საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი - ეს იყო წარმატებული ოლიმპიადა საქართველოს დელეგაციისთვის. მოვიპოვეთ რვა მედალი, რაც პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
591 08 აგვისტო 2021, 11:13
ქართველმა ოლიმპიელებმა  დაასრულეს გამოსვლა ტოკიოს XXXII ოლიმპიურ თამაშებზე. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის განცხადებთ, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მონაგარი რიოს ოლიმპიური თამაშებისას ჯობნის, როგორც მედლების რაოდენობით, ასევე - მედლების ხარისხით და დევიზი - „უკეთ, ვიდრე რიოში“ შესრულებულია, ერთ თამაშებზე მოპოვებული 8 მედალი დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში რეკორდულია. 
მათივე თქმით, XXXIII ოლიმპიურ თამაშებს პარიზი 2024 წელს მიიღებს. ცვლილებაა ქართველ ოლიმპიელთა დევიზში და დღეიდან ის ასე ჟღერს: „უკეთ, ვიდრე ტოკიოში!“

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობდა სპორტის 11 სახეობაში.  საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ტოკიოში ასპარეზობა 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, საერთო ჩათვლაში კი  - 30-ე პოზიცია დაიკავა.

საქართველოს წარმომადგენელთაგან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე.
ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდათ ძიუდოისტებს ვაჟა მარგველაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს და გურამ თუშიშვილს, ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიას და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს. 

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ.

„პირველი რაც შეიძლება ითქვას, ეს იყო წარმატებული ოლიმპიადა საქართველოს დელეგაციისთვის. მოვიპოვეთ რვა მედალი, რაც პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ აიღო ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედალი. 


ახლა ძნელია, დღევანდელი გადასახედიდან, როცა ემოციები ჯერ კიდევ არ არის დამცხრალი, სერიოზული ანალიზი გააკეთო, მაგრამ ფაქტია ჩვენ შევძელით და აღმოვჩნდით იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არიან მოწინავე სპორტული ქვეყნები - საქართველო 30 საუკეთესო ქვეყანას შორისაა, რაც დიდი ამბავია, - ასე აფასებს საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი  ელგუჯა ბერიშვილი ქართველ ოლიმპიელთა ისტორიულ შედეგს ტოკიოში.

მისი თქმით, ქვეყანამ გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

რაც შეეხება კონკრეტულ სახეობებს,  ძიუდომ კარგად დაიწყო, ისე კარგად, რომ ტონი მისცა დანარჩენ სახეობებს, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ძალოსნობის წვლილი - ძალოსნობამ  ორი მედალი მოიპოვა. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ლაშა ტალახაძე, რომელმაც ფენომენალური შედეგი აჩვენა, რეკორდები დაამყარა და, თავისთავად, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 

პირდაპირ უნდა ვთქვათ, ყველა მეტს ველოდით ჭიდაობისგან, თუმცა, რა თქმა უნდა, ორი მედალი, თავისთავად, მისალოცია. 

მოკლედ, საქართველოს დელეგაციამ გამოცდა წარმატებით ჩააბარა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გულშემატკივარი კმაყოფილია შედეგით, რომელიც ჩვენ ტოკიოში ვაჩვენეთ“, - აცხადებს ელგუჯა ბერიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებდა, ერთ მილიონ ლარს მიიღებდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი