საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC), საერთაშორისო პარალიმპურმა კომიტეტმა (IPC), ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა, ტოკიოს და იაპონიის მთავრობებმა დღეს XXXII ოლიმპიური თამაშების ახალი თარიღები შეათანხმეს. ერთი წლით გადავადებული ტოკიოს თამაშები გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით. შეთანხმებულია პარალიმპური თამაშების ახალი თარიღიც - 24 აგვისტო - 5 სექტემბერი.
მხარეებს შორის შეთანხმება მოხდა სატელეფონო კონფერენციით, რომელშიც მონაწილეობდნენ
IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი, ტოკიო-2020-ის პრეზიდენტი იოშირო მორი, ტოკიოს გუბერნატორი
კოიკე იურიკო და ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მინისტრი ჰაშიმოტო სეიკო.
ახალი ვადების შემუშავებისას გათვალისწინებული იყო სამი ძირითადი საკითხი:
1. ათლეტთა და ყველა ჩართული პირის ჯანმრთელობის დაცვა და ვირუსი COVID-19-ის
შეჩერებაში მხარდაჭერა.
2. ათლეტთა და ოლიმპიური სპორტის ინტერესთა დაცვა.
3. საერთაშორისო სპორტული კალენდარი.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ერთი წლით გადავადებული ოლიმპიური თამაშების
თარიღი ემთხვევა მძლეოსნობაში (იუჯინი,აშშ), 6-15 აგვისტო) და საწყლოსნო სახეობათა
(ფუკუოკა, იაპონია, 16 ივლისი - 1 აგვისტო) მსოფლიო ჩემპიონატებს, მაგრამ საწყლოსნო
სახეობათა ფედერაცია (FINA) და მსოფლიო მძლეოსნობა (World Athletics) მზად არიან თარიღები
შეცვალონ.
კორონავირუსის პანდემიის მასშტაბების გათვალისწინებით, 24 მარტს იაპონიის ხელისუფლებამ
და საერთაშორისო ოლიმპიურმა მოძრაობამ ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშები ერთი
წლით გადაავადა. ძველი ვადებით, ტოკიოს თამაშები უნდა ჩატარებულიყო 24 ივლისიდან 9
აგვისტოს ჩათვლით, ხოლო პარალიმპური თამაშები - 25 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |