აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 07 მაისი 2024, 20:02

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და ბაქოში ვიზიტით მყოფმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.


როგორც აზერბაიჯანის ლიდერმა თქვა, ეს არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური დოკუმენტი, რომელსაც ორ ქვეყანას შორის კავშირები ყველაზე მაღალ დონეზე აჰყავს. ალიევის განცხადებით, სლოვაკეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში ახალი ფურცელი იშლება.


ილჰამ ალიევმა და რობერტ ფიცომ თავდაცვისა და თავდაცვითი მრეწველობის სფეროში რამდენიმე დოკუმენტს მოაწერეს ხელი. მხარეებმა მოლაპარაკებები დაიწყეს თავდაცვითი მრეწველობის სფეროში ერთობლივი საწარმოო პლატფორმების შექმნის შესახებ. ასევე, მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა.


„აზერბაიჯანი ევროპაში თავისი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის საიმედო გზებს იყენებს. ევროპაში მიწოდების მოცულობა 2021 წლის რვა მილიარდი კუბური მეტრიდან მიმდინარე წელს 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. ეს აზერბაიჯანის გაზის საერთო ექსპორტის ზუსტად ნახევარს შეადგენს. ჩვენს გეგმაშია მხოლოდ ევროკავშირში გაზის ტრანსპორტირება 2027 წლის ბოლომდე 20 კუბურ მეტრამდე გავზარდოთ. ვფიქრობ, ამას მივაღწევთ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.


თავის მხრივ, რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მზად არის, გახდეს ხიდი აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის.


„თქვენ სუვერენული საგარეო პოლიტიკის მომხრე ხართ. თქვენ ხართ პიროვნება, რომელიც იცავს საერთაშორისო სამართალს. თქვენ პრაგმატული ადამიანი ხართ და თქვენი საგარეო პოლიტიკა არ არის კონცენტრირებული მხოლოდ ერთი მიმართულებით. თქვენ შესანიშნავად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობა. ამავე დროს, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელს, შემიძლია ვთქვა, რომ ზოგჯერ ევროკავშირს უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება. მე კი ჩემს პოლიტიკურ პრაქტიკაში უპირატესობას ვანიჭებ, არ ჩავერიო რომელიმე ქვეყნის საშინაო საქმეებში. ბატონო პრეზიდენტი, მე იმედგაცრუებული ვარ ზოგიერთ საერთაშორისო ინსტიტუტში მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის, უსამართლობისა და არაობიექტურობის გამო. რადგან მოსახლეობის რიცხოვნობით ჩვენც პატარა ქვეყანა ვართ. მე თქვენ ძალიან ყურადღებით გისმინეთ და ვუთხარი ამის შესახებ დელეგაციას, რომელიც აეროპორტში დამხვდა: ჩვენ მზად ვართ, გავხდეთ ხიდი აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის“, – განაცხადა ფიცომ, რომლის სიტყვით გამოსვლის თარგმანს აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი