მიმდინარეობს საიტის ტესტირება დარჩი სახლში დარჩი სახლში დარჩი სახლში დარჩი სახლში მიმდინარეობს საიტის ტესტირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
881 03 სექტემბერი 2019, 13:39

ახალი კაბინეტი, კონსტიტუციის ახალი რედაქცია და განახლებული საარჩევნო კოდექსი. თამაშის ახალი წესები ოპოზიციას აღიზიანებს, საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. მმართველი პარტია ცვლილებებს ჯერ კონსტიტუციაში შეიტანს - ბარიერი სამი პროცენტიდან ნულამდე დაიწევს (ეს ერთჯერადად); საარჩევნო სისტემა მხოლოდ პროპორციული გახდება - მაჟორიტარები აღარ გვეყოლება.

რა როგორ იცვლება იცვლება და რაზე ვერ შეთანხმდნენ პოლიტიკური პარტიები.


დაფინანსების წესი


როგორ არის: პარტია ან ბლოკი რომელიც არჩევნებში სამ პროცენტიან ბარიერს გადალახავდა მიიღებდა საბაზისო დაფინანსებას 300 ათასი ლარის სახით.

როგორ იქნება: პარტია (ბლოკები აიკრძალა), რომელიც არჩევნებში 0,68 პროცენტიან ბარიერს გადალახავს მიიღებს საბაზისო დაფინანსებას.

როგორ არის: სამ პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, პარტიები ან ბლოკები თითო ხმაში 1,5 ლარს იღებდნენ

როგორ იქნება: 15 ათასიდან (სავარაუდოდ სწორედ ამდენი დასჭირდება 0,68 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას, ყველაფერი მაინც დამოკიდებული იქნებ ელექტორატის აქტიურობაზე) 50 თასამდე თითო ხმა ბიუჯეტს 20 ლარი (ასეთია ოპოზიციის მოთხოვნა, მმართველი გუნდი 15 ლარს სთავაზობდა) დაუჯდება.

შესაბამისად, პარტიებს ამ დიაპაზონში შეუძლიათ მიიღონ მინიმუმ 300 ათასი და მაქსიმუმ ერთი მილიონი ყოველ წლიურად.

50 ათასიდან 200 ათასამდე ერთი ხმის ღირებულება გახდება 10 ლარი, 200 ათასის ზევით კი - 5 ლარი.

ასე რომ, დაფინანსების ახალი ფორმულა საკმაოდ მარტივია. ძველი მეთოდი კი - ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა - ბევრისთვის რთული იყო.


გენდერი

პარტიულ სიებში გენდერული ქვოტა დაფინანსებაზე მიაბეს. შემოთავაზებულ ვერსიის თანახმად, ყველა პარტია, ვისაც საარჩევნო სიის ყოველ სამეულში ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი ეყოლება, დამატებით 30 პროცენტიან დაფინანსებას მიიღებს.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) თავმჯდომარე სულხან სალაძე:

„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს შემოთავაზებულ ვერსიას, რომელიც განსხვავებული სქესის ადამიანების სიაში შეყვანის შემთხვევაში 30% -იან დაფინანსებაზეა მიბმული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არანაირი დაფინანსება არ უნდა იყოს ამაზე მიბმული.”

სავალდებულო გენდერული ქვოტების შემოღებას პარლამენტმა ერთხელ კენჭი უკვე უყარა. პროექტის დაკანონებას მაშინ სულ 10 ხმა დააკლდა. ინიციატივა „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფს“ ეკუთვნოდა და მას ხელს 37 ათასი ამომრჩეველი აწერდა.

2017 წელს, როცა აღნიშნული კანონპროექტი ჩავარდა, პარლამენტში (150 დეპუტატიდან) მხოლოდ 24 ქალი დეპუტატი იყო. ინიციატივის გაზიარების შემთვევაში ქალების რიცხვი პარლამენტში 40-მდე გაიზრდება.

პირველად გენდერული თანასწორობის მოთხოვნით პარლამენტს არასამთავრობოებმა 2008 წელს მიმართეს. 30 ათასზე მეტი ხელმოწერის მიუხედავად პარლამენტმა ეს ინიციატივა მაშინ საერთოდ არ განიხილა. მარცხით დასრულდა ქალთა ორგანიზაციების მეორე მცდელობაც - 2015 წელს საკითხი საკომიტეტო მოსმენაზე გავიდა, თუმცა, პლენარულ სხდომამდე ვერ მიაღწია.

პოლიტიკური პარტიების უმეტესობას ქვოტების ინიცირებული წესი არ მოსწონს. დაფინანსების მიუხედავად, ისინი ხელოვნურ ქვოტირებას ეწინააღმდეგებიან.


პოზიტივი ცენზურაა?


წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებული სარეკლამო რგოლის 25 პროცენტი შეიძლება, კრიტიკას ეხებოდეს, მაგრამ 75 პროცენტი ქვეყნის მომავალ განვითარებაზე პარტიის ხედვის წარმოჩენას უნდა დაეთმოს.

მმართველ გუნდს ახალი რეგულაციები შემოაქვს როგორც უფასო, ასევე ფასიან რეკლამასთან დაკავშირებით.

გახსოვთ, რომ საარჩევნო კლიპების 2/3-ზე მეტი დათმობილი იყო ნეგატივსა და შეურაცხყოფაზე

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ახალი რეგულაცია არსებულ მავნე წესს შეცვლის. „ქართული ოცნების“ მოლოდინები პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გააჟღერა.

ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე:

„ოდირი“ გვირჩევს, რომ შესაბამისი რეგულაციები შევქმნათ იმისათვის, რომ სააგიტაციო მასალაში სიძულვილის ენა არ მოხდეს. მეორე რეგულაცია იმას ემსახურება, რომ არ განმეორდეს ის, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცუდად გვახსოვს. გახსოვთ, რომ საარჩევნო კლიპების 2/3-ზე მეტი დათმობილი იყო ნეგატივსა და შეურაცხყოფაზე. გვინდა, რომ საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყოს ხედვაზე, პროგრამასა და იმ დაპირებებზე, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს პოლიტიკური პარტიების მიერ. კრიტიკა ვერ შეიზღუდება“.

ოპოზიცია თავის მხრივ ახალ რეგულაციას განიხილავს როგორც აზრის გამოხატვის შეზღუდვას და მის დაკანონებას ეწინააღმდეგება. კიდევ ერთხელ ნახოთ როგორი იყო მათი რეაქციები:

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის თინა ბოკუჩავას განმარტებით:

„[მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ცვლილებების მიზანია] შეიზღუდოს ოპოზიციური პარტიების უფლება, რომ საკუთარი რეკლამების გამოყენებით ხელისუფლება გააკრიტიკონ. ეს არის ცენზურა, რაც ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის დააწესოს, რადგან მან იცის, მისი გუნდისთვის საპარლამენტო არჩევნები ძალიან მძიმე იქნება”

„ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერის ლევან ბეჟაშვილის შეფასებით:

„ანტირეკლამის 25 პროცენტამდე შეზღუდვასა და მაუწყებლობის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაზე არ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, რადგან ეს მნიშვნელოვანი შეზღუდვა იქნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის. ეს საკითხები შეუთანხმებელია”.

ეს მნიშვნელოვანი შეზღუდვა იქნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის

ოპოზიციის კრიტიკას მმართველი გუნდიდან ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოპონენტებს ევროპულ კონვენციაში ჩახედვა ურჩია:

„ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დავიცვათ, ასევე უზრუნველვყოთ საზოგადოების ინტერესების გატარება, რომ წინასაარჩევნო კამპანია დავცალოთ პოლარიზებული გარემოსგან, სადაც არა ხედვა და იდეოლოგია, არამედ სიძულვილის, ქსენოფობიური ენითა და ღირსების შემლახველი სიტყვებით საუბარი ჭარბობს... ოპოზიციას ვურჩევ, გაეცნონ ევროპული კონვენციის მიდგომას სიძულვილის ენაზე. ევროკონვენცია არ ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს სიძულვილის ენით საუბარს. გამოხატვის თავისუფლება საშუალებას იძლევა, შეიზღუდოს, სიძულვილისა და ქსენოფობიური ენით საუბარი.“

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სასაცილო პოლიტიკური პარტიები
პოლიტიკაბიზნესისამართალისპორტირეგიონებიმოგზაურობა
გართობასაზოგადოებათბილისიოკუპაციის ხაზიუფლება და რეალობა
არჩევნებისტატიებიგალერეა
ONGO.ge Copyright © 2019, ONGO.ge.   |   ელ-ფოსტა: dna.saagento@gmail.com   |   ტელ: (+995 32) 23 98 123