ჩინეთის ელჩი - ჩინეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ერთმანეთს თანასწორად განიხილავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 29 აპრილი 2024, 13:17

ჩინეთმა დაასრულა სამართლებრივი პროცედურები უვიზო რეჟიმის შეთანხმების ძალაში შესასვლელად. ამ კოორდინაციამ გვიჩვენა, რომ ჩინეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ერთმანეთს თანასწორად განიხილავენ, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოი ციენმა განაცხადა.

ელჩის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები 28 მაისიდან შეძლებენ ჩინეთში უვიზოდ გამგზავრებას ტურისტული, ბიზნეს და სასწავლო მიზნით.

„ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ისეთ მაღალ ტემპერატურაზეა, როგორც დღევანდელი ამინდი. გასულ კვირას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო ქვეშეთი-კობის გვირაბის გაჭრის დასრულების ცერემონიას, რომელიც ჩინეთის მიერ არის კონსტრუირებული, ასევე, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის ცერემონიას, რომელშიც ასახულია ჩინეთის პრაქტიკული მიდგომა „შუა დერეფნის“ კონსტრუქციის მიმართ. მიმდინარე თვეს „ჯორჯიან ეარლაინსმა“ დაიწყო პირდაპირი სატვირთო ავიაგადაზიდვები თბილისიდან ჩენდუში. ასევე, როგორც ინფორმირებული ვართ, მალე დაიწყება პირდაპირი სამგზავრო რეისები თბილისიდან ჩენდუში. პეკინიდან მიღებული დირექტივის საფუძველზე, მე შევთავაზე შეხვედრა ქართველ კოლეგებს. მინისტრის მოადგილე ხვთისიაშვილს ვაცნობე, რომ ჩინეთმა დაასრულა სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც საჭიროა უვიზო რეჟიმის შეთანხმების ძალაში შესასვლელად ჩინეთისა და საქართველოს პასპორტების მქონე პირთათვის, რომელსაც ილია დარჩიაშვილმა და მე 10 აპრილს მოვაწერეთ ხელი. ამ კოორდინაციამ გვიჩვენა, რომ ჩინეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ერთმანეთს თანასწორად განიხილავენ, პრაგმატული და ეფექტური მიდგომა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი მახასიათებლებია. მინდა, ოფიციალურად განვაცადო, რომ შეთანხმების მე-4 პარაგრაფის მე-9 მუხლის თანახმად, უვიზო რეჟიმი ცნობის გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ შევა ძალაში. საქართველოს მოქალაქეები 28 მაისიდან შეძლებენ ჩინეთში უვიზოდ გამგზავრებას ტურისტული, ბიზნეს და სასწავლო მიზნით“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოი ციენმა ქართულ მხარეს დღეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც, ჩინეთის მხრიდან დასრულებულია 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ ძალაში შესვლის პროცედურები.

აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2024 წლის 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი