696
30 ივლისი 2021, 22:39
ქართული ძიუდოს სკოლისთვის განსაკუთრებული გამოდგა ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშები. ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის და მისი კოლეგების მიერ გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც შვიდივე წონაში იყო წარმოდგენილი, წარმატებით იასპარეზა და ოთხი მედალი მოიპოვა, აქედან ერთი უმაღლესი სინჯისაა, სამი - ვერცხლის. ამ მაჩვენებლით ჩვენი კაცთა ნაკრები მხოლოდ მასპინძელ იაპონიას ჩამორჩა.
იაპონიის შემდეგ საქართველოს ნაკრები ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ 7 წონითი კატეგორიიდან ექვსში ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში იჭიდავეს. ხოლო ერთი ძიუდოისტი მეშვიდე ადგილზე გავიდა. ასევე, ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილზე გავიდა ქართველი ქალი ძიუდოისტი.
ჯილდოების რაოდენობის გათვალისწინებით, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ოლიმპიურ ტატამზე ამდენი მედალი არასდროს მოუპოვებია. მათ შორის, არც საბჭოთა ეპოქაში.
მედალოსანი ოთხეულიდან ჩემპიონობა ლაშა ბექაურმა მოიპოვა (90 კგ), ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდათ ვაჟა მარგველაშვილს (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილს, რომელსაც სამივე ხარისხის ოლიმპიური მედალი აქვს და ამ მხრივ ისიც პირველია. და ბოლოს, ძიუდოისტთა პირადი პირველობა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ევროპული თამაშების გამარჯვებულის გურამ თუშიშვილის მიერ მძიმე წონაში მოპოვებული ვერცხლის მედლით დაგვირგვინდა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |