მოსკოვის გამზირზე მულტიფუნქციური სკვერი გაიხსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
769 25 ოქტომბერი 2019, 22:49
მოსკოვის გამზირზე, მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო. სკვერის  გახსნას დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო.

კახა კალაძის თქმით, სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციას ყველა რაიონში სათანადო ყურადღება მიექცევა. მან პროექტის განხორციელებისთვის სამგორის გამგეობას მადლობა გადაუხადა.

"ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს აქ და მიხარია, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა, ნორმალური პირობები ჰქონდეთ, გამოვიდნენ და დაისვენონ. ბავშვებისთვის ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანიც გაკეთდა. ყველანაირი სივრცე მოეწყო, რაც ამ პატარა ტერიტორიაზე იყო შესაძლებელი.

ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. მთავარი ამოცანაა, ყველა რაიონში და ყველა უბანში შევიდეთ. ყველგან გვაქვს მიდგომა, რომ ასეთი სკვერები გავამწვანოთ და მოვაწესრიგოთ", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ახლადგახსნილ სკვერში თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა. საკონცერტო რეპერტუარი სოლო შემსრულებლებმა წარმოადგინეს. ასევე, ჩატარდა სხვადასხვა სპორტული აქტივობა.

სკვერისთვის კეთილმოეწყო 2 300 კვ.მ ფართობის ტერიტორია და განთავსდა როგორც დასასვენებელი, ისე სპორტული ინფრასტრუქტურა. მათ შორის, საბავშვო გასართობი მოედანი და კომბინირებული სპორტული მოედანი. გარდა ამისა, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ტერიტორიაზე მოეწყო ორი დასასვენებელი პავილიონი. ასევე, ფიტნეს ზონა, რომელიც ათ ტრენაჟორს მოიცავს.

რეკრეაციული სივრცე შემოიფარგლა დამცავი ღობით, დაიდგა ჩოგბურთის მაგიდები, სასმელი წყლის შადრევნები, საბაღე სკამები და ურნები. დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.

სკვერის მოწყობამდე, აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და სრულად შეიცვალა წყალარინების სისტემა, ასევე, 3 200 კვ.მ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი.

მულტიფუნქციური სივრცის მოწყობის სამუშაოები სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ალგე ჯგუფმა“ განახორციელა. პროექტის შესრულებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 254 500 ლარი გამოიყო.

 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი