სტატიები
კეთილი ივანიშვილი, მემარცხენე ღარიბაშვილი, მემარჯვენე კვირიკაშვილი, მიმზიდველი ბახტაძე და ცოტა რამ გახარიას შესახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1332 24 სექტემბერი 2019, 10:44

მას შემდეგ, რაც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მოიგო, ქვეყანაში მეხუთე პრემიერი გვყავს. პირველი თვით ივანიშვილი იყო, ამჟამინდელი - გიორგი გახარია.

2013 წლიდან, ოთხივე პრემიერს ის აერთიანებდა, რომ მილიარდერის გუნდში მუშაობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ივანიშვილი „პოლიტიკურ ინკოგნიტოდ“ რჩებოდა. მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს ერთადერთი ნიშანია, რაც მათ ამსგავსებს: „სამთავრობო პროგრამებით“, ხედვით, მიდგომით, „ეკონომიკური ფილოსოფიით“ ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, მამუკა ბახტაძე და გიორგი გახარია კარდინალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ზოგ შემთხვევაში კი, მათი მიდგომები (მაგალითად, საბანკო რეგულაციების მიმართ კვირიკაშვილისა და ბახტაძის დამოკიდებულება) კითხვას აჩენს, საერთოდ როგორ შეიძლება ისინი ერთი და იმავე გუნდის წევრები, მით უმეტეს ლიდერები ყოფილიყვნენ.


ბიძინა ივანიშვილი - „კეთილი დაპირებები“

თვით ბიძინა ივანიშვილის სამთავრობო პროგრამაზე მსჯელობა რთულია, რადგან მან, როგორც ჩანს მიიჩნია, რომ 2012 წლის „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა უნდა ჩათვლილიყო პრემიერის გეგმად. ის პროგრამა კი ძირითადად „კეთილი დაპირებებისგან“ და ასევე „კეთილი სურვილებისგან“ შედგებოდა. ვგულისხმობ როგორც ახალი ხელისუფლების სურვილს, ასევე მასთან სინერგიაში მოსულ „ხალხის ოცნებებს“.

თუმცა, ერთი წლის განმავლობაში, სანამ ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტს იკავებდა, ჩამოყალიბებული სამთავრობო პროგრამა არავის უნახავს და არც მოუსმენია.

შესაძლოა, ეს იმითაც იყო განპირობებული, რომ ივანიშვილს ძალიან არ უყვარს საჯაროობა და სულ მალე ამიტომაც დაუთმო ასპარეზი საკუთარი გუნდის წევრებს. თორემ პროგრამის დაწერა მის ხელქვეითებს არ გაუჭირდებოდათ.


ირაკლი ღარიბაშვილი - „მემარცხენე“ პროგრამა

ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამა შედარებით უფრო კონკრეტული და ღია პოპულიზმისგან დაცლილი გამოდგა. ეს ბუნებრივია, რადგან 32 წლის პრემიერს უკვე  არა ოპოზიციურ მიტინგებზე დგომა, არამედ სახელმწიფო კანცელარიის შენობაში კონკრეტული საკითხების გადაწყვეტა უწევდა.

სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს უწევდა „ეპასუხა“ მოსახლეობის საარჩევნო მოლოდინებისა და „ოცნებებისთვის“, რომელთა დიდი ნაწილი, რასაკვირველია, არარეალური აღმოჩნდა. მაგალითად, კომუნალური გადასახადები

მისი  პროგრამა, როგორც მოსალოდნელი იყო, „მემარცხენე“ აღმოჩნდა. ნიშანდობლივია, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობისას გაწევრიანდა „ქართული ოცნება“ სოციალისტურ ინტერნაციონალში და მთავრობამ აამუშავა „ჯანდაცვის“ ახალი პროგრამა, რომელიც, მცირე თანადაფინანსებით, თითქმის უფასო სამედიცინო მომსახურებას გულისხმობდა.

გარდა ამისა, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს უწევდა „ეპასუხა“ მოსახლეობის საარჩევნო მოლოდინებისა და „ოცნებებისთვის“, რომელთა დიდი ნაწილი, რასაკვირველია, არარეალური აღმოჩნდა. მაგალითად, კომუნალური გადასახადები, მათ შორის ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე, ნაცვლად განახევრებისა, იზრდებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავის პრიორიტეტად დაასახელა „მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება“, რის მიღწევასაც „ეფექტური მმართველობით“ და მაკროეკონომიკური სტაბილურობით გეგმავდა.  თუმცა სწორედ მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, ლარმა დაიწყო „ჩაჩოჩება“ დაბალი ნიშნულისკენ, ხოლო სავაჭრო სალდო არათუ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა კიდეც, რის მიზეზათაც ახალი ხელისუფლება უკრაინის პოლიტიკურ კრიზისსა და მეზობელ თურქეთში განვითარებულ ეკონომიკურ მოვლენებს, პირველ რიგში ლირას დევალვაციას  ასახელებდა.

პრემიერ ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამის „მემარცხენე“ მიმართულებაზე  მეტყველებდა, ასევე, სოციალურ შემწეობათა გაზრდა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, უფასო სახელმძღვანელოების დარიგება, სტუდენტთა დაფინანსება სოციალურ პროგრამათა ფარგლებში და ა.შ.


გიორგი კვირიკაშვილი - „მემარჯვენე“ მიდგომები

ირაკლი ღარიბაშვილის გაურკვეველ ვითარებაში და უცნობი მიზეზით „წასვლის“ შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ხდება გიორგი კვირიკაშვილი. მისი სამთავრობო პროგრამა მკვეთრად „მემარჯვენეა“. ახალი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ  ორიენტირებული იქნება კერძო სექტორის მაქსიმალურ წახალისებასა და მის გაძლიერებაზე. ამ მიმართულებით მთავრობას გამოაქვს  გადაწყვეტილებების მთელი პაკეტი, რომელიც ქვეყანაში ბიზნესის კეთებას უფრო მიმზიდველს და მომგებიანს გახდის. შეიქმნება მნიშვნელოვანი საგადასახადო სტიმულები, ბიზნესი აღარ დაიბეგრება მოგების გადასახადით მოგების რეინვესტირების შემთხვევაში. აღნიშნული რეფორმით, ბიზნესსექტორში დარჩება ასეულობით მილიონი ლარი, რაც წაახალისებს ინვესტიციებს, დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას და შექმნის ათიათასობით სამუშაო ადგილს. საგადასახადო გარემო ბიზნესის მიმართ იქნება კიდევ უფრო მეგობრული და მაქსიმალურად წაახალისებს ინვესტიციებს; გაგრძელდება და გაფართოვდება მეწარმეობის, დამწყები ბიზნესისა და ინოვაციების ხელშემწყობი.......

„კვირიკაშვილის პროგრამით“, ეკონომიკა უნდა დაფუძნებოდა თავისუფელი ბაზრის პრინციპებს. იგულისხმებოდა იმ რეგულაციების არარსებობა, რაც ჯერ კიდევ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააუქმა.

სამთავრობო პროგრამა ადასტურებდა, რომ „კვირიკაშვილის კაბინეტი“ უპირატესად იზრუნებდა კერძო სექტორში პრობლემათა გადაჭრისთვის, რაც ხელს შეუწყობდა  კერძო სექტორის გაძლიერებასა და სამუშაო ადგილების გენერირებას.....ასევე, იმ ფენების მხარდაჭერას, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ.

ამ კლასიკური, „მემარჯვენე“ ფორმულით დასტურდება, რომ გიორგი კვირიკაშვილს, ისევე როგორც მის თანამოაზრეთ, სწორედ კერძო სექტორის გაძლიერება, რეგულაციების გაუქმება და სახელმწიფო ჩარევისგან  მაქსიმალურად თავისუფალი ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბება მიაჩნდა საქართველოს მთავარი სოციალური მანკის, უმუშევრობის შერბილების  წინაპირობად. ამიტომაც, დოკუმენტში საგანგებოდ აღნიშნულია, რომ მთავრობა მიზნად ისახავს ისეთი მოდელის დანერგვას, რომლის პირობებშიც, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მცირდება სიღარიბე და უმუშევრობა მოსახლეობაში. პროგრამის „სოციალური შინაარსი“ კი შემოფარგლულია უჩვეულო ფორმულით, რომ ხელისუფლება იხელმძღვანელებს „სოციალური უსაფრთხოებისა და სამართლიანობის პრინციპებით.

კვირიკაშვილის პროგრამის და მისი სამთავრობო პოლიტიკის უმთავრესი მიმართულება, სინამდვილეში იყო საფინანსო ბაზრის სრული ლიბერალიზაცია. კვირიკაშვილს, როგორც ბანკირსა და პრემიერს, მიჩნდა, რომ კრედიტებზე ხელმისაწვდომობა, - იმავდროულად კრედიტთა ადმინისტრირების („ვალების ამოღების“) არსებული სისტემის შენარჩუნებით, - უეჭველად გამოიწვევდა ეკონომიკის დაკრედიტების ზრდას და ხელს შეუწყობდა საქართველოს ქცევას რეგიონის ფინანსურ ცენტრად. იგულისხმებოდა ახალ-ახალი საკრედიტო ხაზების გახსნა საქართველოში არსებული ბანკებისათვის.

სოციალური „მატრიცის“ დაზიანება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ღრმა აღმოჩნდა. იმდენად, რომ ეჭვქვეშ დააყენა მმართველი პარტიის პოზიციები საპრეზიდენტო არჩევნების წინ

მაგრამ პრემიერი კვირიკაშვილი უგულებელჰყოფდა იმ გარდაუვალ სოციალურ რისკებს, რაც უეჭველად წარმოიშვება ამ პროცესში: უამრავმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ თუ მსხვილმა ბანკმა, კარგად შენიღბული კარტერული შეთანხმებებით ან თუნდაც არსებული კონიუნქტურის სარფიანად გამოყენებით, დააწესა არანორმალური საპროცენტო განაკვეთები, ისარგებლა ამ სფეროს სრული დერეგულაციით, რამაც მოსახლეობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის „ფინანსური დაკაბალება“ გამოიწვია, - როდესაც ვალაუვალი მოსახლეობა უდიდესი გაჭირვების ფასად, ძლივს-ძლივობით იხდიდა საპროცენტო განაკვეთს ან ვერ ახერხებდა „ძირი თანხის“ გადახდას, კარგავდა ერთადერთ ბინას და ა.შ.

სამაგიეროდ, როგორც თავად გიორგი კვირიკაშვილმა აღიარა უკვე მას შემდეგ, რაც მისი „წასვლა“ გადაწყდა, ამგვარი „უმკაცრესი“ მეთოდებით მოხერხდა ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი ტემპის შენარჩუნება რეგიონული და გლობალური კრიზისის ფონზე.

თუმცა, სოციალური „მატრიცის“ დაზიანება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ღრმა აღმოჩნდა. იმდენად, რომ ეჭვქვეშ დააყენა მმართველი პარტიის პოზიციები საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

ინფრასტრუქტურული განვითარების ნაწილში, სამთავრობო პროგრამაში უკვე  ნახსენებია ანაკლიას პორტიც. ცხადია, რომ სწორედ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას აიგო ის „კონსტრუქცია“, რომელიც საბოლოოდ „ანაკლიას კონსორციუმის“ ჩამოყალიბებით დასრულდა.

პროგრამით, მთავრობა გვპირდებოდა, რომ 2020 წლამდე დაიგება 800 კმ-ზე მეტი სიგრძის, 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების   საგზაო ინფრასტრუქტურა. დრომ აჩვენა, რომ ეს გეგმა რეალობასთან შეუსაბამო იყო. მაგრამ მისი განხორციელების მცდელობამ განაპირობა მძიმე შეცდომები კონტრაქტორი კომპანიების მოძიებისას და შესაბამისი, სისხლისსამართლებრივი ჟღერადობის  სკანდალური საქმეებიც იმდროინდელი მინისტრთა კაბინეტის მესვეურთა მონაწილეობით.

სწორედ „ანაკლია“ და „საბანკო დერეგულაცია“ გახდა, საბოლოოდ გიორგი კვირიკაშვილის „გაშვების“ მიზეზი. ანუ, თუ ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო „რესპუბლიკური პარტიის“ (2016 წლამდე კოალიციის გავლენიანი წევრის) ეჭვები, რომ პრემიერი ღარიბაშვილი აპირებდა „ჩრდილოეთისკენ“ გადაეხარა ქვეყნის განვითარების ვექტიორი, გიორგი კვირიკაშვილის მიმართ ასეთი კითხვები და ეჭვები არ არსებობდა: მის სამთავრობო პროგრამაში პროდასავლურ კურსს განსაკუთრებული ადგილი ეკავა, რაც შემდგომში, პრემიერ-მინისტრის ამერიკაში ვიზიტმაც დაადასტურა.

 მაგრამ სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობის უკმაყოფილება საბანკო ვალებით, მაინც მთავარი მიზეზი გახდა, რის გამოც, საბოლოოდ, გიორგი კვირიკაშვილი მისმავე ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჩაანაცვლა.


მამუკა ბახტაძე - სახელმწიფო პატერნალზმი

ვერც ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, თითქოს ძველი და ახალი პრემიერის სამთავრობო პროგრამებს შორის არანაირი სხვაობა არ ყოფიალ: მამუკა ბახტაძე, ისევე როგორც ირაკლი ღარიბაშვილი, უფრო მეტად იყო ორიენტირებული სახელმწიფო პატერნალიზმზე, ესე იგი სახელმწიფოს როლის გაძლიერებასა და კონტროლზე, ისევე როგორც სოციალურ ხარჯებზე და ბიზნესთან მთავრობის უფრო „მჭიდრო“ ურთიერთქმედებაზე - იმაზე აქტიურად, ვიდრე ეს „მემარჯვენეებს“ წარმოუდგენიათ.

მას შემდეგ, რაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, ოპოზიცია აცხადებდა, რომ ბახტაძემ „კვირიკაშვილისგან გადაიწერა“. ეს პრეტენზია უსამართლო იყო, რადგან სინამდვილეში მამუკა ბახტაძის პროექტი რამდენიმე საკვანძო მომენტით განსხვავდებოდა წინამორბედის პროგრამისაგან: „ბახტაძის პროგრამა“ ბევრად „სოციალური“ ანუ მემარცხენე იყო და მასში ისეთი აქცენტი არ კეთდებოდა დერეგულაციაზე, ასევე ანაკლიას პორტზე, როგორც „კვირიკაშვილის პროგრამაში“.

ახალი პრემიერი აქცენტს აკეთებდა „სიღარიბის დაძლევაზე“, ოღონდ, შინაარსიდან გამომდინარე, მას სხვა მეთოდი მიაჩნდა ამ მიზნის მისაღწევად უფრო შესაბამისი, ვიდრე გიორგი კვირიკაშვილს: ბახტაძე გულისხმობდა სახელმწიფო „ჩარევისა“ და პატერნალიზმის გაძლიერებას, როგორც ევროპის „სოციალურ სახელმწიფოებში“.

შემთხვევითი როდია, რომ ბახტაძის პროგრამაში გაჩნდა ნიშანდობლივი ჩანაწერი: „მთავრობისათვის, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია მისი ხარისხობრივი მაჩვენებელიც“.

მამუკა ბახტაძის მმართველობას უკავშირდება ასევე „დაგროვებითი პენსიის“ სისტემის შემუშავება, რაც ამჟამად ინერგება და „მემარჯევნე“ ძალთა მწვავე კრიტიკას იმსახურებს

ბახტაძე პრიორიტეტად აცხადებდა „ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას“, რაც იმავე ევროპულ სახელმწიფოებში უპირატესად სოციალური შინაარსის ტერმინია. „მთავრობა მიზნად ისახავს ისეთი მოდელის დანერგვას, რომლის პირობებშიც, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, იზრდება ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობაც. მცირდება უმუშევრობა და სიღარიბე“ - ნათქვამია პროგრამაში. მთავრობა მოსახლეობას პირდებოდა, რომ „მოხდება სოციალური გასაცემლების ზრდა“.

მამუკა ბახტაძის მმართველობას უკავშირდება ასევე „დაგროვებითი პენსიის“ სისტემის შემუშავება, რაც ამჟამად ინერგება და „მემარჯევნე“ ძალთა მწვავე კრიტიკას იმსახურებს, რაკი მემარჯვენეები, მთელს მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში, მას თვლიან „სოციალისტურად“.

იმავე მიზეზით, მწვავედ აკრიტიკებდნენ დებულებას, რომ საქართველოში არსებული საგადასახადო სისტემა „უნდა ახალისებდეს ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას“. ზოგიერთი პროდუქცია კი სრულად უნდა განთავისუფლებულიყო გადასახადისაგან.

ტრადიციულად „მემარცხენედ“ აღიქმებოდა, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამები, საექსპორტო პოტენციალის საწარმოთა მხარდაჭერა და ა.შ.

ბახტაძის პროგრამაში საუბარი იყო, სახელმწიფო ინვესტიციებზე, რაც ე.წ. „სახელმწიფო კაპიტალიზმის“ ფორმად აღიქმება.

2018-2020 წლების პროგრამის „ღერძი“ რომ მოსახლეობის ვალაუვალობის შემცირება და საბანკო დერეგულაციის შედეგად წარმოშობილი პრობლემების შემცირებაა, „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის“ თაობაზე შემდეგი თეზისით ჩანს:

„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა მნიშვნელოვანია ქვეყანაში სოციალურად მდგრადი და ეფექტიანი ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად. ჭარბვალიანობა სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული წყაროა; იგი, ერთი მხრივ, ამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს ხოლო მეორე მხრივ, პირები, რომლებსაც შეექმნათ პრობლემები, ამოვარდნილი არიან აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. ხშირ შემთხვევაში, ეს არის მომხმარებლების დარღვეული უფლებების შედეგი. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დაბალი სტანდარტი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ჭარბვალიანობა მნიშვნელოვანი პრობლემაა მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის. მთავრობის მიერ ინიციირებულმა რეფორმამ უნდა დაადგინოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მაღალი სტანდარტი ქვეყანაში. შედეგად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მექანიზმების სრულყოფილი ფუნქციონირება მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას მოახდენს მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე, საკრედიტო რეიტინგებზე და ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებაზე“

სწორედ ეს განასხვავებს, პირველ რიგში, „ბახტაძის პროგრამას“ – „კვირიკაშვილის პროგრამისგან“


გიორგი გახაია - დაბალანსების მცდელობა

თუ მამუკა ბახტაძის პროგრამა სამწლიანი იყო (2018-2020), ახალი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პროგრამა ორწლიანია (2019-2020).

ლამის მაგიურად ქცეული 2020, რასაკვირველია, მომავალ წელს დანიშნულ არჩევნებს უკავშირდება.

თუმცა „გახარიას პროგრამით“ ჯერ კიდევ ძალიან ძნელია იმის განსაზღვრა, რა პრიორიტეტები ექნება ახალ მთავრობას ეკონომიკურ სფეროში. ამ მხრივ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პროგრამა, ყველაზე რთულად „მისაკუთვნებელია“ რომელიმე „მემარჯვენე“ ან „მემარცხენე“ დოქტრინისადმი. მისი „ფილოსოფიაა“ – „მოვიგოთ არჩევნები“.

შესაბამისად, იოლად შესამჩნევია მცდელობა, „დააბალანსოს“ ბიზნესის, მათ შორის მსხვილი ბიზნესის ინტერესი მოსახლეობის „სოციალური ტვირთის“ შემსუბუქებასთან.

გახარიას დაპირებები სრულად შეესაბამება ძირითად ტრენდებს „ოპოზიცია-ხელისუფლების“ ამჟამინდელ დისკურსში: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ გაგრძელდება ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობის პროექტი, რომელიც, მისი მტკიცებით,  არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაზე, არამედ გაზრდის საქართველოს როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ჰაბად;

პროგრამის შესაბამისად, რომელსაც სახელი ჯერ ვერ შეურჩიეს ბახტაძის პროგრამისაგან განსხვავებით, 2020 წლისთვის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება დამატებით 430 000 ადამიანი;  2020 წლის ბოლოსთვის გაზმომარაგებაზე წვდომა ექნება 1,3 მლნ. ადამიანს; 2020 წელს განხორციელდება პენსიების ზრდა და დაინერგება საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც მომავალში ყოველწლიურად უზრუნველყოფს საპენსიო გასაცემლების ზრდას.

იოლად შესამჩნევია მცდელობა, „დააბალანსოს“ ბიზნესის, მათ შორის მსხვილი ბიზნესის ინტერესი მოსახლეობის „სოციალური ტვირთის“ შემსუბუქებასთან

იმავდროულად, პროგრამაში აღნიშნულია, რომ გაგრძელდება მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა; ახალი ბაზრების მოძიების მიზნით, განხორციელდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არეალის შემდგომი გაფართოება (ისრაელი, ინდოეთი, აშშ, ყურის არაბული ქვეყნები);

სკოლებში უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ინკლუზიური და მულტიკულტურული გარემოს შექმნა; განვითარდება ბულინგისა და ძალადობის პრევენციაზე ორიენტირებული სერვისები და პროგრამები;

განხორციელდება საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია და საბუნებისმეტყველი ლაბორატორიებით უზრუნველყოფა;

სოფლის მცირეკონტინენტიანი და მაღალმთიანი სკოლების ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ეს სკოლები გარდაიქმნება სოფლის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებად, რომლებიც საბავშვო ბაღს, სკოლას, პროფესიულ კოლეჯს, ბიბლიოთეკას, სპორტულ და შემოქმედებით კლუბებს გააერთიანებს;

სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების როლისა და მნიშვნელობის ზრდას, მათ შორის დისტანციური სწავლების კომპონენტის გაძლიერებას;

სახელმწიფო მხარს დაუჭერს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში;

2019-20 წლებში დევნილთა ბინებით უზრუნველყოფისთვის დაიხარჯება 200 მლნ. ლარზე მეტი.

თუ ყურადღებით დავაკვირდებით, თითქმის ყველა დებულებას სწორედ „წინასაარჩევნო“ დატვირთვა აქვს და გულისხმობს სამი კომპონენტის „შენივთებას“:

1) საარჩევნოდ ხელსაყრელი PR; 2) მსხვილი, საშუალო და წვრილი ბიზნესის დაიმედება და 3) პირდაპირი „ინვესტიცია“ მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად, გაჭირვებულ და ამის გამო ყველაზე „ელექტორალურად აქტიურ“ ფენაში.

რამდენად შეძლებს ოპოზიციის მძვინვარე პროტესტის „აკომპანემენტით“ დანიშნული პრემიერი ამ პროგრამის შესრულებას 2020 წლის შემოდგომამდე, არა დარჩენილი 1 წლის, არამედ სულ რამდენიმე თვის განმავლობაში გახდება ნათელი, რადგან აქართველოში არჩევნებს უშუალოდ არჩევნების დღეს არ იგებენ ან არ აგებენ: საკითხი ბევრად ადრე წყდება.

მაგალითად, ის რომ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“ 2003 წლის 2 ნოემბრის არჩვენებს წააგებდა, უკვე 2003 წლის გაზაფხულზე იყო ანთელი; და ის, რომ მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ წააგებდა 2012 წლის არჩევნებს, ცხადი გახდა იმავე წლის ზაფხულის დასაწყისშივე.

 

დათო გამცემლიძე - ჟურნალისტი, ისტორიკოსი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი