სტატიები
brusselsmorning: მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი საერთო და გამაერთიანებელი მიზანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
124 08 ოქტომბერი 2020, 17:54
„სამხრეთ კავკასია ისტორიულად და კულტურულად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი რეგიონია, რომელიც კვლავ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. ამჯერად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი ბრძოლა გაჩაღდა მთიანი ყარაბახის სადავო რეგიონთან დაკავშირებით. ამ ახალი ცხელი ფაზის მასშტაბი ნიშანდობლივია: სხვადასხვა სცენარის თანახმად, დიდია დაღუპულთა რაოდენობა და მატერიალური ზიანის ოდენობა. 1990-იანი წლებიდან ამხელა მასშტაბი არ ჰქონია ბრძოლას და მას ბოლოც არ უჩანს.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობის თანამედროვე სტრუქტურა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარდა და უბრალო ორმხრივი ურთიერთობიდან უფრო რთულ, მრავალშრიან სისტემაში გადაიზარდა. ამ მრავალფეროვნებაში ბევრი მკვლევარი და პოლიტიკოსი ხედავს გარკვეულ ისტორიულ პარალელს და პოსტ-პანდემიური საერთაშორისო წესრიგის ახალ კონტურებს.

„გაყინული კონფლიქტების“ დაძრა

მიგვაჩნია, რომ კავკასიური გამოცანა უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხს იძლევა. მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებშია საქართველოს ტერიტორიაზე ე. წ. „გაყინული კონფლიქტები“, მთიანი ყარაბახის კონფლიქტი, სამხრეთ კავკასიის ძალაუფლების მოდელის გადაწყობის შესახებ მეზობლების დაპირისპირება და მასში ინტერესების სწორი გადანაწილება. ამ ისედაც რთულ რეგიონალურ წესრიგს ისიც ამძიმებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარება მხარეებს თანაბრად არ აინტერესებთ. ინტერესი არც საკმარისია და არც ადეკვატურად გამოხატული, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - სრულიად გამქრალია. ბრძოლის ეს უახლესი ეპიზოდი უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და მაჩვენებლებიც იზრდება.

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ზოგიერთი ლიდერი აკეთებდა განცხადებას ცეცხლის შეწყვეტის საჭიროების შესახებ და მხარეებს მედიაციას სთავაზობდა. ფორმალურად რუსეთის ფედერაციამაც შესთავაზა მოდავე ქვეყნებს შუამავლობა. ამ ფონზე სავსებით ბუნებრივი იყო და არის, რომ მეზობელი ქვეყანა - საქართველო - აცხადებს მზაობას მშვიდობიანი პროცესის ხელშეწყობისა და თბილისში ორივე მხარის მონაწილეობით დიალოგის მასპინძლობაზე. დამთხვევა არ არის ის ფაქტი, რომ შეთავაზების გაკეთებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თბილისს ისტორიულად კარგი ურთიერთობები ჰქონდა როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან და რომ საქართველოს ყველა მოქალაქე - ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად - მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნისა და მთელი რეგიონის განვითარებაში.
საქართველოს შეთავაზებაში მთავრობის მეთაურს არც საერთო რეგიონალური სურათი გამორჩენია, რადგან მან რეგიონის უსაფრთხოებაში საერთაშორისო აქტორების როლზე ისაუბრა და მათ კონკრეტულად მოუწოდა „ყველა შესაძლებლობა იქნეს გამოყენებული ესკალაციის დასასრულებლად და დიალოგის გასაახლებლად“. ამგვარ ფორმულირებაში უპირობოდ არის ხაზგასმული ის ფაქტი, რომ თბილისის ან ნებისმიერი სხვა დედაქალაქის მიერ გაწეული ძალისხმევა უნდა ითვალისწინებდეს არსებული რეგიონალური ინტერესების მახასიათებლებს, თუ სასურველი მიზნის მიღწევა გვსურს.

მიგვაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიაში წესრიგისა და სტაბილურობის მნიშვნელობა თავად რეგიონის მასშტაბებს სცდება: კავკასიის მრავალფეროვნება ნამდვილად სისტემის შემქმნელად გვევლინება ევრაზიული უსაფრთხოების დიდ სურათში.

რთული საბჭოთა მემკვიდრეობა

საბჭოთა კავშირის დაშლამ რთული მემკვიდრეობა დაუტოვა რეგიონის სამ ქვეყანას, რაც სრულად კვლავ არ არის დაძლეული. სახელმწიფო დაწესებულებები კვლავ დამკვიდრების პროცესში არიან, თუმცა მათი არასაკმარისი სიმყარე სხვადასხვა პოლიტიკურ სისტემას კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის და კავკასიას გლობალური ინტერესების რუკაზე ახვედრებს, ხოლო ძლიერი რეგიონალური აქტორების გააქტიურებამ სტაბილურობისა და მშვიდობის ამოცანა კიდევ უფრო რთული და ინტენსიური გახადა. გარკვეული გადაუწყვეტელობაც დაემატა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არსებულ საკითხებს, განსაკუთრებით და კონკრეტულად პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან მიმართებით. ამჟამად თანამედროვე წყაროებში ასეთ ქვეყნებს „ბუფერულ სახელმწიფოებად“ „არავის სამფლობელოდ“ ან სხვა ამორფულ ფრაზებად მოიხსენიებენ.

რეგიონალური თემები უდავოდ საინტერესო მასალაა კვლევებისთვის, თუმცა ამჯერად ადამიანთა სიცოცხლე ეწირება გარკვეულ პოლიტიკურ ქმედებებს, ხოლო რეგიონალური მშვიდობა გადანახულია სამომავლოდ. ასევე უნდა ითქვას, რომ საერთო რეგიონალური მექანიზმების გარდა მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული პასუხები ინახოს ე. წ. „ეთნიკური კონფლიქტების“ საკითხთან მიმართებით. დამთხვევას არ წარმოადგენს, რომ ისინი „ეგრეთ წოდებულად“ მოვიხსენიეთ, რადგან რეგიონის მახასიათებლები და მიმდინარე პროცესში ჩართული ქვეყნების ინტერესები უპირობოდ მიუთითებს, რომ ეს კონფლიქტები მნიშვნელოვანი გეო-პოლიტიკური კონფლიქტების ყველა ნიშანს ატარებს და არ წარმოადგენს უბრალოდ „ეთნიკურს“. ამდენად, მათი დაყვანა „ეთნიკურ“ კატეგორიამდე ამ კონფლიქტების შესახებ ცოდნის არქონის ბრალია ან მათი არსის დაკნინებაა განზრახული. ასე მაგალითად, ე. წ. „ქართულ-აფხაზური“ და „ქართულ-ოსური“ კონფლიქტების საწყისი მომდინარეობს საქართველოს საგარეო და გეო-პოლიტიკურ არჩევანზე დესტრუქციული რეაგირებიდან.

სამხრეთ კავკასიაზე მორგებული მიდგომა

სამწუხაროდ, ამჟამად ეთნო-გეო-პოლიტიკური კონფლიქტების გადაჭრის მზა რეცეპტი არ არსებობს. გარემოებებიც გაუარესებულია იმ ფაქტით, რომ გლობალურ წესრიგში ცივი ომის შემდგომი ბევრი სტანდარტი მოძველდა და ჯერ არ მომხდარა მათი ჩანაცვლება ახალი და უფრო ეფექტური სისტემებით. კონფლიქტური სიტუაციების რეგულირების მცდელობებიც გართულებულია იმ ფაქტით, რომ ყველა რეგიონი გამოირჩევა თავისი საკუთარი ეთნო-ფსიქოლოგიური წარმომავლობით, ისტორიული და კულტურული ხელწერით. სამხრეთ კავკასია ამ ფენომენის ერთერთი საუკეთესო მაგალითია, რომელიც მასზე მორგებულ მიდგომას საჭიროებს. როდესაც სწორ ინდივიდუალურ მიდგომას ვარჩევთ, აუცილებელია, რომ ის მოვარგოთ ყველა ცალკეულ მონაწილეს და უზრუნველვყოთ მათი სწორი კოორდინაცია. სწორედ კოორდინაციას სთავაზობს მხარეებს საქართველო, როდესაც მედიაციის სურვილს გამოთქვამს. ეს მომდინარეობს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და შერიგების სფეროში საქართვლოს ტრადიციული და ისტორიული ხელშეწყობის უნარიდან, ასევე მოვლენების ამჟამინდელი განვითრებით გამოწვეული კონსტრუქციულობიდან და ბარიერების გადალახვის სურვილიდან.

ამასობაში, ომი გრძელდება და ყველა საათს მეტი ამბავი მოაქვს მეტი ადამიანური ტრაგედიის შესახებ. დროა, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიკისროთ რეგიონის შიგნით დავების გადაჭრაზე. ასევე აუცილებელია კავკასიით დაინტერესებულმა მხარეებმა მეტი ძალისხმევა დაუთმონ იმას, რომ რეგიონი ომთან, კონფლიქტთან და არასტაბილურობასთან აღარ ასოცირდებოდეს და ამის ნაცვლად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობამ, ურთიერთგაგებამ და განვითარებამ დაისადგუროს“, - წერია სტატიაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი