შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, ყველა დაფიქრდეს, რომ ყველაფრის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი დამფინანსებლებით ქვეყნის გარედან, მიზანია არადემოკრატიული გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 08 მაისი 2024, 13:47

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი განცხადება ასახავს იმას, რომ მიმდინარეობს ძალადობრივი პროცესების ინსპირირება.

მისი თქმით, გარკვეული ვიზუალური ეფექტებით ხდება იმ ძალადობრივი აქციების შეფუთვა, რომელიც სინამდვილეში ხდება.

„რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, ზუსტად იმას ასახავს საერთო ჯამში, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება. ჩვენ ვნახეთ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც „კანვასის“ ტრენინგებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ვნახეთ, რა სცენარებიც იყო მაშინ, რასაც ასწავლიდნენ აქტივისტებს, ვხედავთ ამ სცენარების პირდაპირ ასრულებას საქართველოს ქუჩებში. ვხედავთ, მათ შორის, პირდაპირ პარალელებს მაიდანთან, აბსოლუტურად იმავე ვიზუალის ჩატარება და რიტუალის დადგმა, დაქორწინებული წყვილი, ადამიანი ფორტეპიანოსთან, რომელიც უკრავს და სხვა ასეთი ვიზუალები, რომელსაც ისინი ქმნიან, რათა იყოს გარკვეული შეფუთვა იმ ძალადობრივი აქციებისა, რომელიც სინამდვილეში ხდება.

გულდასაწყვეტია, რომ როდესაც ვიხილეთ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და ვნახეთ შტურმი პირდაპირ ეთერში, ზოგიერთი თქვენგანი პირდაპირ იყავით მაგ დროს ჩართვებით პარლამენტის შენობასთან, სამწუხაროდ, მეორე დღეს მოვისმინეთ ზოგიერთი უცხოელი აქტორის შეფასება, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია, რომ პოლიციას ძალა არ უნდა გამოეყენებინა. იმავეს ამბობდნენ 20 ივნისზე, იმავეს ამბობდნენ, რომ მშვიდობიანი აქცია იყო და სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ ტყუოდა ყველა უცხოელი აქტორი, რომელიც მაშინ ჩვენ გვეუბნებოდა, რომ ეს მშვიდობიანი აქცია იყო და ძალა არ უნდა გამოეყენებინა პოლიციას. თქვენ გახსოვთ, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში მედიატორების დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ ყოფილიყო ამნისტია 20 ივნისის ძალადობრივი აქციის მონაწილეებზე, მათ შორის ნიკა მელიასა და სხვებზე. იცით, რომ მე მაშინ გახლდით 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მონაწილე და მახსოვს მაშინ მედიატორების პოზიცია, ჩვენი პოზიცია. მედიატორებს ვეუბნებოდით, რომ ეს წაახალისებდა ძალადობას, მაგრამ მათი დაჟინებული პოზიცია იყო, რომ მომხდარიყო მათი გათავისუფლება ან ამნისტირება, მათ შორის ამ პუნქტს ჰქვია სახელად, რომ ეს არის „პოლიტიზებული მართლმსაჯულების ქეისები.“ სტრასბურგმა გუშინ, და ამას წინათაც იყო ცალკე მელიაზე გადაწყვეტილება, გვითხრა, რომ ყველა ის უცხოელი აქტორი ტყუოდა, ვინც ამბობდა, რომ ეს არის პოლიტიზებული მართლმსაჯულება და სინამდვილეში ადგილი ჰქონდა თავდასხმას საქართველოს პარლამენტზე. ის რაც „გავრილოვის ღამედ“ მონათლეს, სინამდვილეში ეს იყო მელია-გახარიას ღამე საბოლოო ჯამში, დაიწყო ძალადობრივი თავდასხმა პარლამენტის შენობაზე და შესაბამისი რეაგირება პოლიციის მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სუს-ის განცხადებაზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა დაფიქრდეს, რომ ყველაფრის უკან სინამდვილეში დგას ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მფარველებით და დამფინანსებლებით ქვეყნის გარედან.

„რაც შეეხება კიდევ ერთხელ სუს-ის განცხადებას, ჩვენ ვატყობთ, რომ ზუსტად მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც განხორციელდა, მათ შორის, სხვა ქვეყნებში და ეს პარალელები უკრაინასთან ძალიან ცხადია. ვხედავთ, მათ შორის, მათ მოწადინებას და ხანდახან წაცდენებს, როდესაც საუბრობენ მსხვერპლზე. სულ ახლახან ჭიაბერაშვილს ჰქონდა ასეთი წაცდენა, როდესაც საუბრობდა მსხვერპლზე. ფაქტია, მიდიან ყველანაირ დაძაბვაზე, შტურმზე, პოლიციის წინააღმდეგ ძალადობაზე და ასე შემდეგ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყველა დაფიქრდეს, რომ ამ ყველაფრის უკან სინამდვილეში დგას ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მფარველებით და დამფინანსებლებით ქვეყნის გარედან, ის ორგანიზაცია, რომელსაც სურს ქვეყნის არევა და ამ არევის საბოლოო მიზანი არის ხელისუფლების არადემოკრატიული გზით ხელში ჩაგდება და ამ ქვეყნის ომში გადაგდება. ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც ამ ძალებს ამოძრავებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი