„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტში გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია. როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, თუ ბაიდენის ადმინისტრაციის გავლენის ქვეშ მყოფი ევროპარლამენტარების რიცხვი 200-ს აღწევდა, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მათი რიცხვი გაიზრდება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი თეთრი სახლი საქართველოსთან მიმართებაში, ქართველიშვილის აზრით, პოლიტიკას შეცვლის.
„ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის კარნახის ქვეშ მოქმედ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხებზე 705 დეპუტატში გამოიკვეთა 200-მდე ისეთი, ვინც ან პირდაპირ გმობდა ჩვენი ქვეყნის საშინაო საკითხებში ჩარევას, ან თავს იკავებდა ამ ჩარევის მომხრეთა პოზიციის მხარდაჭერისგან. ინტუიცია მკარნახობს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, იმ შემთხვევაში თუ თეთრი სახლის დღის წესრიგი აღარ დაიწყება საქართველოს გამო აღშფოთებით და არ დასრულდება ჩვენს გამო შეშფოთებით - ასეთი ევროპარლამენტარების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
ამ ეტაპზე კი, 2024 წლის 13–14 ნოემბერს ევროპარლამენტის დებატებზე უკვე არაერთმა დეპუტატმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოს საშინაო საქმეებში შესაძლო ჩარევის გამო და „გრეგოროვა-კუბილიუსების" შემდეგ უპრიანი იქნებოდა მათი გვარების დამახსოვრებაც:
ნაჩო სანჩეს ამორმა (ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია) აღნიშნა, რომ საქართველოსადმი ნებისმიერი უარყოფითი რეზოლუცია შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ევროკავშირისა და დამკვირვებლების იმიჯს და შექმნას ამ ჩარევაში ბრალდების რისკი;
ტიერი მარიანმა (ეროვნული გაერთიანება, საფრანგეთი) თქვა, რომ ქართველებს არ სურთ მითითებების მიღება არც მოსკოვიდან და არც ბრიუსელიდან; მათ დამოუკიდებლად უნდა აირჩიონ საკუთარი მომავალი;
პეტარ ვოლგინმა (აღორძინების პარტია, ბულგარეთი) ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი და აშშ იმიტომ ემუქრებიან საქართველოს სანქციებით, რომ საქართველოს მთავრობა უარს ამბობს ბრიუსელისა და ვაშინგტონის მარიონეტობაზე;
დანილო დელა ვალემ ("ხუთი ვარსკვლავის" მოძრაობა, იტალია) გამოთქვა მოსაზრება, რომ არასწორია ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ საქართველოს არჩევნებზე მანიპულირების მცდელობა, ასევე ნატოსა და აშშ-ს მიერ ნაკარნახევი გეოპოლიტიკური ხედვის დაწესება;
ლუბოშ ბლაჰამ (პარტია „კურსი – სოციალ-დემოკრატია“, სლოვაკეთი) განაცხადა, რომ ევროპარლამენტი არ უნდა ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში და მას დემოკრატიის თავისი სტანდარტები დაუწესოს;
ანდრეას ლასლომ (პარტია "იობიკი", უნგრეთი) ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი პოლიტიკური კურსი გარე ზეწოლის გარეშე.
დარწმუნებული ვარ, ამ დეპუტატებს ევროტრიბუნაზე მალე სხვებიც შეუერთდებიან. მათ შესახებ კი, საკუთარ ზომბირებულ მაყურებლებს ოპოზიციური არხები არანაირ ინფორმაციას არ მიაწვდიან. ხოლო მათი მხარდამჭერი გაცვეთილი ცვილის ფიგურები, კოლექტიური „ფონკრამონები", საკუთარი მერკანტილური უპრინციპობის გამო, ახალ პოლიტიკურ ვითარებაში უფრო სარფიანი და პერსპექტიული ლობისტური მიმართულებებით დაკავდებიან“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |