ირაკლი კობახიძე - პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილებები სრულად გვრჩება ძალაში, ყველაფერი დანარჩენი არის წმინდა წყლის სპეკულაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
364 21 მაისი 2020, 16:00

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ახალი ჩანაწერებით მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დადგენის შესაძლებლობა ექნება.

მისივე თქმით, შეზღუდვები კი აუცილებელია, რათა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ვითარების მართვა იყოს შესაძლებელი.

„აქ გვქონდა რეალურად საქმის სხვადასხვა ალტერნატივა – ერთი, ეს იყო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, მეორე – ეპიდემიის თავის ნებაზე მიშვება და მესამე – ამ კანონის მიღება.  ჩვენ შეგვიძლია შევეკითხოთ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს ამ სამიდან რომელი იყო უკეთესი შესაძლებლობა. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არ იძლეოდა შემდგომ კონსტიტუციის შეცვლის საშუალებას,  მეორე – ეპიდემიის თავის ნებაზე მიშვება, თუ ამ კანონპროექტის მიღება. მემგონი, პასუხი არის ძალიან მარტივი. ერთადერთი ალტერნატივა იყო ამ კანონის მიღება“,- აღნიშნა კობახიძემ.

ასევე, მან განმარტება გააკეთა ადამიანის უფლებებისა და საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილზეც.

„ადამიანის უფლებების ნაწილში ყველაფერი არის ნათელი – კონსტიტუცია ადგენს სტანდარტებს და ადამიანის უფლებები შეიზღუდება ამ სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის თანაზომიერების და განჭვრეტადობის პრინციპების შესაბამისად.

რაც შეეხება საპარლამენტო ზედამხედველობას, ყველა უფლებამოსილება რჩება პარლამენტს და მას შეუძლია, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული ყველა ბერკეტი, მათ შორის შეიძლება, დასვას კითხვები, დაიბაროს მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი, შეიძლება, ინტერპელაციის წესით დასვას კითხვები. პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილებები სრულად გვრჩება ძალაში, ყველაფერი დანარჩენი არის წმინდა წყლის სპეკულაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი