შალვა პაპუაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე: ამ პროექტს ეწინააღმდეგებიან ის ძალები, რომლებიც ჩუმად ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, კულტურას, ტრადიციებს, ქართველი ხალხის ინტერესებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
17 24 აპრილი 2024, 11:12

ამ პროექტს ეწინააღმდეგებიან ის ძალები, რომლებიც ჩუმად ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, კულტურას, ტრადიციებს, ქართველი ხალხის ინტერესებს. ამიტომ თუ ვინმეს წუხილი აქვს, როგორც ქალბატონ ნაირას, რომ ამან შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს, ამას ვერ დავეთანხმები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს, რას ფიქრობს „კავკასიური სახლის“ გამგეობის თავმჯდომარის ნაირა გელაშვილის განცხადებაზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, რომელიც ამბობს, რომ ამ კანონით მოქალაქეთა უზარმაზარი მასა გამოცხადებულია სამშობლოს მოღალატედ.

„რამდენიმე სხვა განცხადებაც ვნახე, სადაც როგორც იქნა, საჯაროდაც ითქვა, თუ რა საჭიროებაა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მათ შორის, როდესაც ფონდები თავის დაფინანსებას მალავენ. თუ ვინმეს აქვს გარკვეული წუხილი იმასთან დაკავშირებით, და ამ შემთხვევაში წუხილია, რომ უცხოეთიდან არის დაფინანსებული ესა თუ ის ღონისძიება და ამის წარმოჩენა შეიძლება ნეგატიურად იყოს დანახული, ამას არ დავეთანხმებოდი. ჩვენ არ ვართ ცალკე აღებული კუნძულოვანი სახელმწიფო, ვართ მათ შორის ევროპული ოჯახის ნაწილი, სადაც ერთმანეთს ვეხმარებით. სხვა ქვეყნებიც გვეხმარებიან და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელებულა სწორედ უცხოური დახმარებით. ამერიკას და ევროპას ვგულისხმობ, სწორედ იმ უცხოური ძალისგან, რომელსაც [კანონში] ვგულისხმობთ. რა არის ამაში დასამალი?! კარგ საქმეებს რად უნდა დამალვა?! კარგი საქმე როდესაც გამოჩნდება, ეს როგორ შეიძლება მერე ვინმემ ნეგატიურად დაინახოს?!

თუ იქნება ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს თუნდაც კულტურული მემკვიდრეობის განვითარებაზე, შშმ პირების დახმარებაზე, ფერმერების დახმარებაზე, სხვა მიმართულებებში, რა არის ამაში დასამალი, ცუდი, სათაკილო?! პირიქით, ამ პროექტს ეწინააღმდეგებიან ის ძალები, რომლებიც ჩუმად ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, კულტურას, ტრადიციებს, ქართველი ხალხის ინტერესებს. ამიტომ თუ ვინმეს წუხილი აქვს, როგორც ქალბატონ ნაირას, რომ ამან შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს, ამას ვერ დავეთანხმები. როგორც ჩანს, ვთანხმდებით იმაზე, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი და ზუსტადაც კანონმდებლობით ქართველმა ხალხმა უნდა თქვას, რომ როდესაც შემოდის უცხოური ფული, უნდა იცოდეს ყველამ, ეს ფული რომ შემოვა და გურიაში დაიხარჯება ვთქვათ, რა საკითხებს მოხმარდება, ამაზეა საუბარი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა მომდევნო კვირიდან გაგრძელდება. კანონის მიღების აუცილებლობას ხაზს უსვამს მმართველი გუნდი და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, უცხოურ ფულს ვინ რა მიზნით ხარჯავს ქვეყანაში. ხელისუფლების წარმომადგენლები კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და „ენჯეო“ სექტორის მხრიდან კრიტიკას კიდევ ერთხელ ეხმაურებიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი