სტატიები
კარგავს თუ არა ოპოზიცია უპირატესობას არჩევნების წინ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1348 26 ივლისი 2020, 18:08


ქეთი ხატიაშვილი

ოპოზიცია სრულიად გაკოტრებულია, სახელისუფლებო პარტია - სრულიად მობილიზებული. არჩევნებამდე კი, სულ რაღაც, სამი თვე რჩება. 

„ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ ის იცის, ვინ იქნება მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, არამედ ისიც, ვინ იქნებიან მისი მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისსა თუ რეგიონებში. საარჩევნო სიის პრეზენტაცია სექტემბერშია დაანონსებული. 

ოპოზიცია კი წვეტიანი აზრებისა და ბლაგვი სიტყვების მოფიქრებით ერთობა. ჯერ ვერც ერთობა შექმნეს, ვერც თბილისი გაიყვეს და ვერც იმაზე ჩამოყალიბდნენ, ვინ პრორუსია და ვინ - პროდასავლელი, ვინ პუტინის მონაა და ვინ - ივანიშვილის. ერთმანეთს ისინი ოპოზიციაში პირველობისთვის ებრძვიან, „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლის მიზანი კი მისი დისკრედიტაციაა.

მთელი საარჩევნო კამპანია მხოლოდ აგრესიასა და სიძულვილის ენაზე აქვთ აგებული. მხოლოდ ნეგატიურ განწყობებზე მუშაობენ და ელექტორატს პოზიტიურს არაფერს სთავაზობენ. თუმცა, საქართველოში ხელისუფლებებს მხოლოდ პოზიტიური გზავნილები ცვლიდა. 

ზვიად გამსახურდიას პოზიტიური გზავნილი თავისუფლებისკენ  მიმავალი გზა იყო, ედუარდ შევარდნაძის პოზიტიური გზავნილი - სამოქალაქო ომის დასრულება და უკანონო ბანდფორმირებების აღკვეთა, მიხეილ სააკაშვილის - კორუფციის განადგურება, „ქართული ოცნების“ - ადამიანის უფლებების დაცვა ყველა სფეროში, მათ შორის, შრომითი უფლებების სფეროშიც.

სხვა გზავნილები: გადადექი, მოვდივარ, დაიმალე, ან მოვედი, გაიქეცი, ან შევცვალოთ, თორემ დავიქცევით - ვერტიკალზე სურათს არ ცვლიდა.  

ამის ნათელი მაგალითია სხვადასხვა დროს გია ჭანტურიას, ლევან გაჩეჩილაძის, შალვა ნათელაშვილისა და ახლა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიც.  

მაგალითად, დღემდე ვერ გავიგეთ, რა მოხდება მათი გამარჯვების შემდეგ. მეტიც, ისიც კი არ ვიცით, ვინ „მათზეა“ საუბარი. შალვა ნათელაშვილის შელახული და კომპრომეტირებული ქოლგის ქვეშ გაერთიანება იმთავითვე დიდი შეცდომა და უტოპია იყო. ახლა ისე ჩანს, ვეღარც გაერთიანებაში შედიან და ვეღარც იქიდან გამოდიან. 


ლეიბორისტების ეზოში გაშლილი გაფუჭებული ქოლგის დასაჭერად ერთმანეთს ნამდვილი ტროას ომი გამოუცხადეს. ტროას ცხენად გიორგი ვაშაძე მონათლეს, სასარგებლო იდიოტად - მიხეილ სააკაშვილი, ივანიშვილის ნაყიდ ფიგურად - გიგა ბოკერია. ძირითადად ეს სამი ფიგურა ეცილებოდა ერთმანეთს ოპოზიციის ლიდერობას. 

პოზიციები არავინ დათმო, შანსებს ყველა თავისებურად იქმნიდა. ნაციონალებს თავად სააკაშვილი უბერავდა სულს კიევიდან; „ევროპულ საქართველოს“ მთელი იმედები ამერიკულ ლობზე ჰქონდა აწყობილი; გრიგოლ ვაშაძეს კი, როგორც კულისებში გაუბაზრდა, - ფინანსებზე, რომლის წარმომავლობაც ოპოზიციის ეჭვიანობის საგანი გახდა.  საბოლოო ჯამში, მათ ერთმანეთი ჩაძირეს. ჩაძირობანას თამაშში კი განზე არც მმართველი პარტია დარჩა. 

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ლიდერშიფთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია. ბიძინა ივანიშვილი საარჩევნოდ გიორგი გახარიას, კახა კალაძეს, ირაკლი კობახიძესა და თეა წულუკიანს დაეყრდნობა. სამ ძველ და ერთ ახალ სახეს. 

ოპოზიციას ჰყავს სამი ძველი - მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, გიორგი ვაშაძე - და ერთი ახალი - მამუკა ხაზარაძე - სახე. თუმცა, მათ არა ჰყავთ ისეთივე პოლიტიკური მაგნიტი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია „ქართული ოცნებისთვის“. 


მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური მაგნიტის უნარი დაკარგა. ერთადერთი, რაც შეუძლია, სხვებისთვის ხელის შეშლაა. ამ სხვებში კი ის, პირველ რიგში, სწორედ გიგა ბოკერიას მოიაზრებს, რომელსაც ვერ პატიობს და არც არასოდეს აპატიებს პარტიის გაყოფას. ისევე როგორც არასოდეს აპატიებს თუკი მისი წარმატების შანსები უფრო მეტი იქნება. სააკაშვილის გავლენები ქართულ პოლიტიკაში მოლოდინებზე დგას. შემთხვევითი არ არის, რომ მუდმივად ჰყვებიან მითებს მისი კიევური გავლენების შესახებ. ის საკუთარ თავს უკრაინის მთავარ რეფორმატორს უწოდებს და არც ამ ქვეყნის პრემიერობას გამორიცხავს. ამ უკრაინული მითებით ის ქართულ პოლიტიკაში გავლენებს ინარჩუნებს.

გოგა ბოკერიას საყრდენი ამერიკული ლობია. ქართულ პოლიტიკაში პოპულარობით არ სარგებლობს. ამიტომაც ერთი კარგი მითი მასაც ჰაერივით სჭირდება. მითოლოგიურ პერსონაჟად გადასაქცევად თითქმის ყველაფერი მზად იყო - 8 მარტის შეთანხმების ფორმატს ის ნამდვილ სუპერმენად უნდა ექცია, თუმცა, ეს ისტორია თავისი ფინალით მითის ნაცვლად ზღაპარს დაემსგავსა და ისიც ულეველი ზევსიდან პუშკინის ოქროს თევზის მთავარ პერსონაჟად იქცა -  სურვილებში ვერ მოზომა. მესამე სურვილს, როგორც ჩანს, ოქროს თევზები არა მხოლოდ ზღაპრებში, რეალობაშიც არ ასრულებენ. გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაში კონგრესი პრინციპული იყო, ტერმინი პოლიტპატიმრებიც კი გამოიყენეს. მესამე სურვილზე - ჟორიკა რურუას გათავისუფლება - პროცესი გაჩერდა. რურუა არაერთი შეკვეთილი მკვლელობის qილერად ჯერ კიდევ 90-იანი წლების მედიაში ფიგურირებდა, პატიმრობაში დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ „ევროპული საქართველო“ მის გარეთ გამოშვებას ჯიუტად მოითხოვდა. ახლაც მოითხოვს, ამას უბრალოდ ბოკერიასგან მითიური პერსონაჟს შექმნის ლოგიკა ითხოვს.


ამ მითის თანახმად მხოლოდ ბოკერია უნდა გახდეს იმ ძლევამოსილ ფიგურად, ვისაც ბიძინა ივანიშვილის შეკავება შეუძლია, რურუას პატიმრობა კი ხელისშემშლელი ფაქტორია.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, ის პოლიტიკაში უსახლკარო ბავშვს ჰგავს, რომელსაც სხვის სახლში სურს ჩაწერა, ისინი კი უარს ეუბნებიან. ვინ ისინი? მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ლელო“. ვერც ფულით იყიდა - ეს ბრალდებები მას ოპოზიციამ წაუყენა - და ვერც საკუთარი შარმით. არადა, ამბიციები გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე გავლენები. იუსტიციის სახლმა მას მითოლოგიაში ჩაწერის გარანტიები ვერ შეუქმნა.

მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში ახალი ფიგურაა. მისი გზა პოლიტიკაში რაღაცით ძალიან ჰგავს პაატა ბურჭულაძის გზას, თუმცა, შესაძლოა, დასასრული უფრო ბედნიერი ჰქონდეს და ხაზარაძე პოლიტიკაში გადარჩეს. ჯერჯერობით სწორედ ასე ჩანს.

ოპოზიციას კარგად ესმის, რომ თავად  ვერც პოზიტიურს და ვერც სასარგებლოს ვერაფერს ქმნის. ამიტომაც, მთელი იმედები ოცნების კომპრომეტირებაზე აქვს. 
 
პოზიტიური მესიჯი და ლეგენდარული ფიგურა - აქამდე სწორედ ეს ორი კრიტერიუმი განაპირობებდა გამარჯვებას. მესამე არ გვინახავს. ვნახოთ იგივეს თუ ვერა, ახალს რას შემოგვთავაზებს ოპოიზცია, ჯერჯერობით რასაც ვხედავთ, წაგებაზე გათვლილი თამაშია.   

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი