სტატიები
„ქართული მოლაპარაკებების“ მოკლე ისტორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
996 23 მარტი 2021, 13:03

ბოლო შიდაქართულ მოლაპარაკებათა სამარცხვინო (ქვეყნისათვის სამარცხვინო) ჩაფლავებამ, რასაც აუცილებლად მოჰყვება მძიმე შედეგი არა გაჯიქებული მხარეების, არამედ ქვეყნისათვის, კიდევ ერთხელ მიგვანიშნა უმძიმეს პრობლემაზე, რაც საუკუნეებია გვიშლის ხელს ქართველებს, ავაშენოთ ფუნქციონირებადი სახელმწიფო: კომპრომისის კულტურის არქონა.

ეს კულტურა სახელმწიფოებრივი, იგივე პოლიტიკური კულტურის აუცილებელი პირობაა. წარმატებული სახელმწიფოები მხოლოდ იმ ერებმა და საზოგადოებებმა ააშენეს საუკუნეთა მანძილზე, ვინც გამოამჟღავნა ან/და შეიმუშავა კომპრომისის კულტურა და თავისი ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში აქტიურად იყენებდა კიდეც მას.

საქართველოში კი ამის ტრადიცია და უნარ-ჩვევები არ გაგვაჩნია შუა საუკუნეებიდან მოყოლებული. არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ანუ იმავე `შიდაქართული კომპრომისის` ძიებისას, არამედ საგარეო მტერთან ურთიერთობის დროსაც, რომელიც შენზე ასჯერ ძლიერი და გამანადგურებელია.

საკმარისია გავიხსენოთ აზიელი მხეცის, პირსისხლიანი პირუტყვის, თემურ-ლენგის 8 შემოსევა, რომელთაგან ბოლო 3-4 შემოსევის თავიდან აცილება უკვე ნამდვილად შეიძლებოდა ისე, რომ იდენტობას არ შეჰქმნოდა საფრთხე, ანუ ქრისტიანობაზე მასობრივად უარის გარეშე.

ამას „გმირობის მაგალითად“ გვასწავლიდნენ სკოლაში. გმირობა ნამდვილად იყო საბრალო ხალხის მხრიდან, რომლის ამოწყვეტასაც ის პირსისხლიანი პირუტყვი ცდილობდა,  თორემ სინამდვილეში ელიტათა და ხელისუფალთა სრული უნიჭობა/უგუნურება/უპასუხისმგებლობის მაგალითად უნდა ჩაითვალოს


ეს უნიჭობა და უკულტურობა გამოვლინდა მაშინვე, როგორც კი ქვეყანამ ჯერ ფაქტობრივი, შემდეგ იურიდიული დამოუკიდებლობა მოიპოვა 1980-იანი წლების ბოლოდან.

1990 წლის 28 ოქტომბრის ისტორიული, პირველი მრავალპარტიული არჩევნების წინ, ამ არჩევნების უდავო ფავორიტი, ზვიად გამსახურდია კომპრომისულ ფორმულას სთავაზობდა აბსოლუტურად ყველა არაკომუნისტურ პარტიას. გამსახურდიას ემისრები მიდიოდნენ და სთხოვდნენ ამა თუ იმ სამომავლო დათმობის ფასად გაერთიანებას ყველა იმ ბლოკსა თუ ალიანსს, ვინც დამოუკიდებლად აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას: ბლოკი „თავისუფლება“, ბლოკი „დემოკრატიული საქართველო“ და ა.შ და ა.შ.

პასუხად მიიღო მედიდური უარი: ჩვენ ისედაც ვიქნებით წარმოდგენილნი უზენაეს საბჭოში და „მრგვალებთან“  მერე ვილაპარაკებთ: რაიმე კომპრომისზე რატომ უნდა წავიდეთ და ვალდებულებები, თუნდაც ორმხრივი, რატომ უნდა ვიკისროთო: ამ ჩლუნგ უკომპრომისობას მოჰყვა ის, რომ არჩევნების შედეგად ვერც ერთმა ამ კუდაბზიკა „ბლოკმა“ და „ალიანსმა“ თუ „გაერთიანებამ“ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. დარჩნენ გარეთ გაავებულნი და დაბოღმილნი საკუთარი უმწიფრობა/კუდაბზიკობის გამო. უზენაეს საბჭოში კი მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა მოხვდა: ზ.გამსახურდიას „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ და კომუნისტები.

კომუნისტებს მაშინ უკვე არავინ არაფერს ეკითხებოდა: დაიწყო პათოლოგიური დაპირისპირება ე.წ. ქუჩის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რომელშიც, „მრგვალი მაგიდის“ მოსალოდნელი გახლეჩის შემდეგ ჩაერთვნენ შეიარაღებული ფორმირებები. ამ ფონზე მიმდინარე ე.წ. „მოლაპარაკებები“ მხარეებს შორის უფრო შავი ისტორიული კურიოზების სფეროს განეკუთვნება: ერთ-ერთი ამგვარი „მშვიდობიანი მოლაპარაკების“  დროს აწ უღიმღამოდ და შეუმჩნევლად გარდაცვლილმა ექსპრემიერმა თენგიზ სიგუამ გვერდით გაიტყუა „მოსალაპარაკებლად“ შინაგან საქმეთა მინისტრი დილარ ხაბულიანი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, „გვარდიად“ წოდებული კიტოვანის ბანდფორმირების წარმომადგენელმა თვალებში მჟავა შეასხა კარგა ხნით მწყობრიდან გამოსაყვანად. მიზანსაც მიაღწია.

ამ ვითარებაში რომელ კომპრომისზე იქნებოდა ლაპარაკი? დასრულდა ყოველივე სისხლიანი კონფლიქტით, თბილისის ცენტრის გადაწვით, სამეგრელოს აოხრებით, ხოლო მცირე ხნის შემდეგ   სამეგრელოს საბრალო სოფლების დაბომბვით ქართული ავიაციის (СУ-25) მიერ.

აფხაზეთის ომის დროს, „მოლაპარაკებები“ ქართულ მხარეებს შორის დასრულდა შეურიგებლობით, აფხაზეთში კატასტროფული მარცხით, რუსეთის ჯარის შემოსვლით და ქვეყნის სამ (უფრო ზუსტად ოთხ) ნაწილად დე-ფაქტო გაყოფით

 

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პირველ პერიოდში, ანუ სამოქალაქო ომის დამთავრებიდან  5-6 წლის განმავლობაში, სერიოზული ოპოზიციური ძალა ქვეყანაში არც არსებობდა. ამ აზრით არავისთან არაფერი „მოსალაპარაკებელი“ შევარდნაძეს არ ჰქონდა, რაკი მან და მისმა გუნდმა გაიმარჯვა იმ სამოქალაქო ომში. მაგრამ უკვე ბოლოსკენ, „ქართული მოლაპარაკებების“ აუცილებლობა მაინც გაჩნდა, რაკი გაძლიერდნენ პატარ-პატარა, თუმცა გავლენიანი პოლიტიკური ან/და პოლიტიკურ/ფინანსური ჯგუფები. მათ შორის „მრეწველები“ და  „ახალი მემარჯვენეები“. გარდა ამისა, „მოლაპარაკება/კომპრომისების“ აუცილებლობა წარმოიშვა თვით მმართველ პარტია „მოქალაქეთა კავშირში“, რომლის ფორმალური თავმჯდომარე პრეზიდენტი შევარდნაძე იყო, ხოლო რეალური ხელმძღვანელი -  ზურაბ ჟვანია.

„ჟვანიას გუნდის“ გაძლიერება, 1999 წლის საპარლამენტო და 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ედუარდ შევარდნაძეს სულ უფრო აშფოთებდა. ჩნდებოდა თემები, რომელზეც ხდებოდა აუცილებელი მოლაპარაკება მმართველი პარტიის კონსერვატიულ ფრთასა და „ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფს“  შორის.

პრეზიდენტმა  ამ შეშფოთების „დაბალანსება“ ჩვეული ტექნოლოგიით სცადა: ჯერ მიხეილ სააკაშვილი დანიშნა იუსტიციის მინისტრად; ასევე,  გამართა მოლაპარაკებები მინისტრთა კაბინეტის შემოღების შესახებ,  რაც სრულიად მოსალოდნელი ნულით დასრულდა; შემდეგ ზურაბ ჟვანია ჩაანაცვლა ნინო ბურჯანაძით და თვითონაც დატოვა „მოქკავშირის“ თავმჯდომარის თანამდებობა.

ეს ყოველივე ხსენებულ „ქართულ მოლაპარაკებათა“ უშედეგობის შედეგი იყო, რაკი პრეზიდენტი და მის მიერ გამოზრდილი ახალგაზრდა პოლიტიკოსები ვერანაირად ვერ თანხმდებოდნენ შევარდნაძის, როგორც პრეზიდენტის და ქვეყნის მმართველის სამომავლო როლზე.

„შიდამოქკავშირულ“ მოლაპარაკებათა კულმინაცია 2003 წლისათვის შედგა და მხარეებმა კვლავ ვერ/არ გამოამჟღავნეს კომპრომისის კულტურა.

შევარდნაძემ, თავიდან, ნინო ბურჯანაძეზე დადო ფსონი და თავისი ბავშვობის მეგობრის, ანზორ ბურჯანაძის პირით შეუთვალა მასაც და ზურაბ ჟვანიასაც: ყველაფერს იღონებდა 2003 წლის 2 ნოემბრის „ბურჯანაძე-დემოკრატების“ გასამარჯვებლად, მიამაგრებდა მას საკუთარ საპარლამენტო გუნდს, „მოქკავშირში“  დარჩენილს, მიახმარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოღონდ.....იმ პირობით, თუ ბურჯანაძე და ჟვანია დაეთანხმებოდნენ შევარდნაძის გეგმას. გეგმა შედეგი იყო: 2003 წელს ნინო ბურჯანაძე კვლავ გახდებოდა პარლამენტის თავმჯდომარე, შემდეგ ზურაბ ჟვანიასა და ყოფილი მოქკავშირის მეშვეობით ნინო  გააკონტროლებდა საპარლამენტო უმრავლესობას, 2005 წელს ბურჯანაძე ხდებოდა პრეზიდენტი, ხოლო ედუარდ შევარდნაძე სათავეში ჩაუდგებოდა ეროვნული უშიშროების საბჭოს, ოღონდ გაფართოებული შემადგენლობით და უფლებამოსილებით. აი დაახლოებით ისე, როგორც დარჩა ხელისუფლებაში ნურსულთან ნაზარბაევი, რისთვისაც  ახლა ემზადება  ლუკაშენკო და ა.შ.

ნინოს და ზურას დიდხანს არ უფიქრიათ ამ წინადადებაზე: მიშას მოსალოდნელი მძვინვარე რეაქციისა შეეშინდათ  და უარი სტკიცეს. გარდა ამისა, ნინო ბურჯანაძეს სრულფასოვანი პრეზიდენტობა უნდოდა და არა შევარდნაძის „თოჯინობა“.

ბოლოს, 2003 წლის `ვარდების რევოლუციამდე` რამდენიმე დღით ადრე, როდესაც „მიშას რევოლუციური კოლონა“ უკვე დაიძრა წალენჯიხიდან - თბილისისკენ, ზურაბ ჟვანიამ და ნინო ბურჯანაძემ უკანასკნელ ხერხს მიმართეს და უკანასკნელი შანსი გამოიყენეს: მივიდნენ ამერიკის ელჩ რიჩარდ მაილსთან და მისი მეშვეობით შეუთვალეს შევარდნაძეს: ის დარჩებოდა პრეზიდენტად 2005 წლამდე, შემდეგ გავიდოდა „დამსახურებულ პენსიაზე“ მისი და მისი ოჯახის (ჯოხთაბერიძის) უსაფრთხოების გარანტიით, ოღონდ იმ პირობით თუ გააუქმებდა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგს და დანიშნავდა ახალ საპარლამენტო არჩევნებს 2004 წლის გაზაფხულზე. როგორც ჩატარდა რეალურად, ოღონდ უკვე შევარდნაძის გარეშე.

ბურჯანაძე/ჟვანია/მაილსის კომპრომისული წინადადება იყო ედუარდ შევარდნაძის უკანასკნელი შანსი, რომელიც მან ვერ გამოიყენა სწორედ იმიტომ, რომ მთელი მისი ნიჭის და პოლიტიკური გამოცდილების მიუხედავად, საბოლოოდ მაინც მენტალურად ქართველი აღმოჩნდა - „კომპრომისის კულტურის“ დეფიციტით.

იმ მომენტში, ამ კომპრომისის ავტორმა,  ზურაბ ჟვანიამ, რომელიც აბსოლუტურად გამორჩეული და მართლა უნიკალურად ნიჭიერი პოლიტიკოსია  მთელს ქართულ „პოლიტელიტაში“, ეს კულტურა და შესაბამისი მენტალიტეტი ბევრად მეტად გამოამჟღავნა.


2004 წლის 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტებით, ქვეყანაში შეიქმნა დაახლოებით იგივე ვითარება, რაც პრეზიდენტ შევარდნაძის პირველ პერიოდში, 1995 წლის  5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტ შევარდნაძეს და შევარდნაძე-ჟვანიას პარტიას სერიოზული კონკურენტი არ ჰყავდათ, ხოლო რეგიონალური ლიდერი, ასლან აბაშიძეც სრულიად ლოიალური იყო.

ოღონდ ეს ვითარება სააკაშვილის შემთხვევაში სწრაფად შეიცვალა მიუხედავად იმისა, რომ ასლანს მასთან არ გაუვიდა ის, რაც შევარდნაძესთან გასდიოდა და სულ მალე გააძევეს აჭარიდან. მაგრამ სახელისუფლებო ტრიუმვირატი სააკაშვილი-ბურჯანაძე-ჟვანია, რომელიც გარეგნულად ერთიანი და განუყოფელი სჩანდა, სინამდვილეში სულაც არ ყოფილა ასეთი მტკიცე. ამიტომ მოლაპარაკებათა და კომპრომისთა აუცილებლობა მალევე წარმოიშვა და სულ უფრო გაძლიერდებოდა, რომ არა ზურაბ ჟვანიას დაღუპვა 2005 წლის 3 თებერვალს ტრაგიკული შემთხვევის (!) შედეგად. მანამდე, მიხეილ სააკაშვილი ახერხებდა ჟვანიას ამბიციათა შეკავებას საკუთარი კოლოსალური საარჩევნო რეიტინგით (96%). ზოგჯერ ამცირებდა კიდეც. მაგალითად მისი თანდასწრებით თქვა საჯაროდ: „ქალი გვინდოდა პრემიერად, მაგრამ.....რაც არის ეს არისო.....“

ზურაბ ჟვანია რომ ცოცხალი დარჩენილიყო, ის და მისი გუნდი „მოლაპარაკებათა აუცილებლობის“ ბევრად მეტ მოტივაციას შეუქმნიდა პრეზიდენტ სააკაშვილს დროთა განმავლობაში, მაგრამ ასე არ მოხდა.

სამაგიეროდ, სააკაშვილი იძულებული გახდა მოლაპარაკებები გაემართა საკუთარი კოალიციის წევრებთან: „რესპუბლიკელებთან“ და „კონსერვატორებთან“, რომელთა მოთხოვნები და მიდგომები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო იყო მნიშვნელოვან თემებზე. ამავე დროს, კულისებს მიღმა მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ნინო ბურჯანაძესთანაც, რომელიც სულ უფრო ხშირად სვამდა დახურულ კარს მიღმა სხვადასხვა საკითხს, რაკი საკუთარი პოლიტიკური გავლენა/კაპიტალის დასაგროვებლად ემზადებოდა და თავად სურდა მეოთხე პრეზიდენტი გამხდარიყო მიშას შემდეგ.

სააკაშვილმა ეს პრობლემა და შეურიგებლად უკომპრომისო მოლაპარაკებათა პრობლემა ორიგინალურად გადაწყვიტა: ჯერ მედია გააკონტროლო (2007 წლამდე ნაწილობრივ, მერე სრულად) ხოლო ნინო ბურჯანაძე ფაქტის წინაშე დააყენა, როდესაც მოიწვია პრესკონფერენცია და განაცხადა, რომ ქვეყანა საპრეზიდენტო მოდელიდან - საპარლამენტო მოდელზე გადავიდოდა 2012 წელს.

ნინოსთვის ეს მოულოდნელი იყო, ძალიან არასასურველიც, მაგრამ ალტერნატივად მხოლოდ მიშასთან ღიად დაპირისპირება რჩებოდა, რისთვისაც ბურჯანაძე მაშინ (2006 წელს) ჯერ მზად არ იყო. სამაგიეროდ, მზად აღმოჩნდა 2008 წელს, როცა სააკაშვილმა პირდაპირ უთხრა უარი საარჩევნო სიაში მისდამი ლოიალური ხალხის ჩასმაზე და ამით აგრძნობინა, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაუთმობდა მას ხელისუფლებას 2012 წელს.

„აგვისტოს ომის“ შემდეგაც იმართებოდა კომიკური მოლაპარაკებები პრეზიდენტ სააკაშვილსა და იმდროინდელ ოპოზიციას (გრეჩიხები და ა.შ) შორის, მაგრამ მიშამ იმ დროსაც იგივე ტექნოლოგია გამოიყენა სრული უკომპრომისობისთვის: აქცია ფეიკად მოლაპარაკებები ჯერ ე.წ. „თავიანთან“. შემდეგ ოპოზიციურ პარტიათა „ექვსეულთან“. მედია კი ამ ყველაფერს მისთვის სასურველ ჭრილში აშუქებდა.

ბოლოს გაიმართა „ქართული მოლაპარაკებები“ ბიძინა ივანიშვილთან, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“  საარჩევნო მარცხი და ხელისუფლების შეცვლა მოჰყვა.


იმ მომენტიდან - დღემდე, მიშა „ქართულ ოცნებასთანაც“ აწარმოებს ფარულ მოლაპარაკებებს, თუნდაც პოლიტიკური მინიშნებებით, რაც ზოგადად პოლიტიკური ტქნოლოგისი ნაწილია,  მაგრამ ორივე მხარე ისევე უკომპრომისოა, როგორც ყველა ქართული მხარე: მიშა რევოლუციურ სტილზე უარს ვერ იტყვის, რაკი ეს მისი „პოლიტიკური იდენტობაა“, სხვა შემთხვევაში მომხრეებსაც დაკარგავს და ამომრჩეველსაც. „ოცნება“კი არაფერს თანხმდება, რაკი ესმის, რომ თუნდაც საყოველთაო ამნისტია, ანუ ამ ფორმით მიშას დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში უკვე „ოცნების“ პოლიტიკურ იდენტობას დაანგრევს, უკვე მას დააკარგვინებს მომხრეებსაც და ამომრჩევლებსაც. აქაც იმავე უკომპრომისობის უკულტურობაა: ყველაფერი ან არაფერი! ასეთია ქართული დიალოგ-უკულტურობის ერთიანი ფორმულა.

ბიძინა ივანიშვილი, როგორც პოლიტიკური ფენომენი არაფრით განსხვავდება წინამორბედებისაგან. ასევე, მისი ოპოზიციაც არაფრით განსხვავდება წინა ეპოქის ოპოზიციებისგან. ივანიშვილი პოლიტიკური სტილით თითქოსდა და „ცა-დედამიწასავით“ სხვანაირი  ვიდრე სააკაშვილი, შევარდნაძე, გამსახურდია, თუმცა აი ამ მთავარ და სისტემურ საკითხში, როგორიცაა კომპრომისის უუნარობა, მის წინამორბედთა ტყუპისცალია. ისევე როგორც ბიძინას ოპოზიციაა ამ მხრივ წინამორბედთა თარგზე მოჭრილი.

სააკშვილის მსგავსად, ივანიშვილსაც შეექმნა პრობლემა საკუთარ გუნდში და ეს პრობლემა გადაწყვიტა არა სისტემური კომპრომისით, არამედ ისევე, როგორც მიშამ 2008 წელს: „გაყარა კოალიციის სუბიექტები“ აქცია მისი პარტია ჰომოგენურად; ეს ბევრად იოლი იყო, ვიდრე მოლაპარაკებებით კომპრომისის მიღწევა მაგალითად „რესპუბლიკელებთან“ ან ზვიად ძიძიგურთან.

ასევე, ბიძინა ივანიშვილმაც გაასუფთავა „ოცნება“ სხვა პოლიტიკური იდენტობის მატარებელი ჯგუფებისგან ჯერ 2016 წლის არჩევნების წინ, შემდეგ კი, საბოლოოდ, 2020წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგად.

ახლაც გრძელდება „ქართული მოლაპარაკებები“ მიშას გაფართოებულ გუნდსა და მმართველ პარტიას შორის....ისევ ცივი ომის ლოგიკით, ისევ ყველაფერი ან არაფერი, ისევ სრულიად უკომპრომისო კლინჩი, მოსალოდნელი მძიმე და გამოუსწორებელი შედეგით.....პოლიტიკურ მიზეზებს (თუნდაც სისტემურს) კონკრეტულ ვითარებაში სულ ტყუილად ვეძებთ. ნამდვილი სისტემური მიზეზი უკულტურობაში უნდა ვეძიოთ და....ვაითუ ეთნოფსიქოლოგიაში. სხვაგვარი დასკვნა უკვე ისტორიულ გამოცდილებას ეწინააღმდეგება.

დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი, ისტორიკოსი  
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი