დავით ბაქრაძე: ქართველთა დაახლოებით 76 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 70 პროცენტი NATO-ში გაწევრიანებას, ეს ძლიერი მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველო სწორედ ევროპულ ოჯახს ეკუთვნის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
354 12 აგვისტო 2020, 10:54

 რუსეთის თავდასხმიდან 12 წლის შემდეგ საქართველო აგრესიის დასასრულს კვლავ ვერ ხედავს, თუმცა ის დაშინებული ნამდვილად არაა. რუსეთის აგრესიამ მხოლოდ გააორმაგა ქვეყნის სურვილი გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ ამერიკული გამოცემისთვის Foreign Policy მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, სწორედ ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის ხუთდღიანი სამხედრო თავდასხმიდან, რომლის შედეგადაც საქართველომ ორი რეგიონი დაკარგა და კავკასიელი ერი შუაზე გაიხლიჩა. საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნავს, რომ რუსეთის ქცევა მხოლოდ უარესდება და კორონავირუსის პანდემიის საბაბით კიდევ უფრო ზღუდავს სასაზღვრო ხაზზე გადაადგილებას და ვირუსთან ბრძოლის შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

„რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 12 წლის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და ევროპის შვიდმა ქვეყანამ რუსეთს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, (სადაც ქართველი წარმომადგენლობა ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებზე მიუთითებს) ჯარების გაყვანისკენ ერთობლივად მოუწოდეს. რუსეთის მხარდაჭერით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა პაციენტების სამედიცინო ევაკუაციაზე სეპარატისტული რეგიონებიდან, ხოლო ამ პერიოდში მოსკოვიდან რეგიონში 10,000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი ჩავიდა“, - აცხადებს ბაქრაძე.

„ვფიქრობ რომ ერთ დღესაც რუსეთი გააცნობიერებს რომ, იმის მაგივრად, რომ დაეშინებინა საქართველო, მან გააძლიერა საქართველოს სურვილი შეუერთდეს NATO-ს და მნიშვნელოვნად დააჩქარა ქართველების სვლა NATO-სა და ევროკავშირისკენ”, - განაცხადა ბაქრაძემ.

Foreign Policy: ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა განაახლეს საქართველოსათვის დახმარების მცდელობა რუსული ძალების ქვეყნიდან გასაძევებლად. ხედავენ თუ არა საქართველოს წარმომადგენლები ჟენევაში UN-ის ფორმატით, რუსეთთან გამართული მოლაპარაკებების შედეგსა და რუსული აგრესიის დასასრულს?

დავით ბაქრაძე: სამწუხაროდ ამ მხრივ წინსვლა არაა. ჩვენ ვხედავთ რომ ორმოცდაათზე მეტი შეხვედრისა და მოლაპარაკების შემდეგაც, რუსეთს არ სურს რომ შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები. დღეს, საქართველოზე თავდასხმიდან და საქართველოს 20%-ის ოკუპაციიდან 12 წლის შემდეგაც კი, ის კვლავ განაგრძნობს მცოცავ ოკუპაციას, რომელიც მოიცავს ადგილობრივი, ე.წ. ინსტიტუციების რუსეთის ფედერალურ სტრუქტურებში გაერთიანებას, რუსეთი ცდილობს გაანადგუროს დარჩენილი ქართული მემკვიდრეობა ოკუპირებულ რეგიონებში.

დღეს, რაც უკვე სახეზეა სხვა ქვეყნებშიც, ეს არის ჰიბრიდული ომი რომელიც რუსეთის ხელში იარაღი გახდა. ეს იარაღი საქართველოსთვის ახალი არ არის. წლების განმავლობაში ის ჩვენ სხვადასხვა ფორმით ვიხილეთ. 2006 წელს ეს იყო ენერგეტიკული და ეკონომიკური ინსტრუმენტების ბოროტად გამოყენება, 2008 წელს ეს იყო კიბერშეტევა. ასევე, 2019 წელს, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა კიბერ შეტევები. ახლაც კი, როცა ყველა, მთელი მსოფლიო გაერთიანებულია COVID 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, რუსეთი კვლავ უტევს საქართველოს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის იარაღით. მან, ასეთ რთულ დროსაც კი, ხელიდან არ გაუშვა მომენტი რომ მათი მხრიდან პროვოკაციები გაეძლიერებინა.

Foreign Policy: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შექმნეს უფრო მეტი ბარიერები სასაზღვრო ხაზის გადაკვეთის შეფერხების მიზნით, რაც კითხვებს ბადებს ადამიანების უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. თქვენი აზრით ვითარება უარესდება?

დავით ბაქრაძე: ოკუპაციის შედეგად, ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი) ოკუპირებული რეგიონებიდან, სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან, ათობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირია საქართველოში. ამ ტერიტორიებზე ყოველდღიურად ირღვევა ადამიანების უფლებები. მინდა ხაზი გავუსვა რომ ამ ორ ოკუპირებულ რეგიონში საიდანაც ადგილობრივები გაასახლეს, ძალიან მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა. ამ რეგიონებში მოსახლეობა ოთხჯერ ან ხუთჯერ შემცირდა, 135,000-დან დაახლოებით 30,000-მდე სამხრეთ ოსეთის რეგიონში, ხოლო აფხაზეთში 350-400,000-იდან 100,000-ამდე.

ეს ძირითადად ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა და დღესაც კი ვხედავთ, რომ საოკუპაციო ხაზს რუსეთი იყენებს როგორც ახალი ბრძოლის იარაღს, იმისთვის რომ კვლავაც გაიტაცოს საქართველოს მოქალაქეები. საყურადღებოა რომ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ე.წ. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან დაახლოებით 100-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს.

აქ საქმე გვაქვს ეგრეთ წოდებული სასაზღვრო წერტილების ჩაკეტვასა და თავისუფალი გადაადგილების მუდმივ შეზღუდვასთან, რომელსაც რუსეთი იყენებს როგორც კიდევ ერთ ჰიბრიდულ [საომარ] ინსტრუმენტს; ეს ყველაფერი ძალზე აუარესებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და ოკუპირებულ რეგიონებში.

ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმმა განზრახ უარი განაცხადა მოქალაქეების სამედიცინო ევაკუაციაზე ოკუპირებული რაიონებიდან რამაც მრავალი ფატალური შემთხვევა გამოიწვია. 2019 წლის სექტემბერში საოკუპაციო ხაზის დახურვის შემდეგ, ორმოცდაათი ადამიანი დაიღუპა ამ ძალზედ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების გამო, რადგან უარი ეთქვათ პაციენტებს სასწრაფო დახმარების მიღებაზე. აგრეთვე, საქართველოს მთავრობა ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს სახელმწიფო სარგებელი, მათ შორის უფასო სამედიცინო მომსახურება, რაც ყველა საქართველოს მოქალაქეს ეკუთვნის. თუმცა არც ეს არის შესაძლებელი.

Foreign Policy: არის თუ არა საკმარისი აშშ-ს და ევროპის ძალისხმევა იმისთვის რომ რუსეთმა ვერ გაამყაროს თავისი პოზიციები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში? მათმა არასაკმარისმა ქმედებებმა ხომ არ შეარყია ნატოში და ევროკავშირში შესვლის გეგმები?

დავით ბაქრაძე: ახლა ჩვენ ვხედავთ ძალიან ძლიერ პოზიციას, რაც გამოიხატება მრავალ დოკუმენტში და მოქმედებაში. მხოლოდ 2017 წელს, კონგრესმა პირველად აღიარა, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და დააწესა შეზღუდვა ნებისმიერი ქვეყნის დაფინანსებაზე რომელიც ცნობს მათ დამოუკიდებლობას.

ჩვენ გასულ წელს, დავინახეთ მხარდაჭერის ძალიან ძლიერი გზავნილი კონგრესიდან, როდესაც წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად მიიღო საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომელიც მოიცავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, მაგრამ ასევე აწესებს სანქციებს იმ პირებზე, რომლებმაც აშკარად დაარღვიეს ადამიანის უფლებები ოკუპირებულ რეგიონებში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სენატი კვლავ წინ წამოწევს ამ აქტის მნიშვნელობას და მას წლის ბოლომდე მიიღებს.

ევროკავშირის და აშშ-ს მხრიდან, ჩვენ ვგრძნობთ მტკიცე მხარდაჭერას ნატოში ინტეგრაციის საკითხებში, მათ საკმაოდ გაზარდეს დაგეგმილი სამხედრო წვრთნების რაოდენობა. ქართველთა დაახლოებით 76 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 70 პროცენტი NATO-ში გაწევრიანებას, ეს ძლიერი მაჩვენებელია იმისა რომ საქართველო სწორედ ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.

ვფიქრობ, რომ ერთხელაც რუსეთი გააცნობიერებს, რომ საქართველოს დაშინების მაგივრად, მან პირიქით გააძლიერა საქართველოს სურვილი შეუერთდეს NATO და მნიშვნელოვნად დააჩქარა ქართველების სვლა NATO-სა და ევროკავშირისკენ.

Foreign Policy: რამდენად დიდია რუსეთის მხრიდან პირდაპირი მხარდაჭერა სეპარატისტული რეგიონებისადმი?

დავით ბაქრაძე: რუსეთმა მალევე წამოიწყო ოკუპირებული ტერიტორიის გაზრდა ე.წ. მცოცავი ანექსიის გზით, რასაც ადგილობრივი ინსტიტუციების რუსულ სახელმწიფო სტრუქტურებში ინკორპორირება დაერთო. ჩვენ ვხედავთ არაკანონიერ ქმედებებს საქართველოს ორივე [სეპარატისტულ] რეგიონში. მარტივად სათქმელია და შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ რომ რუსეთი ასეთ ქმედებებს ახორციელებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იგივე ხდება უკრაინის ოკუპირებულ ან ანექსირებულ ტერიტორიებზე. ეს სწორედ ის საკითხია, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ყურადღებით ეკიდება.

ჩვენ ვხედავთ რომ რუსეთი განაგრძობს ეფექტურ კონტროლს ყველა სოციალური ან სამხედრო თუ სხვა სტრუქტურის ბერკეტით. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს 10,000-ზე მეტ კაციანი რუსის ჯარი არის განთავსებული სამხედრო ბაზებში სამხრეთ ოსეთში, ცხინვალის რეგიონში. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი თავისი გავლენისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად ეფექტურად იყენებს ფინანსურ ვალდებულებებს, გადასახადებს და ადგილობრივი ბიუჯეტის თითქმის ას პროცენტს.

ჩვენ ვხედავთ სამხედრო აღჭურვილობას, რომელიც განლაგებულია ამ ორ რეგიონში, რომელთა სპექტრიც სცილდება საქართველოს ფარგლებს და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის უფრო ფართო რეგიონს, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოებას.

Foreign Policy: რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრი, რომელიც ექვემდებარება საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ასევე გახდა დეზინფორმაციის კამპანიის სამიზნე….

დავით ბაქრაძე: პანდემიის გავრცელებისთანავე, ჩვენ დავინახეთ დეზინფორმაციის ტალღა, რომელიც თავს დაესხა საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემას, კონკრეტულად ლუგარის ცენტრს, რომელმაც შეასრულა კრიტიკული როლი COVID- 19-ის გავრცელების შეჩერებაში, (რასაც დიდი წარმატებით გაართვა თავი).

მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ცენტრმა მიიღო ძლიერი მხარდაჭერა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, რუსულმა დეზინფორმაციამ იგი წარმოაჩინა, როგორც ტოქსინებისა და ვირუსების გამოსაცდელი ბაზა. ეს იყო ძალზედ ორკესტრირებული შეტევა, რომელსაც ეხმიანებოდა ასობით სხვადასხვა განცხადება უმაღლესი თანამდებობის პირებისგან, მედიისგან ან ბლოგერებისაგან. რუსულ გადმოცემებში, ლუგარის ცენტრი პასუხისმგებელია წარმოუდგენელ შეთქმულებებზე, მათ შორისაა ებოლას ვირუსის წარმოება ან გავრცელება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რატი იონათამიშვილი - ექვსი პოლიტიკური პარტიის განცხადებას, ფაქტობრივად, ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი, რადგან მათ დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი
სალომე ზურაბიშვილი - საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რათა თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი
პაატა კვიჟინაძე: მე ეროვნული მოძრაობიდან ვარ, მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტურ პარტიას, რომელიც მართავდა საქართველოს, იმათ რომ იცოდნენ ახლა რა ხდება, რომ ენჯეოებმა უნდა მართონ საქართველო, საფლავში გადატრიალდებოდნენ ორივე, დარწმუნებული ვარ
რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა უკვე ორ წელზე მეტია, ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, იესპერ მოლერს შეხვდა
არქივი