986
05 თებერვალი 2020, 18:29
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის სპორტული დირექტორი პიტერ ბრული ხელმძღვანელობდა. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ კომისიის წევრები სტრატოს კარეტოსი და აზერ ალიევი.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე, მინისტრის მრჩეველი ალექსანდრე ონოფრიშვილი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს მთავრობამ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარდგინებით გადაწყვიტა უმასპინძლოს „ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს“ ზამთრის სპორტულ სახეობებში, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში იგეგმება.
ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადი გასულ წელს გაიგზავნა, შედეგად ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველო დაარეგისტრირა, როგორც კანდიდატი ქვეყანა.
ნათია თურნავას განცხადებით, 2025 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობა ძალიან კარგი შანსია, რომ კიდევ ერთხელ გავაცნოთ მსოფლიოს საქართველოს კურორტები და მთლიანად ქვეყანა.
„როგორც იცით, საქართველომ ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში წარადგინა განაცხადა, რომ 2025 წელს ზამთრის სპორტულ სახეობებში ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ვუმასპინძლოთ. დღეს გვაქვს პატივი, ვუმასპინძლოთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელთა დელეგაციას. ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგი შანსი, რომ კიდევ ერთხელ გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი კურორტები, მთლიანად საქართველო, საქართველოს ტურისტული პოტენციალი და წინ წავწიოთ ქართული სპორტი, განსაკუთრებით ზამთრის სპორტული სახეობები, ასევე ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, რომ უფრო მეტი სახელოვანი სპორტსმენი აღიზარდოს საქართველოში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
„სასიხარულო ის ფაქტი, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუტი მზადაა ითანამშრომლოს შეჯიბრის საუკეთესოდ გამართვისთვის და იმუშაოს როგორც ერთიანმა გუნდმა ოლიმპიური კომიტეტის, სხვადასხვა უწყებებისა და სამინისტროების თანამშრომლობით. ჩვენ ვხედავთ ენთუზიაზმსა და მზაობას, რომ გაკეთდეს მაქსიმუმი, რათა საქართველომ, როგორც პატარა ქვეყანამ, ღირსეულად ჩაატაროს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ზამთრის სპორტული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ათლეტი მიიღებს“,- განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტულმა დირექტორმა პიტერ ბრულმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |