შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტართა ზოგიერთი ჯფუფისგან გუშინ გავიგეთ, თურმე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, პოლიციელზე თავდასხმა ყოფილა ევროპული ღირებულება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 24 აპრილი 2024, 10:45

ევროპარლამენტართა ზოგიერთი ჯფუფისგან გუშინ გავიგეთ, თურმე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, პოლიციელზე თავდასხმა ყოფილა ევროპული ღირებულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

„გუშინ ძალიან საინტერესო დღე იყო, გარკვეულწილად ჟანრის კლასიკა, რაც ჩვენ ვიხილეთ, ვიზუალიზაცია იმისა, როგორ ესმით თურმე ევროპული ღირებულებები ზოგიერთ ჯგუფებს ევროპაში. გუშინ პირდაპირ ვნახეთ ამის კადრები, ფოტოები და შინაარსი. აღმოჩნდა, თურმე ამ ჯგუფისთვის ევროპული ღირებულება არის კრიმინალთან ერთად, სისხლის სამართლის დამნაშავესთან ერთად გვერდში დგომა და ბრიფინგების ჩატარება. ამ ჯგუფის გაგებით, თურმე ეს ყოფილა ევროპული ღირებულება. ვგულისხმობ იმ დეპუტატებს, რომლებიც იქ იდგნენ, ბრიფინგზე. მეორე, აღმოჩნდა, თურმე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ყოფილა ევროპული ღირებულება, ესეც აღმოვაჩინეთ გუშინ. აღმოჩნდა, თურმე პოლიციელზე თავდასხმა ყოფილა ევროპული ღირებულება, ესეც გავიგეთ გუშინ ამ ჯგუფისგან.

ევროპარლამენტარების ეს ჯგუფი როცა გველაპარაკება, რომ ჩვენს ევროპულ ღირერბულებებს არ შეესაბამება, ამას გულისხმობენ, რომ ჩვენ გვერდში არ ვუდგავართ კრიმინალებს, თავს არ ვესხმით პოლიციას, მიხეილ სააკაშვილი, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ციხეშია, თურმე ამას რომ ვაკეთებთ, ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ეს ჯგუფი აბსოლუტურად აცდენილია არათუ ევროპულ ღირებულებებს, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც კი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განმარტებით, ევროპარლამენტში გუშინ გამომსვლელებს შორის მათ შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავად არიან მონაწილე საქართველოში პოლიტიკური პარტიების და რადიკალური ჯგუფების ფარული დაფინანსებისა.

„იატაკქვეშა ფულის ხარჯვა  ხდება საქართველოში „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ მიერ, ამ ფონდის მმართველობაში არიან ევროპარლამენტარები, იმართება ევროპარლამენტარების მხრიდან. ევროპარლამენტარები მართავენ „ევროპის დემოკრატიის ფონდს“, მათ შორის გამომსვლებეიც იყვნენ, ქალბატონი ანა ფოტიგა, ბატონი მიხაელ გალერი, ისინი არიან მმართველ საბჭოში. ასე რომ, ეს კანონპროექტი მათაც ეხება, მათ გამჭვირვალობას ეხება და პარადოქსია, ინტერესთა კონფლიქტია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა თავად არ იყვნენ გამჭვირვალეები და დაფარულად დახარჯონ ის ფული, როგორც ხარჯავენ აქამდე. შეგახსენებთ, რომ ამ ევროპარლამენტარების მმართველობით საქართველოში ფარულად ფული იხარჯება რადიკალურ პარტიებზე,მაგალითად, „დროაზე“, იხარჯება რადიკალურ ჯგუფებზე, მაგალითად, „სირცხვილიაზე“, „მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზებაზე. ასეთ ინფორმაციას, სამწუხაროდ, კანონის არარსებობის პირობებში ვერ ვიგებთ პირდაპირ და შემთხვევით ვიგებთ ხოლმე. მაგალითად, ქალბატონი ელენე ხოშტარიას ფეისბუქპოსტიდან გავიგეთ შემთხვევით, თურმე „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებს ენჯეო „დროას“, რომელიც არის პარტია „დროას“ ასლი და ამით არაპირდაპირ მიდიოდა პარტიის დაფინანსება. ეს არის კანონის გვერდის  ავლა და ჩარევა პოლიტიკაში, ეს არის რადიკალების დაფინანსება. ევროპარლამენტარების ამ ჯგუფს უნდა, რომ დარჩეს ჩრდილში ის ფული, რომელსაც ეს ორგანიზაცია ხარჯავს იატაკქვეშ, ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი