გრძელდება ტოკიო-2020-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების პროექტის განხილვა საორგანიზაციო კომიტეტის, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტის (IOC) და საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტის (IPC) ჩართულობით.
ბოლო გაერთიანებულ სხდომაზე გამოცხადდა, რომ ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მონაწილეებს, ასევე მოხალისეებს და სხვა მომსახურე პერსონალს COVID-19-ის ვირუსის შესაკავებლად, ოლიმპიადის დღეებში პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევთ. ასევე ირკვევა, რომ სპორტული არენები ყოველ 30 წუთში ერთხელ განიავდება, ოლიმპიური სოფლის მაცხოვრებლებს კი კაფეტერიებში საუზმისთვის ყოფნა 30 წუთით შეეძლებათ, ლანჩისთვის და სადილისთვის - 1 საათით.
IOC საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელმა ჯონ კოუტსმა ოლიმპიელებს მოუწოდა, შეჯიბრების შემდეგ შეძლებისდაგვარად დროულად გაემგზავრონ სამშობლოში. ათლეტებს, სავარაუდოდ, ასევე მოუწოდებენ, რომ ტოკიოში ყოფნისას ოლიმპიურ სოფელში დარჩნენ და უარი თქვან ქალაქის ღირშესანიშნაობების დათვალიერებაზე.
ტოკიო-2020-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ტოშირო მუტოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განხილვისას კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად იყო წარმოდგენილი, საბოლოო გადაწყვეტილებისთვის დროა საჭირო.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |