სტატიები
გახარიას პირველი პოლიტიკური გზავნილი რადიკალიზმის წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
2949 31 მარტი 2021, 22:52

ქეთი ხატიაშვილი

„რადიკალიზმი ხელს უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას“ - ეს ფრაზა გიორგი გახარიას ზვიად გამსახურდიას საფლავზე შემთხვევით არ უთქვამს. ამით ის არა მხოლოდ და შეიძლება არა იმდენად წარუმატებელი მოლაპარაკებების ხუთთვიან რაუნდს გამოეხმაურა, რამდენადაც პირველი პრეზიდენტის ტრაგედიას. 

ზვიად გამსახურდია თავად გახდა პოლიტიკაში რადიკალიზმის მსხვერპლი. მაშინდელი ოპოზიცია შეიარაღებული იყო და არაფრის დათმობას არ აპირებდა. არადა, ედპ-მ და მისმა ლიდერმა გია ჭანტურიამ თავად ჩაიყენეს თავი თამაშგარე მდგომარეობაში, როცა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. ხალხმა ხმა ზვიად გამსახურდიას მისცა. პროცესებს მიღმა დარჩენილმა ჭანტურიამ კი არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ ნამდვილი ომი გააჩაღა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებითაც კი.

და ზუსტად მაშინ, როცა სხვა ქვეყნები ახალი ცხოვრებისთვის ემზადებოდნენ, ჩვენ სამოქალაქო ომში ჩავიძირეთ. 90-იანი წლების გარიჟრაჟზე გამსახურდიასა და შევარდნაძის შეხვედრის აუცილებლობაზეც საუბრობდნენ, თუმცა ედპ მზად იყო, ეს შეხვედრა კრემლის სცენარად მოენათლა. მოგვიანებით კი სწორედ ედპ იქნება ერთ-ერთი იმათგანი, ვინც შევარდნაძეს აეროპორტში დახვდება, მას პოლიტიკურად მხარს დაუჭერს და ხალხსაც კი დააჩოქებს შევარდნაძის ქართულ პოლიტიკაში დარჩენის სურვილით. 

დაახლოებით ორი წლის წინათ გაქცეული მესამე პრეზიდენტი პოლონეთის ქუჩებში გამოჩნდება და იტყვის: ნახეთ, ეს ქვეყანა როგორ განვითარდა, მომეცით შანსი და მე საქართველოსგან პოლონეთს შევქმნიო. პოლონეთმა ეს სწორედ იმით შეძლო, რომ უარი თქვა რადიკალიზაციაზე, ისინი კომუნისტებსაც კი არ დევნიდნენ. მათ სუფთა ფურცლიდან დაიწყეს, კომუნისტებიც დარჩნენ და პოლიტიკოსების ახალი თაობაც მოვიდა.  

ჩვენთან კი ეგრეთ წოდებულმა ეროვნულმა მოძრაობამ არა მხოლოდ კომუნისტები მონათლა მოღალატეებად, არამედ ერთმანეთიც. 

ასე რომ, ზვიად გამსახურდია თავად გახდა რადიკალიზმის მსხვერპლი. შეიძლება ვთქვათ, რომ ის დისიდენტი იყო და არა პოლიტიკოსი - ამაშიც არის ლოგიკა, მაგრამ უფრო მეტი სიმართლე ის არის, რომ პირველი პრეზიდენტი ვერასოდეს გამონახავდა საერთო ენას თავის ოპოზიციასთან.

ისევე როგორც მოგვიანებით, ზვიად გამსახურდიას ბუნდოვანი გარდაცვალების შემდეგაც კი, უკვე პრეზიდენტმა შევარდნაძემ ვერაფერი მოუხერხა ზვიადისტებს. ამნისტიაც გამოსცეს, დათმობებზეც წავიდნენ, მაგრამ პირველი პრეზიდენტის მომხრეებს პარტიზანულ მოძრაობაზე ხელი ვერ ააღებინეს. ორი ტერაქტი მოუწყვეს შევარდნაძეს და ზვიადისტები ორივეში მონაწილეობდნენ. 

ამდენად, ის, რაც ზვიად გამსახურდიას საფლავზე მუხლმოდრეკილმა გახარიამ თქვა, დღესაც აქტუალურია. ის თუ პოლიტიკაში რჩება, წესით, კონსტრუქციულობის განსახიერება უნდა გახდეს. მესამე ძალა კი არა, ოპოზიცია უნდა შექმნას, თანაც ისეთი, რომელთანაც პოლიტიკური თამაშის წესების შეთანხმება მარტივი თუ არა, შეუძლებელი მაინც არ იქნება. 
პოლიტიკური პროცესი ახლაც ჩიხშია, რადიკალები სულ ახალ და ახალ უტოპიურ მოთხოვნებს აყენებენ. 8 მარტის მოლაპარაკებების დროს ეს იყო 90-იანი წლების კრიმინალური ავტორიტეტის პოლიტპატიმრად გამოცხადება და მისი განთავისუფლება. ახლა თავად მიხეილ სააკაშვილის ამნისტირებას ითხოვენ. 

რამდენიმე დღეში საქართველოში ცხრა აპრილის წლისთავს აღნიშნავენ. უკვე 30 წელზე მეტი გავიდა და ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღესაც კი პოლიტიკური პარტიები ერთად დგომას ვერ ახერხებენ. რუსთაველზე, სადაც 1989 წლის 9 აპრილს დიდი ტრაგედია დატრიალდა, რაც საბოლოოდ დამოუკიდებელი საქართველოს ათვლის წერტილადაც კი იქცა, ჯერ ხელისუფლება მიდის ყვავილების დასადებად, შემდეგ - ოპოზიცია. თუმცა, ყველა, ვინც მაშინ რუსთაველზე იდგა და საბჭოთა ტანკებს შიშველი ხელით წინ ეღობებოდა, მხოლოდ დამოუკიდებელ ან უბრალოდ თავისუფალ საქართველოზე კი არ ოცნებობდა, არამედ ერთიანობაზე, პროგრესზე, განვითარებაზე.

პოლიტიკურმა ელიტამ კი გაფუჭებულ ფირფიტასავით ჩაიხვია რადიკალიზმი და მას შემდეგ ჯიუტად დგას ამ „ჩახვეულ ნოტზე“.

სავარაუდოდ, ახლაც ასე იქნება. პოლიტიკური პროცესი ხომ დიდი ხანია - ოფიციალურად რურუასთან, არაოფიციალურად კი მიშას ამნისტიასთან დამუხრუჭდა. 

სხვათა შორის, ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ გახარია პირველ პოლიტიკურ ნაბიჯებს სამეგრელოში დგამს. ვიღაცის პოლიტიკური ქოლგის ქვეშ ყოფნა მასაც სჭირდება. რამდენად დაიცავს ეს ქოლგა, ეს კიდევ სხვა ისტორიაა. ფაქტია, რომ რადიკალებმა ექსპრემიერს რამდენიმე სერიოზული საქმე უკვე „შეუკერეს“. გახარია უკვე გახდა რუსეთის აგენტი, ჯაშუში, პუტინის მონა და ასე შემდეგ. 

„ქართული ოცნება“ ჯერ მხოლოდ დამკვირვებლის როლშია. გიორგი გახარიას პროცესებში ოფიციალურად ჩართვამდე სახელისუფლებო ძალა დუმილის უფლებით სარგებლობს. ექსპრემიერის პოლიტიკაში გამოჩენა ერთნაირად სახიფათოა როგორც რადიკალებისთვის, ისე „ქართული ოცნებისთვის“. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი