საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ტარდება.
სამების ტაძარში წირვას პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს. სადღესასწაულო ლიტურგია სამებაში დილის 10:00 საათზე დაიწყო და მას სინოდის წევრები ესწრებიან. წირვას ასევე ესწრება პატრიარქი.
23 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძრისთვის ორმაგი დატვირთვა აქვს. გარდა იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს, ამ დღეს სამების გახსნის დღეცაა. 20 წლის წინ პირველად 23 ნოემბერს აღევლინა პირველი სადღესასწაულო წირვა ეკლესიაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. მას შემდეგ, რაც ქრისტიანების დევნა დაიწყეს, წმინდა გიორგი იმპერატორს განუდგა. ამის შემდეგ რომის კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა წმინდანს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. წმინდა გიორგის 303 წელს თავი მოჰკვეთეს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |