დღეები დღიურებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1280 30 აგვისტო 2019, 20:55

მამიდამ აიჩემა 25 აგვისტომდე უნდა მოვასწრო გადასვლა და გადმოსვლა, თორემ 25 -ში შესაძლია საზღვარი ორმხრივად  ჩაიკეტოსო.

25 აგვისტოს აფხაზეთში ახალ პრეზიდენტს ვირჩევთ. როგორც სანდუ ამბობს, ხალხი  რაულ ხაჯიმბას  მოუსავლეთში გაუშვებს.

40 გრადუს  სიცხეში  ვდგავართ მე და დედაჩემი ფსოუს საზღვარზე და მამიდას ველოდებით, რომელიც ადლერიდან ბრუნდება.

საზღვარზე იმდენი  ხალხია, მანქანები  და რიგები, რომ მამიდას მოლოდინში  ადამიანების დათვალიერებით  გართობა და დროის გაყვანა გადავწყვიტე.

რუსი  მესაზღვრეები  უფრო მკაცრად იქცევიან ვიდრე  აფხაზები.  ხალხს ეუხეშებიან, თითქოს წესრიგს ამყარებენ საზღვარზე, რომ ვინმემ რიგი არ დაარღვიოს. ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით საგამშვებო პუნქტები თითქოს გაზარდეს, მაგრამ ხალხის ნაკადი მაინც დიდია.

ზოგი დასასვენებლად ჩამოდის, ზოგი ვაჭრობს და პროდუქტი ან სხვა გასაყიდი  საქონელი რუსეთიდან შემოაქვს, ზოგიც სახლში ბრუნდება. უმეტესობა  რუსი ტურისტები არიან და მათ  გამშვებ პუნქტთან დიდხანს არ აყოვნებენ.

მაგრამ ქართველები, რომლებიც საზღვარზე დგანან, ლამის ლუპით უმოწმებენ როგორც საბუთებს ასევე ჩანთებს.
 ვინ არიან, რამდენი ხანი რჩებიან, ვისთან მიდიან და  კითხვები, რომელსაც ქართველები  წყობილებიდან გამოჰყავს,  მაგრამ  თუნდაც ცოტა ხნით საკუთარ სახლში დაბრუნების სურვილი იმდენად დიდია, რომ  რუს მესაზღვრეებს მორჩილად პასუხობენ.

რიგში ვხედავ ცოცხებს, დაახლოებით 100 ან მეტიც, ცოცხების უდიდეს შეკვრას და მის უკან არც ქალი ჩანს და არც კაცი. ლამისაა დავიჯერო რომ ცოცხი თავისით გადის საზღვარზე, რომ რიგში ჩოჩქოლი ატყდა.

- женшина эти веники с россии ташишь, здесь не продоятся?

- какое твоё дела, хочу веники буду тошить, хочу как ты в кармани руки положу и так перейду, какое твоё дела, себе посмотри.

- в этом в тюрьме твой веники то голову попадает то в спину.

ნეტა მამიდა აზმათი ისე გადმოვიდიდეს მშვიდობიანად, რომ თავის ფარდები არ დაახიონ თავზე.

მამიდას  ფარდების  პატარა მაღაზია აქვს სოხუმში და 3 თვეში ერთხელ ადლერში გადადის. როგორც თვითონ ამბობს, საუკეთესო  ფარდებს იღებს კარგ ფასად  და თავის მაღაზიაში  ყიდის. მამიდას დიდი შემოსავალი არავის უნახავს სახლში, არადა  თავმომწონედ გვიცხადებს ამ ფარდებით მიდგას სულიო. ამაზე მამაჩემი ხარხარს იწყებს, დასცინის,  სულ შენი ფარდებით ავყვავდითო. ხოდა ამ ,,აყვავებულ" ბიზნესს ვეწირებით დღეს მე და დედა ფსოუს საზღვარზე. რომ არ დავხდეთ, ეწყინება გადმოტანაში როგორ არ დამეხმარეთო.

ფრაზები, რომელიც წარამარა გაისმის საზღვარზე და როგორც ვხდები ადაპტირებულია, რომ  რიგში დიდხანს არ იდგე:

ბავშვით ვარ და გამატარეთ...

დასაფლავებას უნდა მივუსწრო და გამატარეთ...

ავადმყოფი მიმყავს და გამატარეთ...

მხოლოდ ასეთ შემთხვევებში წინ გაგატარებენ, რიგს დაგითმობენ, ჩვენი ხალხი მხოლოდ ასეთ დროს ხდება იძულებული ნაძალადევი თავაზიანობა გამოიჩინოს,  მაგრამ რუს მესაზღვრესთან როდესაც პირისპირ აღმოჩნდები იქ არ ჭრის არც მკვდარი, არც ბავშვი და არც ავადმყოფი.

საზღვარზე ჭრის მხოლოდ მტკიცე საბუთი დამადსტურებელი,  რომ აფხაზეთის მოქალაქე ხარ და თუ ეს მოქალაქეობა არ გაქვს, მაშინ ე.წ. ,,პროპუსკი", სადაც აღნიშნულია რომელ რიცხვში შემოდიხარ აფხაზეთში და რომელ რიცხვში ტოვებ აფხაზეთს.

თუმცა, შესაძლოა საბუთები წესრიგში გქონდეს, აფხაზმა მესაზღვრემ გაგატაროს და რუსების პუნქტზე დიდხანს გაწვალონ.

მათ ცალცალკე აქვთ, ჯერ აფხაზურ პოსტს გადიხარ და მერე რუსების.

თუ რამე ტვირთი მოგაქვს, აუცილებლად გადაგახდევინებენ ფულს. თუ არ გადაიხდი და გაუძალუანდები, რუსი მესაზღვრე უკან დაგაბრუნებს.

გადასახადის რაოდენობა, განისაზღვრება იმით თუ რა მიგაქვს და რამდენი.

მესაზღვრემ თუ გადაწყვიტა რომ შენს ტვირთს დიდი ხეირი მოაქვს, პირდაპურ გეტყვის 10 ათასი რუბლი, შეიძლება მეტიც
. თუ მესაზღვრემ შეგატყო რომ ,,მელკი"  ბიზნესი გაქვს 5 ათას რუბლზეც თანახმა იქნება.

მამიდა აზმათს ეს საკითხი მოგვარებული აქვს, მამა დაეხმარა.  აფხაზური პოსტის სატვირთოს უფროსი ახმედი ლობირებს, როდესაც მამიდას ფარდები მოაქვს ახმედს აფრთხილებს წინასწარ. ახმედი  გადმორეკავს რუსი მესაზღვრეების პოსტზე და  მამიდას მარტივად უშვებენ. მოკლედ ფულს არ ახდევინევენ, თორემ რიგში დგომა მაინც უწევს.

-დღეს საშინელი მესაზღვრეები დგანან, წინა გადმოსვლაზე  კარგი ბიჭები იდგნენ. - ამბობს  ერთი ქალი, რომელმაც საზღვარი უკვე გადმოკვეთა და არავის არაფერი უკითხავს ისე ,,გაგვამხნევა".

- საზიზღრები,  10 კილო შაქარში და რამდენიმე ქილა არაჟანში და  5 კილო შოკოლადში 1000 რუბლი გამომართვეს.  ესეც სავჭროდ ხომ არ მიმქონდა, სახლში მიმაქვს საჭმელად. მაგათ არ ეჭამოთ არაფერი, ეგენი ვერ მოესწრნენ ვერანაირ ,,პრაზნიკს".

- კარგი ქალბატონო, ნუ იწყევლები, უკან არ მიგაბრუნონ. - გააფრთხილა ახალგაზრდა კაცმა.

ხალხს გული უწუხდება, ისე ცხელა ჩრდილს ვერ იპოვი ვერსად. ასეთ მზეში შეიძლება რამდრნიმე საათი იდგე...

 ესეც საზღვარია რა... ხომ შეიძლება უფრო მოწესრიგებული  იყოს გამშვები პუნქტი, რომ არც რიგში მდგომებმა იჩხუბონ ერთმანეთთან და მესაზღვრეც  ხომ ადამიანია. ყოველშემთხვევაში ადამიანის ფორმა აქვს, მაგრამ ცხოველივით კი ღრიალებს:

- отойдите не выдите белую полосу?   не перешагните пока не позаву, а то ни кого не пропустим.

вы что не люди? вообше закроем границу, придётся до вечера ждать.

როგორც იქნა რიგში მამიდაც გამოჩნდა, მინდოდა სურათი გადამეღო, რიგში რომ იდგა, მაგრამ იქვე მდგარმა ფორმიანმა პოლიციელმა  ისეთი შემომიღრინა:

- девушка !!!!   на границе фоткатся нельзя.  что нарушаешь, первый раз на границе.

შეპასუხებას, როგორ გავბედავდი... ტელეფონი მორჩილად  ჩავდე ჩანთაში და იმ ქალის სიტყვები გულში გავიმეორე:

 ,,თქვენ არ მოესწარით ვერცერთ პრაზნიკს" . 

ამ სიტყვებზე ფორმიანი პოლიციელის თვალწინ რომ არ გამცინებოდა, ,,ავათხარას"  ბოთლი მოვიყუდე. მამიდამაც როგორც იქნა გამოაღწია, ისეთი გახარებული იყო, არც დაღლა ეტყობოდა და არც  რიგში დგომით შეწუხება.

-სამირა, იცი რა მაგარი კაბა გიყიდე, შენ რომ  მოგწონს ისეთი. დავინახე და გვერდი ვერ ავუარე.

მამიდა ჩემი კაბიდან ფარდებზე გადავიდა. რა ენერგია აქვს, არასიდეს არაფერი ღლის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების აღიარების შეთანხმება უახლოეს მომავალში გაფორმდება
მოსამართლე გიორგი ებანოიძე: არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ვეტინგის მომხრე ვარ, პირიქით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, მიუღებელია
პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ბაკურიანში მთის ფერდობიდან ჩამოსულ თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი პოსტს ძვირადღირებულ ავიაფრენებთან დაკავშირებული სკანდალის გამო ტოვებს
არქივი