სტატიები
სანამ ფრაზა „მადლობა თავისუფლებისთვის“ ფარსად ჟღერს...
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1876 09 აპრილი 2020, 21:11

ილია მეორის მოწოდებიდან ჩემი სახლის კარზე მეასე დაკაკუნებამდე ყველაფერი შეიცვალა და თან არაფერი შეცვლილა. დღესაც თავისუფლებისგან ქაოსს ვქმნით, პოლიტიკისგან - ბიზნესს, იდიოტებისგან - პოლიტიკოსებს, ხალხისგან - საბრძოლო იარაღს.

რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რა მოხდებოდა, 8 აპრილს ილია მეორის მოწოდება, - ქაშუეთისკენ გადავინაცვლოთ და ვილოცოთო, - ეროვნული მოძრაობის ლიდერებს რომ შეესმინათ? ირაკლი წერეთელს რომ არ ეყვირა: არსადაც არ წავალთ, არ დავიშლებითო! - რა შეიცვლებოდა? რა იქნებოდა, სხვებს რომ მისთვის მხარი არ აებათ. 

არადა ერთადერთი მიზეზი, რატომაც წერეთელს სხვებმა მხარი აუბეს, პოლიტიკური კომპლექსები იყო. სხვა შემთხვევაში ისინი მოღალატეებად, აგენტებად და მონებად მონათვლის კანდიდატები გახდებოდნენ. ეს კი მათ თავისუფლებისთვის მებრძოლის იმიჯს დაუნგრევდა. 

[პირადად მე, დიდ პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც იქ დგომა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო და არა იმიჯზე ზრუნვა. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე; მათზე, ვინც ათასობით ადამიანის ცხოვრებაზე ახდენენ გავლენას]  

ეს ტერმინები და სიტყვები დღესაც აქტუალურია და შიშები დღესაც ჩანს პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებში. 

მაგალითად, თავის დროზე გიგა ბოკერიას შეეშინდა, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარი დაეჭირა, ნაციონალები სერიოზულად დააბულინგებდნენ. ამ შიშს შეეწირა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შანსი. „ნაციონალურ მოძრაობას“, თავის მხრივ, შეეშინდა საკუთარი ბელადის მიხეილ სააკაშვილის, რომლის დესტრუქციაც უკვე პოლიტიკის საზღვრებს გასცდა.  


თემას რომ არ გავცდეთ, მაინც რა მოხდებოდა, ეროვნული მოძრაობის ლიდერებს მაშინ პატრიარქისთვის რომ დაეჯერებინათ? საბჭოთა კავშირი აღარ დაინგრეოდა? თავისუფლებას ვეღარ მოვიპოვებდით?  

რა თქმა უნდა, ერთიც მოხდებოდა და მეორეც. ერთადერთი, რაც შეიძლება თავიდან აგვეცილებინა, სამოქალაქო ომია. მაშინ ეროვნულმა მოძრაობამ მხოლოდ საკუთარი უპასუხისმგებლობის დემონსტრირება შეძლო. აჩვენა, რომ არის რადიკალური, კომპლექსებით სავსე, ემოციური და უგუნური. აჩვენა, რომ მისი დონე ირაკლი წერეთლის უნარებს არ სცდება. ჰოდა, მაშინ ყველა ირაკლი წერეთელი გახდა. ვერცერთ

უკვე გასაგები იყო - ვერცერთ კრიზისს საქართველო სისხლის გარეშე გვერდს ვერ აუვლიდა, უკვე ჩანდა, რომ ამ რადიკალური პოლიტიკური ფიგურების წყალობით ვერცერთ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მინას ფეხს არ ავაცდენდით. ასეც მოხდა ცოტა მოგვიანებით. მანამდე კი...

მერე ეს ყველა მიტინგიდან გაიქცა და რუსეთის სადამსჯელო ჯარს უბრალო ხალხი შეატოვა. რამდენიმე საათში კი ეს ყველა უკვე ქუჩაში იდგა, მხურვალე ფრაზებითა და სიტყვებით შეიარაღებული. მათ იგრძნეს ხალხში ეროვნული იმპულსი და ამის გამოყენებას თითოეული თავის სასარგებლოდ ცდილობდა. 

ეს იმპულსი კარგად იგრძნო ვარდების რევოლუციის დროს მიხეილ სააკაშვილმაც და ამ იმპულსს, მოგვიანებით, ბიძინა ივანიშვილიც მოთმინებით დაელოდა.

მეორე, რაც ამ ტრაგედიის ფონზე თითქმის პარალელურად მოხდა, ეს მაშინდელი მრავალრიცხოვანი პარტიების კარდაკარ სიარული და მოსახლეობისგან ფულის აკრეფის სერიალი იყო. თბილისის ცენტრში ერთი თუ ორი დიდი ყულაბა იდგა, სადაც ბევრმა ამ დაღუპული გმირების სახელზე ფული ჩაყარა. მაშინაც თქვეს, რომ ფული ცხრა აპრილს დაღუპულთა მემორიალისთვის სჭირდებოდათ, თითქოს რაღაც გრანდიოზული უნდა გაკეთებულიყო, თუმცა ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა.
 
ეს ბლეფი დღემდე თამაშდება. ეროვნული მოძრაობის „ასკოლკები“ თავს დიდ პარტიებს აფარებენ. მათი მთავარი ინტერესი ფულია და არა პოლიტიკის კეთება ან გამოწვევებზე სწორი პასუხი. ახლა კარდაკარ ვეღარ დადიან, ამიტომაც ფულს ბიუჯეტიდან გვაცლიან. დიდი პარტიები მათ, როგორც წესი, ბინძურ საქმეებს აკეთებინებენ. იმას, რასაც შავი პიარი და ტალახის სროლა ჰქვია. 


კანონზომიერი იყო ეროვნული მოძრაობის ჩარეცხვა. 

ვნახოთ, ვის ჩარეცხავს ახლა თანამედროვე პოლიტიკის კანონზომიერება. ყველა წესით, ეს პატარა პარაზიტი პარტიები უნდა იყვნენ.  

ცხრა აპრილი ჯერაც არ შემდგარა. პოლიტიკურ სპექტრს ამ მნიშვნელოვანი თარიღის ერთად აღნიშვნა 31 წლის შემდეგაც კი უჭირს. ჰოდა, სანამ ამ დღეს ცალ-ცალკე აღვნიშნავთ და სანამ 9 აპრილსაც ვესხმით თავს ერთმანეთს, სიტყვები „მადლობა თავისუფლებისთვის“ ფარსად ჟღერს. 

კიდევ ერთხელ ვიტყვი, ფარსად ჟღერს პოლიტიკოსებისგან, თორემ ხალხს ყოველთვის შეუძლია ერთად დგომა. ეს „კოვიდ-19“-ის გამოჩენამაც დაადასტურა. მაგალითად, პოლიტიკოსების ექიმებზე თავდასხმებმა. ხალხს მათი სწამს, ოპოზიცია კი მათში ლამის მტერს ხედავს, რადგანაც საკუთარ მოკავშირედ ვერ აღიქვამს. 

სხვათა შორის, ამ ბრძოლაში ვერც ფინანსებს იმეტებს. თუმცა, ეს სულ სხვა ისტორიაა და სხვა დროს იყოს.  

ქეთი ხატიაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
„ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანებას, ფაქტია, ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“
უცვლელი პრეზიდენტი, მაღალი ნდობა - რატომ იმარჯვებს ლავრენტი ალანია
არქივი