ისრაელის პროკურატურამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კორუფციული საქმე სასამართლოს გადასცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
534 28 იანვარი 2020, 19:19
ისრაელის გენერალურმა პროკურორმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ კორუფციული საქმე იერუსალიმის სასამართლოს გადასცა. 

ისრაელის გენერალური პროკურატურა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს  ქრთამის აღებაში, თანამდებობის გადამეტებასა  და თაღლითობაში ადანაშაულებს. 

ბრალდების მიხედვით, ნეთანიაჰუმ ყოველდღიურ გაზეთ „ედიოტ ახრონოტს“ მოსთხოვა გაეშუქებინა ისრაელის ხელისუფლების საქმიანობა პოზიტიური კუთხით, სანაცვლოდ,  კონკურენტი გაზეთების  „ჩაძირვას“ დაჰპირდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ამ საქმეში ბრალს წაუყენებენ გაზეთის რედაქტორსაც, რომელიც გარიგებაში შევიდა პრემიერ-მინისტრთან.
ნეთანიაჰუს, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს 2009 წლიდან იკავებს, ასევე, ედავებიან მილიონ შეკელზე (280 ათას დოლარი) მეტის ღირებულების საჩუქრების მიღებას ჰოლივუდელი მაგნატისა და პროდიუსერისგან არნონა მილჩენასა  და სხვა მისი თანამემამულეებისგან.

Jerusalem Post-ი იუწყება, რომ ძვირადღირებულ საჩუქრებით,  მილჩენმა „გადაიხადა“ ამერიკის ვიზის მიღებაში გაწეული დახმარებისთვის. პოლიციის ოფიციალური განცხადებით კი, საჩუქრების მიღების შემდეგ ნეთანიაჰუმ ეცადა დაელობირებინა  ე.წ. მილჩენას კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთიდან ისრაელში დაბრუნებული ებრაელები 10 წლით გათავისუფლდებოდნენ გადასახადების გადახდისგან.  თუმცა, ამ კანონის მიღებას ხელი შეუშალა ფინანსთა სამინისტრომ.

გარდა ამისა, პროკურატურა პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებს თაღლითობასა და თანამდებობის გადამეტებაში.  საქმე ისაა, რომ ავსტრალიელმა მილიარდერმა ჯეიმს პეკერმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრსა და მის მეუღლეს ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიდა. 

BBC-ის ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ ქნესეტიდან საპარლამენტო იმუნიტეტის მინიჭების შესახებ თხოვნა გაიწვია, რამაც ბრალის წაყენება შესაძლებელი გახადა. ქნესეტს პრემიერისთვის იმუნიტეტის მინიჭების საკითხზე დღეს უნდა ემსჯელა. 

სასამართლოს დაწყებამდე შესაძლოა, რამდენიმე თვე გავიდეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნეთანიაჰუ დამნაშავედ ცნეს, ვალდებული არ იქნება პოსტი დატოვოს სააპელაციო პროცესის დასრულებამდე, ამ ყველაფერს კი, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება.

ეს არის ისრაელის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ბრალს მთავრობის მოქმედ ხელმძღვანელს უყენებენ. ნეთანიაჰუ თავს უდანაშაულოდ თვლის.  





სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი