სტატიები
ხავსი - რადიკალებისთვის, ტესტი - დემოკრატიისთვის და რებუსი - პოლიტიკისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2285 08 მაისი 2021, 23:57

ქეთი ხატიაშვილი

სანამ ნიკა მელია ციხეში იყო, რადიკალები პოლიტიკური პროცესების სტარტზე იდგნენ - ხელოვნური კრიზისი, მათი ხედვით, რევოლუციური სცენარისთვის შანსებს მაინც ტოვებდა; როცა ნიკა მელია ციხეს დატოვებს, ზომიერები ფინიშის ხაზთან მივლენ - პარლამენტში ყველა შევა. მერე კი ეს ყველა არჩევნებისთვის მოემზადება და შარლ მიშელის დოკუმენტზეც იმუშავებს. 

ფაქტია, ნიკა მელიას პატიმრობით რადიკალებმა რევოლუციის მიმართულებით სტარტი ვერ აიღეს. არჩევნების შემდეგ მათ ჯერ ქუჩა წააგეს - ხალხი ვერ გამოიყვანეს, შემდეგ კი დასავლეთის მხარდაჭერა - ნიკა მელია პოლიტპატიმარი ვერ გახდა. 

ახლა პოლიტიკოსების ძველი თაობა ცდილობს, თარგმანში დაგვეხმაროს და გვითხრას, რომ ევროკავშირის გირაო მელიას პოლიტპატიმრად აღიარებას ნიშნავს. თუმცა, ევროკავშირს არ უჭირს, პირდაპირ თქვას ის, რასაც ხედავს და ფიქრობს. და თუ ნავალნის შემთხვევაში ჰყოფნის გამბედაობა, პირდაპირი შეფასებები გააკეთოს, ეს გაბედულება მელიას შემთხვევაშიც ეყოფოდა რამენაირად. დასავლეთის პოზიცია ამერიკის ელჩმა საქართველოში საკმაოდ ღიად და ცხადად გააჟღერა. კელი დეგნანმა თქვა: მელიას გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება ამის საშუალებას იძლევაო. 

ისევ ნავალნის რომ მივუბრუნდეთ, დასავლეთს არ მორიდებია რუსი ოპოზიციონერის პატიმრობისთვის უკანონო ეწოდებინა და პუტინისთვის მისი დაუყოვნებლივი განთავისუფლება მოეთხოვა. ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მხოლოდ სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი მოითხოვდა. 

ევროკავშირთან დაკავშირებულმა ფონდმა ვითარების განსამუხტად გირაოს თანხა გადაიხადა. და განმუხტა კიდეც ადგილობრივ არჩევნებამდე. პოლიტიკოსებს საშინაო დავალება მისცა: განაგრძონ ქვეყნის რეფორმირება.

მაინც რატომ ვერ შედგა ნიკას ვარსკვლავური საათი ციხეში. საერთოდ, ყველა ოპოზიციური ძალა და ფიგურა მაშინ მარცხდებოდა, როცა პროცესს ერთი მოთხოვნით იწყებდა და მსვლელობის დროს მას რამდენჯერმე ცვლიდა. მაგალითებს ღრმად არ შევყვებით. 

ბოლოს, ჟანრის კლასიკოსად ისევ და თავად ნიკა მელია მოგვევლინა. აქ მმართველი პარტია თავის რიტორიკაში სრულიად სამართლიანია. 

ნიკა მელიამ ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს; ვერ გადამიხდითო, გადაუხადეს; ამნისტიაზე ვერ დამითანხმებთო და არც მაგაზე იტყვის უარს“, - ამ სიტყვების ავტორი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილია. 

ვერ შეეკამათები, ყველაფერი მართლაც ასე იყო. გავიხსენოთ ფაქტები:
5 თებერვალს ნიკა მელიამ საგანგებო განცხადება გააკეთა: „[გირაოს] არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ!“

23 თებერვალს დაიჭირეს. დაკავებამდეც ხშირად და დემონსტრაციულად იმეორებდა: არც გადავიხდი და ვერც დამიჭერთო. აყვანის წინ კი ყველა კატეგორიული ტონით გაგვაფრთხილა:

ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც იქნება ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული, მითიური რაღაცა პერსონა, რომელზეც ნადირობს დღეს მთელი „ქართულ ოცნებაზე“ ორიენტირებული მედია, პლუს „ოცნების“ დეპუტაცია, თუ ასეთი ვიღაც აღმოაჩინეს, პირდაპირ გეუბნებით, იქნება ჩემი, რბილად რომ ვთქვათ, არაკეთილმოსურნე და პირადად მე მომიწევს მხილება ამ ადამიანის, რომ ის არის მჭიდროდ დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“ არა! – სპეციალური უსაფრთხოების სამსახურთან“.

30 მარტს, კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების დროს, ნიკა მელიას ევროკავშირის გირაოთი გამოსვლა შესთავაზეს - 40 ათასს ლარს ევროკავშირთან დაკავშირებული ფონდი დაფარავდა. თუმცა, მელიამ სასტიკი უარი განაცხადა. მამამისმა კი ირონიულად შენიშნა: ევროკავშირის მათხოვრები არა ვართო.  

19 აპრილს უკვე შარლ მიშელის დოკუმენტს მოეწერა ხელი. ის ე.წ. გავრილოვის საქმეზე ამნისტიის გამოცხადებას გულისხმობდა. მელიასთვის ახლა ამნისტია აღმოჩნდა მიუღებელი. პოზიცია მეორე დღესვე დააფიქსირა. 

გაითხოვეთ ამნისტია და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე“, – დაწერა მელიამ საკუთარ ფეისბუკგვერდზე. 

ამნისტია არ გაითხოვეს, თუმცა მელია გირაოს მაინც დასთანხმდა. 
ფაქტები ასეთია, მაგრამ რადიკალები თარგმანში აქაც გვეხმარებიან და გვარწმუნებენ, რომ მთავარი, ფაქტები კი არა, შეგრძნებებია. თანაც ნაციონალური შეგრძნებები. 

ამიტომაც, ნიკა მელიას ნელსონ მანდელას ადარებენ. 
ფაქტი: მანდელა ითხოვდა ციხიდან გამოშვებას და არ უშვებდნენ; მელიას იქით სთხოვდნენ საპატიმროს დატოვებას და ვერ ითანხმებდნენ. 

ამიტომაც, ნიკა მელიას ახლა გმირად და პოლიტპატიმრად აცხადებენ. 
ფაქტი: მას არცერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია არ აღიარებს არც პოლიტპატიმრად და არც სინდისის პატიმრად. 

ასე რომ, ნიკა მელიამ ვერ შეცვალა რეალობა თავის გარშემო, ვერ გახადა სიტუაცია უფრო ფეთქებადი და მეტად რევოლუციური. ამ რეალობამ თავად შეცვალა ის - დაიჭირეს, გადაახდევინეს. რას იზამს ახლა, ვნახავთ. გარეთ მას დიდი ქაოსი და მძვინვარება ელოდება. ოპოზიცია დაქსაქსულია, ქუჩაში მელიას პოლიტიკაში უკვე შემოსული ლევან ვასაძე დახვდება, პარლამენტში - შემოსასვლელად გამზადებული გიორგი გახარია. სად იპოვის ის თავის ადგილს? ახალი რეალობა რადიკალებისთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე - ჯერ არჩევნების, შემდეგ კი ქუჩის წაგება.  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი