სკანდალი მსოფლიო სპორტში: რუსეთს ოთხი წლით აეკრძალა დიდ სპორტულ ღონისძიებებზე გამოსვლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
907 09 დეკემბერი 2019, 23:33
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთი 4 წლით მოკვეთა მსხვილი საერთაშორისო შეჯიბრებებიდან.  

WADA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო შესაბამისობის კომიტეტის რჩევები, რაც რუსეთისთვის სანქციების მიღებას ითვალისწინებდა. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. აკრძალვა ვრცელდება საერთაშორისო ასპარეზობაზე, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე. გარდა ამისა, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) ჩამოერთვა WADA-ს კოდექსის შესაბამისობის სტატუსი.

WADA-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხვა გადაწყვეტილებათა შორისაა რუსეთის ტერიტორიაზე მსოფლიო ჩემპიონატების მიღების, ასევე მათ მასპინძლობაზე განაცხადების გაკეთების აკრძალვა.

საერთაშორისო სპორტულ ღონისძებებზე დასწრება 4 წლით აეკრძალათ რუს ჩინოვნიკებს, ასევე ოლიმპიური და პარალიმპური კომიტეტების წარმომადგენლებს.

ერთი სიტყვით, უახლოესი 4  წლის განმავლობაში რუს სპორტსმენებს შეეძლებათ საერთაშორისო ტურნირებში გამოსვლა, მაგრამ მხოლოდ ნეიტრალური დროშით. აკრძალვა ვრცელდება ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიო ჩემპიონატებზე, მაგრამ არა ფეხბურთში ევრო-2020-ზე, რადგან ის არაა „მსხვილი საერთაშორისო შეჯიბრება".

„ევროპის ჩემპიონატი არ გადის მსხვილ საერთაშორისო ასპარეზობათა რანგში. ეს არ არის მსოფლიო ჩემპიონატი და მასზე არ ვრცელდება WADA-ს შესაბამისობის კომიტეტის რეკომენდაციები," - განმარტავს WADA-ს წარმომადგენელი.

რუსეთის მიმართ შესაბამისი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა მანიპულაციები, გაყალბება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსს სპორტსმენებს სახელმწიფო დროშით გამოსვლა აეკრძალათ. რუსეთი პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე წარსდგა ნეიტრალური დროშით და როგორც „ოლიმპიელი ათლეტები რუსეთიდან".

რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართ მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილება ძალაში შევა 21 დღეში, იქამდე კი რუსულ მხარეს WADA-ს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS). 

იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილება 21 დღის განმავლობაში არ გასაჩივრდა, ამის გაკეთება შეეძლება სხვა დაინტერესებულ მხარეს თუ მხარეებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC), საერთაშორისო პარალიმპურ კომიტეტთან (IPC) და საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან. ხოლო თუ აპელაციას არ შეიტანენ, გადაწყვეტილება იქნება ფინალური და სავალდებულო WADA-ს კოდექსის ხელმომწერთა მხრიდან შესასრულებლად.

ამასობაში WADA-ს ვიცე-პრეზიდენტი ლინდა ჰელელანდი რუსეთს მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიაში ჩატარებული დოპინგთან დაკავშირებული მანიპულაციებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს: „მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე დიდი სკანდალი, რომელიც კი უნახავს მსოფლიო სპორტს. პირადად მე, რუსეთს შევთავაზებდი ბოდიში მოიხადოს იმ ტკივილისთვის, რომელიც მან მიაყენა სპორტსმენებს და გულშემატკივრებს."

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი