860
11 იანვარი 2020, 15:00
ქუთაისელ გულშემატკივართა ჯგუფმა ფეიქსბუქის გვერდზე („ჩვენ ვართ ტორპედო“) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქუთაისის „ტორპედოს“ შესახებ იტალიელმა ინვესტორებმა ქუთაისის მერიასთან შეთანხმებას მიაღწიეს.
„ქუთაისის „ტორპედოსა“ და იტალიელ ინვესტორებს შორის საბოლოო შეთანხმება 13 იანვარს მოხდება. ქუთაისის მერიაში შეხვედრა იყო ქალაქის წარმომადგენლებსა და პარტნიორობით დაინტერესებულ იტალიელ ინვესტორებს შორის, სადაც, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად დასრულდა. ორშაბათს კიდევ ელოდებიან თანაინვესტორებს, სადაც ხელი ყველაფერს ოფიციალურად მოეწერება. იტალიელები საქართველოს მამაქალაქში დიდი მიზნებით მოდიან – დანარჩენს დრო გვიჩვენებს, რა და როგორ იქნება“ – წერს „ჩვენ ვართ ტორპედო“.
საქართველოს პირველმა არხმა ინფორმაცია „ტორპედოს“ პრეს-სამსახურის უფროსთან, ედო ბადალაშვილთან გადაამოწმა, რომელმაც ინფორმაცია დაადასტურა.
„ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე იტალიელი ინვესტორებს შეხვდნენ, მერე კი გუნდის და გულშემატკივრების წარმომადგენლებს. გვითხრეს, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ინვესტორებთან შეთანხმებას მიაღწიეს და რომ 13 ან 14 იანვარს ოფიციალურ ხელშეკრულებას გააფორმებენ. მოკლედ, ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ „ტორპედოს“ იტალიელები მიხედავენ“ – ამბობს საქართველოს პირველმა არხთან ედო ბადალაშვილი.
ქუთაისის „ტორპედოს“ საქართელოს ფეხბურთის ფედერაციამ 2020 წლის ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება დართო. თუმცა, ლიცენზირების რეგულარული მონიტორინგის ქვეშ რჩებოდა – თუ „ტორპედო“ მოთამაშეთა და პერსონალის მიმართ დავალიანებას 15 იანვრამდე არ დაფარავდა, დაბალ ლიგაში დაქვეითდებოდა.
ქუთაისის მერიაში მიღწეული შეთანხმებით რეალური იმედი გაჩნდა, რომ ახალი ინვესტორი და გუნდის ყოფილი მეპატრონე ზაზა ჩაჩავა დავალიანებას დაფარავენ და გუნდი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |