სტატიები
პოლიტიკოსების მიერ შექმნილი ნეგატიური ფონი და დიდი დეპრესია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1300 24 ივლისი 2020, 18:26


ქეთი ხატიაშვილი

ოჯახიც და ახლობლებიც ამბობენ, რომ თამუნა ბაჩალიაშვილს ძალიან კარგად იცნობდნენ, თუმცა, მშობლების ჩათვლით, არავინ იცოდა, რატომ ტიროდა ზოგჯერ, რატომ იყო უხასიათოდ ხშირად, რატომ დადიოდა ფსიქოლოგთან სისტემატურად, რატომ წამოვიდა სამსახურიდან მოულოდნელად და, საერთოდ, რას საქმიანობდა. 

ოჯახის ადვოკატმა დაფარა ინფორმაცია მანქანაში ნაპოვნი წერილის შესახებ; ოჯახის ნათესავმა მოიტყუა, თითქოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ოჯახს ყინულები მოსთხოვა; მშობლებმა არ თქვეს, რომ 23 წლის გოგოს ფსიქოლოგი ჰყავდა. 

გაუჩინარების შემდეგ ოჯახი კატეგორიულად მოითხოვდა, სამძებრო სამუშაოები თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების გარაჟებში ჩაეტარებინათ. დედის განცხადებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გოგონას მანქანას სწორედ იქ მალავდნენ. სამძებრო ოპერაციებიც ამ მიმართულებით მიმდინარეობდა. 

სახეზე თითქოს თვითმკვლელობის ყველა ნიშანია. გასაგებია, რომ მშობლებს ამის დაჯერება არ უნდათ, მაგრამ უკვე ამაზრზენი ხდება რადიკალების მხრიდან ტრაგიკული  საქმეების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება. 

ჯერ ხორავას ქუჩის ტრაგედიას გამოეკიდნენ, ახლა 23 წლის თამუნა ბაჩალიაშვილის ტრაგედიას ჩაეჭიდნენ. დათუნა სარალიძის მკვლელობამ აჩვენა, რომ, თუ გამოძიება ადეკვატურია და მტკიცებულებებს არ აყალბებს, დაზარალებულს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სურვილი არ უჩნდება. 17 წლის შვილმკვდარი მამის სამოქალაქო პროტესტი სწორედ ამის კლასიკური მაგალითია. 

რა თქმა უნდა, კრიტიკული ჩართულობა აუცილებელია, თუმცა, როცა ინტერესი იცვლება და რადიკალები მსხვერპლისგან უკვე ხელისუფლების ასაფეთქებელი ნაღმის აწყობას იწყებენ, ისინი თავად ხდებიან ტერორისტები, რომლებიც მსხვერპლს შაჰიდის ქამარს უკეთებენ და ყველაფერს განადგურებით ემუქრებიან. 


ისე ჩანს, შაჰიდის ქამარი უკვე მზად არის 23 წლის თამუნა ბაჩალიაშვილის მშობლებისთვისაც. მამას ტყუილი უკვე ათქმევინეს - სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ყინულს გვთხოვსო, სწორედ მან გაახმოვანა. 
  
რა თქმა უნდა, შეკითხვები ყველას გვაქვს, ექსპერტიზის პასუხები ყველას გვაინტერესებს, მაგრამ, როცა ოჯახის ადვოკატი უაპელაციოდ, ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე აცხობს მკვლელობის ვერსიას, რადიკალებთან დაკავშირებული მედია კი ცდილობს, ამ ტრაგედიას შალვა რამიშვილი მიაბას რაღაც მისტიკური და გაუგებარი მინიშნებებით, უკვე გასაგებია, რომ მათ სიმართლის გაგება კი არა, მსხვერპლისთვის შაჰიდის ქამრის გაკეთება აინტერესებთ.  

აქ შალვა რამიშვილი ხომ არ დაგინახავთ? – „მთავარი არხის“ ეს შეკითხვა ბაჩალიაშვილის სამსახურის წინ იმის ნათელი მაგალითია, რამდენად დაინტერესებულია ოპოზიციის ნაწილი ტრაგიკული საქმეების პოლიტიკურ შოუდ გადაქცევით. 

მაინც, რა იყო ამ შეკითხვის არსი? რამიშვილი ბაჩალიაშვილს ისეთ დავალებებს აძლევდა, რომ მას სიცოცხლე გაუჭირდა და თავი მოიკლა? პოლიციამ კი იცოდა, სად იდგა მისი მანქანა და შეგნებულად არაფერი თქვა? 

მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე ამერიკულ ჟურნალისტიკას შავი კატის სინდრომი შეეყარა. ერთმა ჟურნალისტმა აღწერა, როგორ იძირებოდა გემი და როგორი იყო ამ გემზე შავი კატის რეაქციები. გამოცემას ამ პასაჟმა დიდი პოპულარობა მოუტანა. მეორედ, როცა გემი იძირებოდა, ყველამ დაწერა შავ კატაზე, თუმცა ის გემბანზე საერთოდ არ იყო... 

როგორც ჩანს, ეს სინდრომი ახლა ჩვენს მედიას შეეყარა, ოღონდ პოლიტიკური პროპაგანდის ელფერით. შავი კატის პოვნა ზოგს რეიტინგისთვის სურს და ზოგს - პოლიტიკური შურისძიებისთვის.

ყველა საქმეში, რომლებისგანაც რადიკალები შაჰიდის ქამრების აწყობას ცდილობდნენ, შავი კატა ფიგურირებდა. გიორგი მამალაძის საქმეში ბიძინა ივანიშვილი იყო, გიორგი შაქარაშვილის საქმეში - ბერა, თამუნა ბაჩალიაშვილის საქმეში კი - შალვა რამიშვილი. 

ნუ ვიჩქარებთ, არჩევნები წინ არის და კიდევ ბევრ შავ კატას იპოვიან იქ, სადაც მათ არცკი გაუვლიათ, შაჰიდის ქამრებითაც ირბენენ და პოლიტიკურ მასკარადებსაც მოაწყობენ. 

როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის საარჩევნო რინგის დანაღმვა გამოსავალი არ არის, საჭიროა ვინმე, ვინც „ქართულ ოცნებას“ ამ ნაღმზე ფეხს დაადგმევინებს. სარალიძის საქმემ აჩვენა, რომ ხელისუფლებას შეუძლია, მიიღოს ადეკვატური და რადიკალური ზომები, გენპროკურორის ან პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის ჩათვლით. 

შალვა რამიშვილს ბაჩალიაშვილის ტრაგიკულ ისტორიაში, ალბათ, ბულგაკოვის ზეთის როლი უნდა ეთამაშა, ანუშკის რომ უკვე დაექცევა. ვერ მიიღეს რამიშვილისგან ზეთი.

უზეთოდ კი პოლიტიკურ ბერმუდის სამკუთხედში გაიჭედნენ.  

პირდაპირ ვიტყვი, ტრაგიკული შემთხვევები, ემიგრაციაში წასვლის სურვილი და მასობრივი დეპრესია, რომელიც ახლა ელექტორატშია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური კლასის ბრალია. სიძულვილის ენა, მუდმივი აგრესია, ბულინგი და რადიკალიზმი ყველას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, მომავლის იმედს უკლავს და ინფანტილურად აქცევს. და ეს უკვე მხოლოდ გემოვნების საკითხი აღარ არის. წესების გარეშე ბრძოლას ორივე მხარე მიმართავს - როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია და ეს ხალხის განწყობებზე ნეგატიურად აისახება. 



სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი