მამუკა მდინარაძე: მარტო იმიტომ გვიღირს გამჭვირვალობის კანონის მიღება, რომ ამოვხსნათ პარადოქსული ამოცანა, რუსეთიდან ხოშტარიების ოჯახი რომ ფინანსდება, ევროპული და ამერიკული ფონდები იგივე ხოშტარიას და მის „დროას“ რატომ აფინანსებენ ამ ფულით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
80 24 აპრილი 2024, 13:47

მარტო მე იმიტომ მიღირს და იმიტომ გვიღირს ამ კანონის მიღება, რომ მაგალითად მივხვდეთ, ამოვხსნათ პარადოქსული ამოცანა, ლეგენდით რუსეთიდან ხოშტარიების ოჯახის მემკვიდრეობა რომ ფინანსდება, ევროპული და ამერიკული ფონდები იგივე ხოშტარიას და მის „დროას“ რატომ აფინანსებენ ამ ფულით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

ჟურნალისტებმა მდინარაძეს კითხვა დაუსვეს, რომ თუ ქვეყანაში შავი ფული შემოდის, სამართალდამცავი ორგანოები რატომ არ იძიებენ ამას.

„შავ ფულს“ ჩვენ იცით რას ვეძახით? ფულს, რომელიც მოდის ოფიციალურად, ოღონდ არც ჩამრიცხავი ვიცით ვინ არის, არც ოფიციალურად ვიცით რამდენია და მითუმეტეს, არ ვიცით რაში იხარჯება. ეს არის ამ ფულის სიშავის ელემენტი და მახასიათებელი. არ დავუძახოთ ამას „შავი ფული“? იმ „შავ ფულზე“ კი არ ვლაპარაკობთ, რომელიც არ ჩანს. გინდაც „შავი ფული“ დავარქვათ და გინდათ გაუმჭვირვალე. თუ არ ვიცით თანხები რა მიზნობრიობით იხარჯება და ეს შეადგენს ათეულობით და ასეულობით მილიონს, „შავი ფულია“ აბა რა ჰქვია. მთავრობამ გამოიკვლია რამდენიმე დღის განმავლობაში 7 „ენჯეო“, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ნაჩვენები შემოსავალი, ოფიციალურად დაფიქსირებული ჰქონდათ 15 მილიონი და ხარჯი 85 მილიონი. ესეც მიკვლეული იქნა საშემოსავლო გადასახადის და შესაბამისი დეკლარაციის მიხედვით. ირაკლი კობახიძემ ათი დღის წინ ისაუბრა ამაზე. თქვენ არ გაინტერესებთ 15 მილიონი რომ შეუვიდა [ენჯეოებს], 85 მილიონი საიდან დახარჯა და სინამდვილეში მილიარდი იყო თუ არა რეალური ხარჯი, თუ შემოსავალი? ილუზიონისტები არიან? 15 მილიონი მიიღეს, 85 დახარჯეს? შეიძლება ნახევარი მილიარდიც დახარჯეს. სად დაიხარჯა ეს ფული, არ გვაინტერესებს? მარტო მე იმიტომ მიღირს და იმიტომ გვიღირს ამ კანონის მიღება, რომ მაგალითად მივხვდეთ, ამოვხსნათ პარადოქსული ამოცანა, ლეგენდით რუსეთიდან ხოშტარიების ოჯახის მემკვიდრეობა რომ ფინანსდება, ევროპული და ამერიკული ფონდები იგივე ხოშტარიას და მის „დროას“ რატომ აფინანსებენ ამ ფულით. სად ხდება რუსული და დასავლური ფონდების თანხვედრა, არ გაინტერესებთ? იცით? - არ იცით“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მამამისი, გოგი ხოშტარია რუსეთიდან თანხას ჰონორარის სახით იღებს. ხოშტარიას ინფორმაციით, მისი მამა არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია.

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა მომდევნო კვირიდან გაგრძელდება. კანონის მიღების აუცილებლობას ხაზს უსვამს მმართველი გუნდი და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, უცხოურ ფულს ვინ რა მიზნით ხარჯავს ქვეყანაში. ხელისუფლების წარმომადგენლები კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და „ენჯეო“ სექტორის მხრიდან კრიტიკას კიდევ ერთხელ ეხმაურებიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი