935
14 დეკემბერი 2019, 20:11
ძიუდოში ცინდაოს (ჩინეთი) მასტერსის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების მონაგარი ორი მედლით გაიზარდა.
ქართველთაგან საუკეთესო აღმოჩნდა ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ). ლაშა ტურნირში მეორე წრიდან ჩაება - იპონით დაამარცხა მასპინძელი ჰებილიგე ბუ, დამატებით დროში ოქროს ქულით მოუგო ჰოლანდიელ ნოელ ვან ტი ენდს, მეოთხედფინალში ასევე წმინდა გამარჯვება მოიპოვა იაპონელ სანშირო მურაოსთან.
ნახევარფინალში ოქროს ქულამდე მიიყვანა საქმე თურქ მიკაილ ოზერლერთან, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს ჩემპიონს, ნიკოლოზ შერეზადაშვილს შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე იპონით მოუგო.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ). ნაკრების გამოცდილმა წევრმა ფინალში გასვლის შანსი ნახევარფინალში, ჰოლანდიელ მიხაელ კორელთან დაკარგა და რეპეშაჟის ფინალზე გადაერთო, სადაც რუს არმან ადამიანთან წმინდად გაიმარჯვა.
ცინდაოს მასტერსზე ორი დღით ადრე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ).
აღსანიშნავია, რომ ლაშა ბექაურს რამდენიმე დღის წინ, თბილისში ინციდენტი მოუვიდა პოლიციასთან, მისი განცხადებით, ის პოლიციელთა ძალადობის მსხვერპლი გახდა, პოლიციამ კი, მის წინააღმდეგ დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის მუხლებით აღძრა საქმე. ლაშა ბექაურის განცხადების საფუძველზე, პოლიციელთა სავარაუდო ძალადობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში მოკვლევა მიმდინარეობს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |