თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა და მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა მოაწერეს. დოკუმენტი მსჯავრდადებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობასა და მათთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამების ჩატარებას ითვალისწინებს.
დღესვე მემორანდუმის ფარგლებში თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში მსჯავრდადებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა. დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მსჯავრდადებულების მიერ დამზადებული აქსესუარები, ნახატები, ნაქარგები, ჩანთები, სამკაულები და სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები გამოიფინა. მსგავსი პროექტები მსჯავრდადებულთა დასაქმებასა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას უწყობს ხელს. ასევე, მსჯავრდადებულები იძენენ ახალ უნარ-ჩვევებს, ეუფლებიან მოთხოვნად პროფესიებს, რაც დაწესებულების დატოვების შემდეგ მათი დასაქმების შესაძლებლობას ზრდის.
ექსპოზიციაზე გამოფენილი ნივთები საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარესთან თინათინ ნიბლოშვილთან, საკრებულოს წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაათვალიერა.
„ დღეს მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ. ჩვენ რამდენიმე წელია მათთან ვთანამშრომლობთ, თუმცა მემორანდუმის ფარგლებში არაერთი საინტერესო და ერთობლივი ღონისძიება დაიგეგმა. ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ პატიმართა რესოციალიზაციას და მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო საინტერესო გახდება“, განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით და მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით, არაერთი პროექტი განხორციელდა. დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მსჯავრდადებულთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით გასულ წელსაც მოეწყო მათ მიერ სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელ შეუწყობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას.
ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |