აგვისტოს ომის „დიდი საიდუმლო“ როგორც ჩანს, სხვების მონაწილეობითაც არის შეფუთული, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და სვამს კითხვას „რატომ შეცვალეს აგვისტოს ომის დაწყების თარიღი, მაშინ, როდესაც სააკაშვილი მუდმივად 8 აგვისტოს აღნიშნავდა ომის დაწყების თარიღად?“
მისივე თქმით, „ნაცმოძრაობამ“ და მისმა უცხოელმა ლობისტებმა იციან, რომ ხელისუფლებისგან დაანონსებული გამოძიება აგვისტოს ომზე აუცილებლად შედგება და სწორედ ამიტომ ცდილობენ დღეს ფაქტების არევას.
„რატომ შეცვალეს აგვისტოს ომის დაწყების თარიღი, მაშინ, როდესაც სააკაშვილი მუდმივად 8 აგვისტოს აღნიშნავდა ომის დაწყების თარიღად? ყველა ბანერი, ფილმი თუ პროპაგანდა მხოლოდ „8 აგვისტოს“ თემაზე იყო აწყობილი. რა იმალება ამ თარიღის უკან და რისი გამხელის ეშინია „ნაციონალურ მოძრაობას“?
ოპოზიციის მსგავსად, უცხოელი პოლიტიკოსებიც დღეს აკეთებენ განცხადებებს აგვისტოს ომზე, რატომ? მაშინ, როდესაც უცხოელი რეჟისორების მიერ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია „აგვისტოს 5 დღე“, 2010 წლის 8 აგვისტოს, ომიდან ორი წლის თავზე გაიმართა, დღეს რატომ ხდება თარიღის შეცვლა? სწორედ აქ არის ყველაზე დიდი ინტრიგაც და სამხილიც.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად იცის, რომ ხელისუფლებისგან დაანონსებული გამოძიება აგვისტოს ომზე აუცილებლად შედგება და სავარაუდოდ, ისინი წინასწარ ცდილობენ ფაქტების არევას, ანუ კვალის გაქრობას. ამაში ოპოზიციას უცხოელი ლობისტებიც ეხმარებიან, რადგან აგვისტოს ომის „დიდი საიდუმლო“ როგორც ჩანს, სხვების მონაწილეობითაც არის შეფუთული. სწორედ ამიტომ არ აწყობთ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება, რადგან სამართლებრივი აქტი ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივ საქმიანობაზე აუცილებლად შედგება,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |