გიორგი გახარია - ასეთ დროს კახეთში, ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი მოუმზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
343 19 მაისი 2020, 15:11
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით ეკონომიკა ავამოქმედოთ, ავამუშაოთ და პირველ რიგში, ეს ეხება ტურიზმს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, უპირველესია ვირუსთან ბრძოლა ჯანმრთელობის თვალსაზრისით, თუმცა ეკონომიკაც არ უნდა დაგვავიწყდეს.

„ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში და ერთმნიშვნელოვნად ასე უნდა გაგრძელდეს, რომ ადამიანთა ჯანმრთელობა და ვირუსთან ბრძოლა ჯანმრთელობის თვალსაზრისით იყოს პრიორიტეტი ნომერი ერთი. ამის თქმა კახეთში საამაყოა, რადგან აქ აბსოლუტურად კარგად მიდის ყველაფერი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მაგრამ ეკონომიკაც არ უნდა დაგვავიწყდეს. საცოდაობაა, ასეთ დროს კახეთში, ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით ეკონომიკა ავამოქმედოთ, ავამუშაოთ და პირველ რიგში, ეს ეხება ტურიზმს“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში კახეთში დაგროვდა სტუმარ-მასპინძლობის დარგში დიდი კომპეტენცია, აშენდა ახალი სასტუმროები, რასაც სჭირდება მომხმარებელი.

„ყველას ძალიან კარგად გვესმის, ბოლო წლების განმავლობაში კახეთში დაგროვდა უზარმაზარი კომპეტენცია სტუმარ-მასპინძლობის დარგში, აშენდა ბევრი ახალი სასტუმრო, გაშენდა ბევრი ვენახი, გაკეთდა ბევრი მარანი და ამ ყველაფერს სჭირდება მომხმარებელი.  ამიტომ ჩვენ მარტივ რაღაცას ვამბობთ – საქართველომ ეს ეპიდემია, კრიზისი უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა და კახეთში ამის გაკეთების შესაძლებლობა იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ, რომლის თქმითაც, ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა როგორც ტურისტული ქვეყნის, უნდა გაძლიერდეს.


„ჩვენ შეგვიძლია, წესების დაცვით გამოვაცხადოთ კორონავირუსისგან სუფთა ზონები. არ იქნება ეს რთული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წესი იქნება დასაცავი. მარტივ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. არ არის საკმარისი ის, რომ საქართველო კარგად უმკლავდება და მართავს „კოვიდის“ რისკებს. მერწმუნეთ, როგორც კი მსოფლიო პანდემიაზე გაიმარჯვებს, ეს ყველას დაავიწყდება. 

მთავარი არის, რომ ერთდროულად ჩვენ შევძლოთ, ყველაზე ეფექტურად ავამოქმედოთ ეკონომიკა. მარტივია, სამყარო სხვანაირი იქნება, ამასაც გადავივლით, ამაზეც გავიმარჯვებთ, ამაზე დრო დაგვჭირდება, მაგრამ მსოფლიო იქნება ცოტა სხვანაირი, სულ სხვა გლობალური კონკურენცია იქნება. იქნება ბევრად უფრო მძაფრი ეს კონკურენცია და უფრო მომზადებულები უნდა ვიყოთ ამისთვის. ერთ რამეს უნდა შევეგუოთ, რომ სამწუხაროდ, ამ ვირუსთან ცხოვრება მოგვიწევს, როგორც ჩანს, გაურკვეველი დრო, ეს შეიძლება იყოს რამდეიმე თვე ან რამდენიმე წელი. ჩვენ ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა როგორც ტურისტული ქვეყნის, უნდა გაძლიერდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.













სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი