიით ან რაიმე სახის ღირებულებით. 

თუმცა ის, რაც „გირჩებს“ არჩევნების შემდეგ დაემართათ, მხოლოდ ერთადერთ რამეს ნიშნავს - ამომრჩეველს გასაქცევი ჯერ არსად აქვს. „გირჩი“ იმედებს იძლეოდა, თუნდაც იმიტომ, რომ ახალი თაობის ხმებს აგროვებდა. წესით, თამაშის ახალი წესებითაც უნდა ეთამაშა. თუმცა ის, რაც მერე მოხდა, ყველაფერი ან მხოლოდ ძველი იყო - ისინი გაიყარნენ, ან მხოლოდ ტრადიციული - გაუგებარი მიზეზით, სკანდალის მიზეზები დამალეს; ან ორივე ერთად - ძველიც და ტრადიციულიც - შურისძიების პროგრამა ჩაერთოთ. ჰოდა, არავინ დათმო. ამიტომაც ახლა ორი „გირჩია“, ჩვენ კი გვაიძულებენ, მათ შორის სამი განსხვავება მაინც ვიპოვოთ. 

რთულია ამ საგიჟეთში ცხოვრება და გიჟების ყურება. 

ჩვენ მოგვბეზრდა და როგორც არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა, უკვე დასავლეთსაც. ყოველ ჯერზე ქართული დემოკრატიისთვის პამპერსების გამოცვლა უკვე ყველასთვის მოსაბეზრებელი გახდა. ადრე ღამეს უთევდნენ, სულ ეს იყო, მაგალითად, ვარდების რევოლუციის დროს, ახლა უკვე პამპერსების გამოცვლას ითხოვენ. 

პირველად როდის გაოგნდებოდა დასავლეთი? მაშინ ხომ არა, როცა გიორგი თარგამაძემ თავისი პროდასავლური ორიენტაციის პარტია პრორუსული ორიენტაციის პირს, ნინო ბურჯანაძეს მიჰყიდა? დიდი შოკი იქნებოდა. 

დაახლოებით ისეთი, ჩვენ რომ მივიღეთ, როცა გუბაზ სანიკიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ოცეულში ვნახეთ; როცა ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩი“ დატოვა; როცა „ლელოს“ ბიჭებმა დაიჯერეს პოლიტიკოსობა; როცა ქართული პოლიტიკა ისევ რუსთაველის კვადრატში ჩაიკეტა და ჰგონია, რომ ქუჩა, აქციები და აგრესია ერთადერთია, რაც აუცილებელია.

სხვათა შორის, ეს მავნე ჩვევა - მუდმივად აგრესიული ქუჩის აქციები - ერთ-ერთია, რაც დასავლეთს ასევე აოცებს. აკი თქვეს კიდეც თავის განცხადებაში ოფიციალურადაც - 30 წელია, ამას ვუყურებთო. 








სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი