561
07 აგვისტო 2021, 14:12
ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე ორი დღე რჩება, საქართველოს ნაკრების მონაგარი კი რიოს ოლიმპიურ თამაშებისას ჯობნის. მეთოთხმეტე საშეჯიბრო დღის ბოლოს, საქართველოს ოლიმპიური კოლექცია 2 ოქროს, 5 ვერცხლს და 1 ბრინჯაოს მედლისგან შედგება, საერთო ჩათვლაში კი 26-ე პოზიციაზე ვართ, - აცხადებენ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში.
"5 ვერცხლის მედალი, 5 წაგებულ ფინალს ნიშნავს. მათ შორის, ყველაზე დასანანი და მტკივნეული, ალბათ, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, მძიმე წონაში წაგებული ფინალია.
ორთაბრძოლებში წამის მეასედებში ჩემპიონობის დაკარგვა ოლიმპიური თამაშების ისტორიაში თავის ადგილს დაიკავებს. სამწუხაროდ, ამ ისტორიის ნაწილი გახდა რიოს თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ევროპის ჩემპიონატების ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გენო პეტრიაშვილი.
ქართელი ფალავანი გადამწყვეტ შეხვედრაში ამერიკელ გეიბლ სტივესონთან პირველ პერიოდში 0:4 დამარცხდა, მეორეში კი აშკარა უპირატესობა მოიპოვა, მეტოქეს ოთხჯერ 2-2 ქულა წაართვა და 8:5 დაწინაურდა. შეხვედრის დასრულებამდე 13 წამით ადრე 2 ქულა ამერიკელმა ჩაიწერა. ქართველს ჩემპიონობამდე 6 წამი აშორებდა, მაგრამ მოხდა ის, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა. ბოლო წამის მეასედში მეტოქემ 2 ქულა აიღო. ნაკრების მწვრთნელმა ხალიჩაზე "ჩელენჯი" შეაგდო, მაგრამ ოლიმპიური თამაშების ჩემპიონად 20 წლის ამერიკელი, გეიბლ სტივესონი გამოცხადდა. "ჩელენჯის" გათვალისწინებით, პეტრიაშვილმა ფინალი 8:10 წააგო და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს ტოკიოს ვერცხლი შემატა.
სამ წელიწადში პარიზის თამაშებია და იმედი ვიქონიოთ, რომ გენოს ოლიმპიური კოლექცია სამივე ხარისხის მედლით შეივსება.
7 აგვისტოს ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ).
მსოფლიოს ჩემპიონატის ერთი ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების ხუთი ბრინჯაოს მედლის მფლობელმა, ასევე ევროპული თამაშების მესამე ადგილოსანმა ქართველმა ფალავანმა პირველ შეხვედრაში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი ირანელი მოჰამადჰოსეინ მოჰამადიანი 6:3 დაამარცხა, მაგრამ ვერაფერს გახდა მეოთხედფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელთან, რიოს თამაშების, მსოფლიოს ოთხგზის, ევროპის სამგზის და ევროპული თამაშების ჩემპიონთან აბდულრაშიდ სადულაევთან, ვისთანაც აშკარა უპირატესობით - 0:10 დამარცხდა.
ტიტულიანმა სადულაევმა ფინალამდე გაიკვალა გზა, რამაც ოდიკაძეს 7 აგვისტოს ბრინჯაოს მოპოვების შანსი მისცა. ქართველ ფალავანს აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვის სახით რთული მეტოქე ელის. აზერბაიჯანელი ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და რიოს თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელია, ასევე მოპოვებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატის სამივე ხარისხის მედალი, ევროპის ჩემპიონატებზე კი - ოქრო და ვერცხლი.
სამწუხაროდ, საკვალიფიკაციო ბარიერი ვერ დასძლია მხატვრულმა ტანმოვარჯიშემ სალომე ფაჟავამ და ტოკიოს თამაშებზე გამოსვლა ფინალის გარეშე დაასრულა.
7 აგვისტოს საქმეში ჩაერთვება საქართველოს ოლიმპიური გუნდის ბოლო წევრი, კარატეში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი, ასევე ევროპის ჩემპიონატის და ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გოგიტა არქანია (+75 კგ), რომელსაც ჯგუფში ოთხი საკვალიფიკაციო შეხვედრა ელის იაპონელ, თურქ, გერმანელ და ყაზახ მეტოქეებთან," - აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში.
სამწუხაროდ, უმედლოდ დაასრულა ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა გოგიტა არქანიამ და საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ტოკიოს რვა მედლით დატოვებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |